ავტორი:

საერთაშორისო უნივერსიტეტი და ამერიკული დიპლომი საქართველოში - რას სთავაზობს ვებსტერის ქართული ფილიალი სტუდენტებს?

საერთაშორისო უნივერსიტეტი და ამერიკული დიპლომი საქართველოში - რას სთავაზობს ვებსტერის ქართული ფილიალი სტუდენტებს?

ამერიკული განათლებისა და ამერიკული დიპლომის მიღება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა და 2022 სასწავლო წლიდან პირველ სტუდენტებს მიიღებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის, რომ უმაღლესი დონის ამერიკული განათლება საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ. ქართულ-ამერიკული მხარის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, სწავლის ღირებულება ამერიკულ და ევროპულ ფილიალებთან შედარებით მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი იქნება, რაც ქვეყანაში ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობას კიდევ უფრო ზრდის. ფილიალი ღია იქნება უცხოელი სტუდენტებისთვისაც, რაც ქვეყანას განათლების რეგიონულ ჰაბად აქცევს.

ვებსტერი ერთსაუკუნოვანი უნივერსიტეტია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებულია. ის ფუნქციონირებს როგორც ამერიკაში, ისე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ფილიალები არსებობს ჰოლნდიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, საბერძნეთსა და სხვა 50-მდე ქვეყანაში.

ვებსტერის უნივერსიტეტის პარტნიორის მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, 2 წლის განმავლობაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ამერიკულ მხარესთან ერთად და შედეგად დღეს ვებსტერის ქართული ფილიალი უკვე ოფიციალურად ავტორიზებულია და სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზადაა. სიახლის შესახებ უფრო დეტალურად თავად მიხეილ ბატიაშვილი გვესაუბრება.

ვებსტერის ფილიალი ოფიციალურად გახსნილია და პირველ სტუდენტებს ელოდება. როგორი იყო ამ ყველაფრის მოსამზადებელი პროცესი?

2 წლის განმავლობაში ამერიკულ მხარესთან ერთად საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ამერიკის საელჩო საქართველოში. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო სივრცის ინფრასტრუქტურა მთლიანად მომზადებულია. ის განთავსებულია „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უკვე ფუნქციონირებს. ეს „სილიკონ ველი თბილისის“ მეორე პროექტია.

ინფრასტრუქტურის მომზადების პარალელურად, ვმუშაობდით საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევასა და შემუშავებაზე. პროგრამები თავად ამერიკული უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის ფაქტი, რომ ეს არ არის ვებსტერის გარკვეული პროგრამები, რომლებიც სხვა უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება. ეს თავად ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალია, ისეთივე, როგორიც ევროპის არაერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს.

შერჩეულმა პროგრამებმა ავტორიზაციაც გაიარა, რაც ნიშნავს, რომ ის ქართული კანონმდებლობის შესაბამისად იწყებს ფუნქციონირებას.

ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც ამერიკული უნივერსიტეტი იხსნება და ეს ვებსტერია. ვებსტერის განათლება და დიპლომი კარიერული წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ვებსტერის დიპლომი კურსდამთავრებულებს მსოფლიოს წარმატებულ კომპანიებში უხსნის კარს.

ამ ეტაპზე ვებსტერის უნივერსიტეტის ქართული ფილიალი 5 სასწავლო პროგრამას განახორციელებს. როგორ მოხდა მათი შერჩევა? იგეგმება თუ არა ახალი პროგრამების დამატება?

პროგრამები, რომლის განხორციელებას ფილიალი საქართველოში გეგმავს შემდეგია: საბაკალავრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტი, მასკომუნიკაციები. სამაგისტრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება. მომდევნო წლიდან კი აღნიშნულ ჩამონათვალს მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაც დაემატება. აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

ამ ეტაპზე ის პროგრამები შევარჩიეთ, რომლებიც ქართველი სტუდენტებისთვის უფრო მეტად საინტერესო და მოთხოვნადია. აღნიშნული პროგრამები ამერიკაში ვებსტერის უნივერსიტეტშიც მოწინავე და პოპულარულია. მომავალში კი სხვა პროგრამებიც დაემატება, რომლებცც ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი იქნება. ვაპირებთ სასწავლო პროგრამის დამატებას ტექნოლოგიების მიმართულებითაც.

როგორ მოხდება ვებსტერის უნივერსიტეტში ჩაბარება?

ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით მოხდება. პარალელურად, შიდა მისაღები გამოცდებიც იქნება. უცხოელი სტუდენტებისთვის კი, რომლებიც ვებსტერის ქართულ უნივერსიტეტში ჩაბარებას გადაწყვეტენ, შიდა გამოცდები ჩატარდება.

რამდენი იქნება სწავლის საფასური ვებსტერის ქართულ ფილიალში? სტუდენტების დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ?

საბაკალავრო პროგრამების წლიური საფასური 7900 აშშ დოლარი იქნება, სამაგისტრო პროგრამების წლიური საფასური კი 8600 აშშ დოლარი. სწავლის წლიური ღირებულება იმაზე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ამერიკის და ევროპის ფილიალებში. ამ საკითხზე ამერიკულ მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის აშშ-ს ოფისის გადაწყვეტილებით, პირველ წელს, საქართველოს ფილიალში ჩარიცხული სტუდენტები საჩუქრად მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას 1000 აშშ დოლარის ოდენობით.

ვებსტერის სხვა კამპუსებში სწავლა ქართველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდის გარდა, სხვადასხვა გამოწვევასთან, მათ შორის, ქვეყნის დატოვებასთან, მგზავრობის და სხვა ქვეყანაში ცხოვრების ხარჯთან იყო დაკავშირებული. ახლა კი მათ შანსი ეძლევათ, რომ საქართველოშივე მიიღონ ამერიკული განათლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნიკალური ფინანსური შეთავაზებით.

ქართული ფილიალის სტუდენტებს სხვა ქვეყნების ფილიალებში სემესტრულად სწავლა თუ შეეძლებათ?

დიახ, საქართველოს ფილიალში ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ ვებსტერის უნივერსიტეტის მათთვის სასურველ კამპუსში, მსოფლიოს 50-მდე ლოკაციაზე და ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტით, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს.

თქვენი ერთ-ერთი მიზანი საქართველოს განათლების რეგიონულ ჰაბად ქცევაა. რომელი ქვეყნებიდან ელოდებით სტუდენტებს და რა აქტივობები იგეგმება მათ მოსაზიდად?

დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო განათლების ცენტრი გახდეს რეგიონში. ველოდებით სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან. ასევე ვაპირებთ, სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას სტუდენტების ევროპის ქვეყნებიდან მოსაზიდად. ამ მიმართულებით საქმიანობა უკვე დაწყებულია, თუმცა უფრო ინტენსიური აქტივობისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას ველოდებოდით. ამიერიდან ჩვენი საქმიანობა უფრო აქტიური იქნება. უცხოელი სტუდენტებისთვის სრული პაკეტური შეთავაზებები გვექნება, რაც სწავლის გარდა, განთავსებასა და სხვა სერვისებსაც მოიცავს.

თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანია რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მიიღოს უმაღლესი დონის, ამერიკული განათლება საქართველოში.