დღეს, ცნობილი პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენადაც მისი ლირიკა მკითხველში დიდ წილად მოწონებას იმსახურებდა, მისი პიროვნებისადმი საზოგადოებაში იმდენად არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. მისი მკვახე განცხადებები ჩვენში ბევრს არ ეხატებოდა გულზე. ამაშუკელის გარდაცვალების შემდეგაც სოციალურ ქსელში ბევრი გამოჩნდა, ვინც გარდაცვლილის კრიტიკასაც არ მოერიდა.
განსაკუთრებით ორაზროვანი გამოდგა მწერლისა და მუსიკოსის, ეპატაჟური განცხადებებით ცნობილი ერეკლე დეისაძის "ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ლექსად დაწერილი პოსტი.
“რეზო ამაშუკელის ხსოვნას
გედავებოდნენ სინდისზე,
შენ ოცნებობდი სხვა ცებზე,
როგორც იესომ სიკვდილზე,
შენ გაიმარჯვე ნაცებზე.
10 იანვარი. 2022.”
ამ პოსტზევე არაერთი კომენტარია, რომელშიც დეისაძეს აკრიტიკებენ, ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები აქტიურობენ.
ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ საერთოდ თავის "ფეისბუქგვერდზე“ მიუძღვნა სტატუსი დეისაძეს და დაწერა:
"არა მარტო ამაშუკელზე, აწ უკვე, დეისაძეზეც ან კარგს ამბობენ, ან - არაფერს.“
თავის მხრივ დეისაძემ ამ პოსტს "გაჰიფსტერებული პროკურორის პოსტი“ უწოდა.
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დეისაძეს უწერს:
"არც სიცილს ვაპირებდი ამ ადამიანის სიკვდილზე და არც ტირილს, რას მერჩოდი, ვერ ვჩერდები, ყველამ რომ გაგლანძღა თან... მადლიერი არავინაა. "ქოცებს“ ეჭვი ეპარებათ, ხომ არ ღადაობ და "ნაცებს“ გული ეტკინათ, რეზოს რომ ჩააყოლე. არავის აღარ უყვარხარ“.