"ტვ პირველის“ მიერ დაქირავებული ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის ინფორმაციით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გვამზე „შავბნელ მანიპულაციას“ ადგილი არ ჰქონია.
როგორც გეჯაძე განმარტავს, მაშინ, როდესაც ადგილი არ აქვს ჰემოდინამიკას და მეტაბოლურ პროცესებს, გვამზე გამორიცხულია ინექციის მანიპულაციის წარმოება. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, შესაძლოა თუ არა ოპერატორის გვამის ექსპერტიზაზე გადასვენებამდე განხორციელებულიყო ისეთი მანიპულაცია, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა.
"გამორიცხულია გვამზე ნივთიერების, ინექციის მანიპულაციის წარმოება, როდესაც ადგილი არ აქვს ჰემოდინამიკას, მეტაბოლურ პროცესებს. თუ რაიმე ნივთიერება იქნებოდა შეყვანილი, ვერ აღმოჩნდებოდა სისხლში და შინაგან ორგანოებსა და შარდში, ის ადგილზე იქნებოდა გაყინული. გამოჩნდებოდა, რომ დამატებითი შავბნებნელი მანიპულაციის შედეგია. ამის ფაქტს ადგილი არ ჰქონდა. მთელი პროცესი, საკვანძო საკითხები ვიდეოს საშუალებით არის დაფიქსირებული. მე და საია-ს წარმომადენელი ვესწრებოდით პროცესს. ვუყურებდით და ვუხსნიდი საია-ს ამას მიაქციე ყურადღება და თუ საეჭვო იქნება მკითხე“,-აღნიშნავს გეჯაძე.
მისივე ინფორმაციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამდე "ჰეროინის" ორი ინექცია ჰქონდა გაკეთებული მარჯვენა და მარცხენა საზარდულებზე. ამასთან, საუბარია 4 საათამდე დიაპაზონზე.
„მარჯვნივ საზარდულის ლოკაციაში ნანახი იქნა სისხლჩაქცევა. ეს ორივე კანის პრეპარატი გამოკვლეულ იქნა ქიმიური, ტოქსიკოლოგიური მეთოდით სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების სპეციალისტების მიერ და მათ დადეს დასკვნა, რომ ხანდაზმულობა ერთ შემთხვევაში იყო 1 საათის დროის ინტერვალის მიღებიდან და მეორე იყო 4 საათის დროის ინტერვალი დაახლოებით“, - აღნიშნავს გეჯაძე.
მისივე თქმით, აუცილებელი იყო ლექსო ლაშქარავას ამბულატორიული მკურნალობა გაეგრძელებინა.
"ბუნებრივია, ამბულატორიული მკურნალობის გაგრძელება აუცილებელიც იყო. თავის ტვინის შერყევასთან გვქონდა საქმე, ნევროპათოლოგის კონსულტაცია იყო საჭირო, ოკულისტის კონსულტაცია, შესაბამისი მკურნალობის გაგრძელება. ტკივილის სინდრომი ექნებოდა, სისხლჩაქცევები გაწოვილი არ იყო და რატომ მოიხმარა ეს პრეპარატი, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ", - აღნიშნავს გეჯაძე.
შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა. აღნიშნული დასკვნა შსს-მ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. როგორც უწყებაში აცხადებენ, დასკვნა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.