უკვე რამდენიმე თვეა, რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო სკანდალური ამბების სერია არ სრულდება. როგორც ქართული, ასევე უკრაინული მედია, ხშირად წერს ექსპრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. 1 ოქტომბრის შემდეგ საზოგადოების სასაუბრო თემა მხოლოდ სააკაშვილის დაპატიმრება არ ყოფილა, ასევე გამორჩეულად საინტერესო გახდა მისი პირადი ცხოვრებაც.
აქამდე მიხეილ სააკაშვილის გატაცებების შესახებ მხოლოდ ჭორების სახით იყო ცნობილი. მაგალითად სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის "ლავ სთორიზე“ ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის პერიოდში საუბრობდნენ.
მოგვიანებით კი, როდესაც სააკაშვილი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად, წელიწადზე მეტია, რაც მედიაში დაიწერა მისი და დუმის დეპუტატ ლიზა იასკოს სასიყვარულო ურთიერთობაზე.
მიუხედავად ჭორებისა, მიხეილ სააკაშვილის გვერდით მუდმივად რჩებოდა სანდრა რულოვსი, ყოფილი პირველი ლედი, რომელიც მის მხარდამჭერებს დღესაც განსაკუთრებულად უყვართ. 1 ოქტომბრის შემდეგ სანდრა მიშას გვერდით აღარ გამოჩენილა. სანდრას როლი შეიცვალა, როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში თავად თქვა.
მიხეილ სააკაშვილის გვერდით მეუღლის ამპლუაში ლიზა იასკო გამოჩნდა. ქალი ექსპრეზიდენტის დაპატიმრების შემდეგ არაერთხელ ჩამოვიდა საქართველოში. თუმცა ახალ წელს და შობას ის უკრაინაში შეხვდა და ბოლო მიმართვებში საყვარელი მამაკაცი აღარ უხსენებია. შესაძლოა ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მიერ 31 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაცია იყოს, რომლითაც მან საბოლოოდ წერტილი დაუსვა ჭორებს მისი და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო შვილის შესახებ და ელის მარია სააკაშვილი საზოგადოებას გააცნო.
4 იანვარს უკრაინულ მედია strana.news-მა მიხეილ სააკაშვილზე სკანდალური სტატია გამოაქვეყნა.
"მიხეილ სააკაშვილმა ქართველი მომღერლისგან შეძენილი ქალიშვილი აღიარა. ის (სოფო ნიჟარაძე) გასულ ზაფხულს მასთან იყო ოდესაში..." - ასე არის დასათაურებული სტატია, რომელიც ექსპრეზიდენტსა და სოფო ნიჟარაძეზე გვიყვება. წელიწადზე მეტი ხნის წინ სწორედ strana-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ახალი გატაცება ლიზა იასკო გახლდათ.
უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:
"ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, 36 წლის სოფო ნიჟარაძემ, ქალიშვილთან ერთად იმღერა ახალი წლის ღამეს ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე. სოფია ძალიან პოპულარულია საქართველოში, იგი წარმოადგენდა თავის ქვეყანას "ევროვიზიაზე" და სამი სეზონის განმავლობაში იჯდა ტელეპროექტ "ნიჭიერის" ჟიურიში. სოფო რამდენჯერმე გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის მეგობართან, ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად.
როგორც ჩანს, მას მიხეილ სააკაშვილთან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა. ადგილობრივი პრესა ჯერ კიდევ 2010 წელს წერდა, რომ გოგონა, სავარაუდოდ, სააკაშვილის დახმარებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული და მომავალში კულტურის მინისტრის პოსტსაც დაჰპირდნენ. თუმცა, ეს ისევ ჭორებად დარჩა. როგორც ამბობენ, ცეცხლი კვამლი გარეშე არ არსებობს და 4 წლის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მომღერალს ნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად ღირებული ბინა უყიდა.
2020 წლის ივნისში სოფო ნიჟარაძემ ამერიკაში იმშობიარა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებამდე შვილთან ერთად შტატებში ცხოვრობდა. შეგახსენებთ, რომ ამავე დროს, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ჯერ კიდევ ოფიციალურად არის დაქორწინებული სანდრა რულოვსზე, რომლისგანაც ორი ზრდასრული ვაჟი ჰყავს, ედუარდი და ნიკოლოზი. მიხეილმა შემოდგომაზე ვიდეოთი გამოაცხადა, რომ ურთიერთობაში იყო ლიზა იასკოსთან, რადას დეპუტატთან, რომელიც ორჯერ უმცროსია მასზე.
გასულ ზაფხულს "სტრანამ" გადაიღო ფოტო, სადაც აღბეჭდილია "იდუმალი ქალი", რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოდესის აპარტამენტებში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს აქვს პენტჰაუსი ელიტარულ ცათამბჯენში, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს. აპარტამენტების სამზარეულოში მოხდენილი, შავგვრემანი ქალი ტრიალებდა, როგორც ჩანს, საუზმის შემდეგ მაგიდას ალაგებდა.
ასევე სახლში იყო მუქ ხალათში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ჰგავდა სააკაშვილს. მიხეილის სამზარეულოში მყოფი გოგონა ძალიან ჰგავს ქართველ მომღერალს. მართლაც, სოფოს სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ზაფხულს ის და მისი ქალიშვილი ოდესაში ისვენებდნენ, პარკებსა და რესტორნებში სეირნობდნენ და სანაპიროზეც იყვნენ. გაითვალისწინეთ, რომ იმ დროს სააკაშვილს უკვე ჰქონდა ურთიერთობა ლიზა იასკოსთან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიშა და ლიზა წელიწადნახევარი-ორი წელია ერთად არიან" - წერია "სტრანას" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა 31 დეკემბერს ელის მარია სააკაშვილი, როგორც მისი უმცროსი შვილი, ისე გააცნო საზოგადოებას, ლიზა იასკო მედიასთან აღარ გამოჩენილა.
ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ექიმების შეფასებით კვლავაც არასახარბიელოა. ის რუსთავის ციხეში ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს.