დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ ახალი წელი ახალი პროექტით დაიწყო - როგორც ცნობილი გახდა, ციკოლია სუნამოს წარმოებას იწყებს. ამის შესახებ დიზაინერმა "ფეისბუქგვერდზე" დაწერა.
"ახალი წელი ახალი პროექტით... რადგან უკვე პროცესშია, შემიძლია გაგიზიაროთ", - დაწერა დიზაინერმა.
სუნამოს, ისევე როგორც ციკოლიას სამკაულების ხაზს, ქვევრის ფორმა ექნება.
"რადგან საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა, აქვე დავამატებ ინფორმაციას. თავიდან იქნება 3 განსხვავებული არომატი 3 განსხვავებულ ფლაკონში. არომატები იქმნება სპეციალურად ციკოლიასთვის და არ გაიმეორებს რომელიმე ბრენდის სუნს", - ამცნო საზოგადოებას ზვიად ციკოლიამ სოციალურ ქსელის მეშვეობით.
რადგან პროცესი მიმდინარეა, ფასი და დამატებითი დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.
როგორც ირკვევა, საქსპატენტმა სუნამოს ფლაკონები უკვე დაარეგისტრირა. სპილენძისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, გამჭვირვალე სუნამოს ბოთლების ფოტოები საქპატენტის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა.
"საქპატენტში რეგისტრირებულ დიზაინებს ახალი, ორიგინალური ფორმის პროდუქტი შეემატება. სპილენძისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და გამჭვირვალე სუნამოს ბოთლები სადგამებით, ის დიზაინებია, რომელთა რეგისტრაციის თაობაზე საქპატენტის ექპერტიზამ დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა. აღსანიშნავია, რომ დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და არის ინდივიდუალური,"- ნათქვამია საქსპატენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.