ნუცა ქავთარაძესა და აჩიკო სოლოღაშვილს პირველი შვილი რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2021 წლის პირველ მარტს შეეძინათ. სანის დაბადება ოჯახისთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. სანიმ მათი ცხოვრება ამოატრიალა. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აჩიკო ამბობდა, რომ მეუღლეს შვილის გაზრდაში ძალიან ეხმარებოდა.
აჩიკო:
- თავიდან არ გვინდოდა [შვილი] ბევრი წელი. ძალიან დატვირთულები ვიყავით მეც, ნუცაც... როცა ერთმანეთს ვხედავდით, ისე იყო, რომ მოდი რა გვეჩქარება ერთმანეთით დავტკბეთ. ახლა მებანალურება ყველა სიტყვა, მაგრამ ასე იყო. შემდეგ, როცა მივხვდით, რომ შემდეგი ეტაპის ჯერი მოვიდა ცხოვრებაში, თუმცა იყო პატარა პრობლემები, რომელსაც დასჭირდა გარკვეული დრო და შემდეგ ამ ბიჭმა გამოანათა ჩვენს ცხოვრებაში.
ნუცა ქავთარაძე ეკრანს შვილის დაბადებიდან მალე დაუბრუნდა. ახლა "იმედის დილაში" საკუთარი რუბრიკა აქვს „მე დედა“, სადაც ახალბედა დედებს ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეებს აწვდის. მისი სტუმარი ამჯერად თემურ მიქელაძე გახლდათ, რომელთანაც ერთადაც პილოროსტენოზზე ისაუბრა, დაავადება ჩვილ ასაკში იჩენს თავს და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
ნუცა ქავთარაძემ დედებს საკუთარი გამოცდილების შესახებ მოუყვა. აღმოჩნდა, სანის შემთხვევაში სრულიად შემთხვევით მიაგნეს პრობლემას და ისიც მხოლოდ ნუცას დამსახურებით, რომელიც გამუდმებით იმეორებდა, რომ პატარას რაღაც პრობლემა ჰქონდა.
ნუცა:
- პოსტსამშობიარო სტრესსა და ზოგადად, ახალბედა დედის შფოთვებზე არაერთხელ მისაუბრია თქვენთან, თუმცა რაზეც ახლა მინდა, გიამბოთ, ეს არ არის მხოლოდ შფოთვა, ნერვიულობა და იმის შეგრძნება, რომ გამოუცდელი ვარ და რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებ. როდესაც სანი დაიბადა, ხშირად თქვენთვის გული გადამიშლია, ძალიან ვღელავდი და სულ მეგონა, რომ რაღაც სჭირდა.
ალბათ, ეს ყველა ახალბედა დედის დარდია. ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ თანამოაზრეები არ მყავდა. როგორც წესი, დედაჩემი, ჩემი მეუღლე და გარშემო მყოფები მეუბნებოდნენ, რომ გაგივლის და ეს უბრალოდ შფოთვააო. თუმცა, მე ვატყობდი, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა. არაერთი ექიმი მოვიარე და ყველა მათგანი მეუბნებოდა, რომ ეს უბრალოდ ჩემი განცდებია. ვიდრე არ მივაგენი ერთ ექიმს, რომელმაც დამიჯერა და მომისმინა.
ვსაუბრობ დაავადებაზე, რომელსაც პილოროსტენოზი ჰქვია, რომელიც, როგორც გავარკვიე, საკმაოდ გავრცელებული და ხშირი დაავადებაა ჩვილებში და ის, როგორც წესი, თავს თვე-ნახევრის შემდეგ იჩენს ხოლმე, დაახლოებით 3-4 თვემდე. სანის დაბადებიდან ძალიან მალე, 2 კვირაში მწვავე რეფლექსი დაუდგინდა, რაც ჩვილებში გავრცელებული პრობლემაა და ალბათ, გამოცდილმა მშობლებმა იციან,
რომ ეს არ არის სანერვიულო, მკურნალობაც კი არ სჭირდება. ეს არის შედარებით ხშირი ამოქაფება ჩვილებში, საკვების მიღების შემდეგ და თავისით გაივლის, 3-6 თვეზე ან მაქსიმუმ, 1 წლის ასაკში. მეც 3 თვის მოლოდინში ვიყავი, რადგანაც სანის დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომი არ ჰქონდა. უბრალოდ, მქონდა შფოთვა, რომ ბავშვს რაღაც სჭირს.
ყველაფერი კი იმით გაგრძელდა, რომ როდესაც სანი თვისა და 15 დღის იყო, სპაზმი დაემართა. მივხვდი, რომ ჩემს შვილს, რომელიც ჯერ ძალიან პატარა იყო და 5 კილოსაც არ იწონიდა, უბრალოდ ამოსუნთქვა არ შეეძლო. არანაირი ამონაღები მასა არ ყოფილა, უბრალოდ ვეღარ სუნთქავდა. რა თქმა უნდა, ეს შოკისმომგვრელი იყო და ახლაც მიჭირს ამაზე გულგრილად საუბარი იმისთვის, რომ გადმოგცეთ ყველა ის ემოცია, რაც გამოვიარე. ძალიან რთული იყო, მაგრამ ესეც გარკვეულწილად დაბრალდა იმას, რომ მას მწვავე რეფლექსი ჰქონდა. ეს სპაზმი ერთი კვირის განმავლობაში ზუსტად 8-ჯერ განმეორდა. ზოგჯერ უფრო მსუბუქი, ზოგჯერ კი უფრო ძლიერი ფორმით. არ ვიცოდი, რა მექნა.
თუმცა, ამ დროს აღმოვაჩინე პედიატრი, რომელმაც მომისმინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ახალბედა დედებს ვუთხრა, რომ როდესაც გაქვთ შეგრძნება, რომ თქვენს შვილს რაღაც აწუხებს, აუცილებლად ენდეთ საკუთარ თავს და ნახეთ ადამიანი, რომელიც მოგისმენთ და სწორ დიაგნოზამდე მიხვალთ. საბოლოო ჯამში, აღმოვაჩინეთ, რომ ჩემს შვილს, სანის, რომელიც თვისა და 20 დღის იყო, პილოროსტენოზი ჰქონდა. ეს არის დაავადება, რომელსაც ძალიან მკაფიო სიმპტომები ახასიათებს, თუმცა, სანის მსგავსი არაფერი ჰქონია და ასე ჩუმად ეს დაავადება ძალიან იშვიათად მიდის ხოლმე. თვის და 21 დღის ასაკში ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სხვანაირად დაავადება არ იკურნება. რა ახასიათებს მას, ამ ყველაფერზე პედიატრ, თემურ მიქელაძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, არის ადამიანი, რომელთან ერთადაც შევძელით და აღმოვაჩინეთ დაავადება.