ავტორი:

"მეგონა, მადლობას მაინც მეტყოდნენ... არადა, დაჭერას მიპირებდნენ" - ვინ და როგორ აიძულებდა გიორგი უშიკიშვილს თანამდებობიდან წასვლას?

"მეგონა, მადლობას მაინც მეტყოდნენ... არადა, დაჭერას მიპირებდნენ" - ვინ და როგორ აიძულებდა გიორგი უშიკიშვილს თანამდებობიდან წასვლას?

გიორგი უშიკიშვილი გადაცემა "ყვითელ ყუთს“ სტუმრობდა, სადაც ეკა ჩხეიძესთან იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც მის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული და დაჭერას უპირებდნენ. ეს ამბავი 2013 წელს მოხდა. მას მერე, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება“ მოვიდა, გიორგი უშიკიშვილი საქართველოს ფოლკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის წინააღმდეგ საქმე კი სახელმწიფო ქონების გაფლანგვის მუხლით აღიძრა.

ფოლკლორის ცენტრის ყოფილი დირექტორი იმჟამად აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება უკანონო იყო. ჟურნალისტებთან საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე მოჰყვა იმის შესახებ, რომ მასთან კულტურის სამინისტროდან იურისტი, თემურ ჩიხრაძე მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ აპირებდნენ მის გათავისუფლებას და შესთავაზა თავად დაეწერა განცხადება.

გიორგი უშიკიშვილს წლების შემდეგ ეს ამბავი ისევ მძიმედ ახსენდება. ამბობს, რომ ახლა ისიც არ იცის, საქმე რა ეტაპზეა, დაიხურა თუ ისევ გრძელდება...

გიორგი უშიკიშვილი:

- ცხოვრებაში ბევრჯერ დამიწყია რაღაცები თავიდან და სულაც არ ვთვლი, რომ ეს ცუდია. გამოწვევების ფონზე ახალი იდეები მომდის იმისთვის, რომ რაღაც გავაკეთო, შევქმნა. საქართველოს ფოლკლორის ცენტრისთვის სახელი ჩემი დარქმეულია, ახლა რა შენობაშიც არიან, ჩემი მოპოვებულია ეს შენობაც. ჩემი ხელმძღვანელობის დროს, შევქმენი კარგი ორგანიზაცია, დიდი არქივითა და ბევრი კარგი პროექტით. თავის დროზე ამ თანამდებობაზე ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დავინიშნე, ბევრს შესთავაზეს, მაგრამ მაშინ არავის უნდოდა. შემდეგ რომ დაინახეს რამდენი რამე კეთდებოდა, კონკურსები ტარდებოდა დირექტორის არჩევაზე, მუდმივი ბრძოლა იყო...

არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან განიცდიან თანამდებობიდან მოხსნას, არის თაობები, რომლებიც 40-50 წელი ერთ ადგილას არიან ხელმძღვანელ პოზიციებზე. მე ასე არ ვარ, არასოდეს მიფიქრია, რომ ერთ თანამდებობაზე წლები ვიქნებოდი. ძალიან ბევრჯერ მოვიარე საქართველო, ოჯახებში შევდიოდი ხოლმე, რომ სიმღერები შემეგროვებინა... ჩემი ბავშვობის მეგობარი სულ მეუბნებოდა, - არ მჯერაო, რომ ამას ისე აკეთებ, რაღაცას გიხდიან ალბათო...

ამ დროს, არასოდეს ამიღია ამაში ფული. ეს ისეთი სიყვარულით კეთდება, რომ ფული რომ გადაგიხადონ, ისე ვეღარ გააკეთებ, გულწრფელი არ იქნება.

ფოლკლორის ცენტრიდან ჩემი გათავისუფლების შემდეგ, მეგონა მადლობას მაინც მეტყოდნენ ან საერთოდ არაფერს მეტყოდნენ. უბედურება ის არის, რომ კონკურენტის ჩამოშორება საკმარისი არ იყო, დაჭერას მიპირებდნენ, მაშინდელი პრემიერ - მინისტრი ის იყო, ვინც ახლაცაა (ირაკლი ღარიბაშვილი - ნ.კ.).

ჩემთან კულტურის სამინისტროს იმჟამინდელი იურისტი მოვიდა და მითხრა, მართალია, ახლა შემოსულია შენთან შემოწმება, რომლის აქტიც გვიან იქნება, მაგრამ შენ მაინც უნდა დაწერო განცხადება და წახვიდეო. ამაზე უარი ვთქვი, მაინტერესებდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

საბოლოოდ გამათავისუფლეს და შემდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი. ყოველ ოთხშაბათს ჩემს ყოფილ თანამშრომლებს დაკითხვაზე იბარებდნენ, რათა ჩემზე ზეწოლა მოეხდინათ. ფინანსურ პოლიციაში აღძრეს საქმე. საუბარი იყო 2680 ლარზე... ერთ-ერთ საგამოფენო სივრცეში, რომელიც გავარემონტე სველ წერტილთან ახლოს პარკეტი ამოიბურცა. სამი თვის შემდეგ ავყარეთ და თავიდან დავაგეთ. ჩემს წინააღმდეგ აღძრულ საქმეში საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ტყუილად გამოვწერე თანხა და პარკეტი არ შემიცვლია. ახლა არ ვიცი, რა ხდება ამ საქმეზე, შეიძლება ვადაც გაუვიდა. სულ მიფიქრია, შანსი რომ მქონდეს, არასოდეს გამოვიყენებ იგივე მეთოდებს ამ ადამიანების მიმართ, ვინც ჩემს წინააღმდეგ ეს ჩაიდინეს.