რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებით, საჭიროა სამართლებრივი გარანტიები იმისა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არასოდეს გაწევრიანდებიან. ამის შესახებ სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში რუსეთ - აშშ-ის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, რუსეთს სურს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე ფორმულა შეიცვალოს სიტყვებით, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატოს წევრები.
"ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად იმპერატიულია, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა არასოდეს გახდება ნატოს წევრი.
ჩვენ გვსურს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული ფორმულა გაუქმდეს და შეიცვალოს შემდეგი სიტყვებით: "უკრაინა და საქართველო არასოდეს გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები“, - განაცხადა რიაბკოვმა.
მან აღნიშნა, რომ მიუღებელია "ცარიელი საუბარი“ და "სანახევრო დაპირებები“.
"ჩვენ არ ვენდობით მეორე მხარეს. ჩვენ გვჭირდება მყარი, იურიდიულად მნიშვნელოვანი გარანტიები, არა დაპირებები, არამედ გარანტიები, ეს არის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, - დასძინა რიაბკოვმა