ავტორი:

"ვითხოვ, ყველა ბავშვი გამოუშვან ციხიდან, მე მათ ვპატიობ... ბრძოლას ვაგრძელებ სამოხელეო დანაშაულზე" - ზაზა სარალიძის კომენტარი განაჩენის შემდეგ

"ვითხოვ, ყველა ბავშვი გამოუშვან ციხიდან, მე მათ ვპატიობ... ბრძოლას ვაგრძელებ სამოხელეო დანაშაულზე" - ზაზა სარალიძის კომენტარი განაჩენის შემდეგ

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მენაბდეს პატიმრობა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გამოცხადდა. გიორგი მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

"სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, არ ვიცით გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო. გამომდინარე აქედან, ველოდებით წერილობით როდის გადმოგვეცემა განაჩენი და ამის მიხედვით მოვიქცევით შემდგომ. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება",- განაცხადა დადიანმა.

AMBEBI.GE განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეფასებისთვის მოკლული ახალგაზრდას მამას, ზაზა სარალიძეს დაუკავშირდა:

- რა შეფასება უნდა გავაკეთო... ორი კვირით, თუ ერთი თვით ადრე მე უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ ჩემი შვილის მკვლელობის კუთხით სამართალი აღსრულებული იყო. ყველას ვპატიობ დანაშაულს, დარჩა მხოლოდ სამოხელეო დანაშაული - ვითხოვ დადგეს პროკურორების (ფხაკაძის, გუგუშვილის და ფიფიას) პასუხისმგებლობის საკითხი.

ვითხოვ, ყველა ბავშვი გამოუშვან ციხიდან, მინდა, პრეზიდენტმა შეიწყალოს ისინი. იქნებიან თუ არა ისინი ციხეში, ამას უკვე აღარ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. ზურაბიშვილს რამდენჯერმე მივმართე და ახლაც, თქვენი საშუალებით მივმართავ, შეიწყალოს ისინი.

ტელევიზიით გავაკეთე ამაზე განცხადება, ხმას არ ვიღებ და თანახმა ვარ ყველაფერზე, მეტი რაღა ვქნა. ახლა, სავარაუდოდ, გავაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ დაისაჯოს ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს უშლიდა და აფერხებდა.