ავტორი:

"წინა დღეს რეპეტიციაზე ყოფილა, ხალისი არასდროს აკლდა, მაგრამ თურმე გამორჩეულად მხიარული იყო, ყველას გვეფერაო..." - რას ჰყვებიან მეგობრები ნიკა ქაცარიძესა და მის უკანასკნელ როლზე

"წინა დღეს რეპეტიციაზე ყოფილა, ხალისი არასდროს აკლდა, მაგრამ თურმე გამორჩეულად მხიარული იყო, ყველას გვეფერაო..." - რას ჰყვებიან მეგობრები ნიკა ქაცარიძესა და მის უკანასკნელ როლზე

5 იანვარს რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე, გავრცელებული ინფორმაციით, გულის შეტევით გარდაიცვალა... სოციალური ქსელი აივსო სევდიანი და მწუხარე პოსტებით. უამრავი ადამიანი გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობის უეცარი გარდაცვალების გამო.

მე ის ინტერვიუ გამახსენდა - ლაღ, იუმორით სავსე, პროფესიაში შემდგარ, ნიჭიერ მსახიობ ნიკა ქაცარიძესთან რუსთაველის თეატრის საგრიმიოროში რომ ჩავწერე.

"ბევრ რამეში გამიმართლა. ჩემი პედაგოგები იყვნენ: შალვა გაწერელია, გურამ საღარაძე, თეატრში - რობიკო სტურუა. ამაზე მეტი ბედნიერება მსახიობს სხვა რა უნდა? როცა ასეთი ადამიანები გყავს გვერდით, ცოტაოდენი ნიჭი თუ გაქვს, რაღაცას აუცილებლად გააკეთებ...

ვიხუმროთ, ნუ დავიგრუზებით, გვიყვარდეს ერთმანეთი და ყველაფერი კარგად იქნება... ...მსახიობები, კარგი გაგებით, რისკიანები და "ხულიგნები“ ვართ, ამასთან, მეამბოხეებიც... არტისტობა ვაჟკაცების საქმეა. დიდ ძალისხმევას, პასუხისმგებლობას მოითხოვს. საზოგადოებასთან ურთიერთობა არ არის იოლი, ასჯერ უნდა გაზომო, რომ ერთხელ სწორად გაჭრა...“ - ამბობდა ნიკა ინტერვიუში.

ambebi.ge მსახიობის კოლეგებს, მეგობრებს ესაუბრა.

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი, ნიკას ჯგუფელი:

- ამ საშინელმა ამბავმა გამანადგურა... 16 წლის ვიყავი, რომ გავიცანი, "თეატრალურში“ აბარებდა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ გაუმართლა, რატომღაც არ აჰყავდათ რეჟისორებს. ბოლოს შალვა გაწერელიამ მასში ნიჭიერება და დიდი უნარები დაინახა და ასე მოხვდა ჩვენს ჯგუფში... მერე მუდმივად იყო იმაზე ხუმრობა, - ნიკამ აკაკი ხორავას დროიდან რომ დაიწყო უნივერსიტეტში ჩაბარება, ბოლოს ჩვენს ჯგუფში მაინც მოხვდაო. ამაზე პირველ რიგში თვითონ ხუმრობდა...

მის ნიჭიერებაზე, იუმორის ხარისხზე, რომ არაფერი ვთქვა, ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ჩვენს თაობაში მხატვრული კითხვის უბადლო ოსტატი იყო. საოცრად კითხულობდა, მაგრამ ამის აფიშირება სატელევიზიო სივრცეში არ უყვარდა. რომ დაიწყებდა თავისი საოცარი ხმით კითხვას, გაოცებდა, მღეროდა ასევე შესანიშნავად... ახლა იმდენი რამ ამომიტივტივდა გონებაში... აღარ ვიცი, რა გავიხსენო... შეუცვლელი ადამიანები არ არიან, მაგრამ ნიკა განსაკუთრებული იყო თავისი ყველა ნიშნით.

10 დღის წინ ერთმანეთს შევხვდით - შვილებზე მიყვებოდა. მეუბნებოდა, როგორი ბედნიერია, როგორი კარგი ოჯახი აქვს... დაუჯერებელი ამბავია, წარმოუდგენელი, თავზარის დაცემა იყო დღეს ამ ტრაგედიის გაგონება. გადავხედე სოციალურ ქსელს, მთელი თბილისი, საქართველო დასტირის, ემშვიდობება. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანის გულწრფელ ტკივილსა და სამძიმარში...

ძალიან მენანება ჩვენი "რიჟა“ - ჯგუფელები ასე ვეძახდით, რაზეც თავისი საოცარი იუმორით ჩვენზე მეტად ხუმრობდა.

მანანა აბრამიშვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი:

- ყველაზე ტკბილი, თბილი, იუმორით, სიყვარულით სავსე ნიკუშა აღარ გვყავს... "ჩემი ზესტაფონელი“ - ერთმანეთს ასე ვეძახდით. ყველას გვერდით მდგომი ადამიანი იყო... ერთი ადამიანიც კი არ ვიცი, რომ ნიკუშა არ ჰყვარებოდა...

ერთმანეთი "თეატრალურამდე“ გავიცანით, ანუ უფრო ადრე ვიცნობდი, სანამ ჩავაბარებდი... წლები გადიოდა და ნიკუშა ისეთივე იყო, როგორიც გავიცანი, მასში არაფერი იცვლებოდა, პირიქით, ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი სიყვარული და პატივისცემა გვქონდა. ძალიან ჩემი ადამიანი იყო - ასეც ვეძახდით ერთმანეთს.

ის ცალკე თემაა, როგორი გიჟი მამა იყო... ბოლოს ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს. უყვარდა ჩემთან სატელეფონო საუბარიც... ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო და გულს არაფერზე გატკენდა. სცენაზეც ერთად ბევრჯერ გვითამაშია, რობერტ სტურუას ახალ სპექტაკლში 9 იანვარს უნდა გვეთამაშა... მართლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპი დამთავრდა... ხომ არიან თეატრში გამორჩეული ტიპები, რომლებიც სულ პოზიტივს აფრქვევენ. მართლა ყველას სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა ნიკუშასთან, - განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა თითოეულის გულში.

წინა დღეს რეპეტიციაზე ყოფილა, - თეატრში მითხრეს. ხალისი არასდროს აკლდა, მაგრამ თურმე გამორჩეულად მხიარული იყო, ყველას გვეფერაო... რუსთაველის თეატრში მოხვედრა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მისი ოცნება იყო. მერე დასის წევრ რომ გახდა, გაგიჟებული იყო. ამბობდა - ადამიანს რაღაც გულით რომ გინდა, გიყვარს, უცნაურია, როგორ აგიხდებაო..."

ზალიკო სულაკაური, მხატვარი-კარიკატურისტი:

ნიკა ქაცარიძე, გიორგი ჭუმბურიძე და ზალიკო სულაკაური

- ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბოლო ფილმზე ერთად ვიმუშავეთ. დიუმაზე გაკეთდა ფილმი, ნიკა იყო დიუმას როლის შემსრულებელი, მე - მხატვარი - კარიკატურებითაა ფილმი აწყობილი. გემრიელად დავასრულეთ მუშაობა, ერთმანეთსაც ჩავეხუტეთ. ვაპირებდით კიდევ სხვა პროექტებზე მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ ასე უცებ გამოგვეცალა ხელიდან ეს კარგი კაცი... საერთოდ, ახლო ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ ადამიანი რომ მოგეწონება, რომ იგრძნობ, შენნაირი ტიპია, გულთან ახლოს არის, არ სჭირდება მაგას საუკუნოვანი ნაცნობობა, ერთ-ორი შეხვედრაც თავის სათქმელს ამბობს... მოკლედ, დღეს თავს ისე ვგრძნობ, ფრთა რომ მოგატყდება, დაშოკილი ვარ. ხელოვანი იყო, იქვე უცნაურიც, თეატრალური ტიპი ურთიერთობაშიც და საქმეშიც. კეთილი ადამიანები ხომ დადიან ამ ქვეყანაზე და ნიკა ერთ-ერთი ასეთი იყო. ეს კეთილი ადამიანი ჩვენს ქვეყანას გამოაკლდა. გაგვიფრინდა. ისე წავიდა, იმ ფილმის პრემიერასაც ვერ დაესწრო...

გიორგი ჭუმბურიძე, ფილმის "დიუმა თბილისში“ რეჟისორი (ამ პროექტში ნიკამ ბოლო კინოროლი ითამაშა):

- წარმოუდგენელი რამ მოხდა, წინა ღამით ვისაუბრეთ, ათასი გეგმა დავსახეთ. ფილმის პრემიერას ახალი წლის მერე ვაპირებდით... ეს იყო კულტურის სამინისტროს პროექტი, გადავიღეთ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, სადაც ნიკამ მთხრობელის როლი ითამაშა და ალექსანდრე დიუმას როლიც მას ჰქონდა.

გიორგი ჭუმბურიძე და ნიკა ქაცარიძე ფილმის გადაღებისას

ფილმის სამუშაო სათაურია - "დიუმა თბილისში“. გახარებულები ვიყავით - ენთუზიაზმით, სიხარულით ვიმუშავეთ. ნიკამ გვერდში დგომის საოცარი მაგალითი გვაჩვენა, წარბი არ შეუხრია, ამ პროცესში მთელი გულით და სულით მომყვებოდა. ამასთანავე, ძალიან დავმეგობრდით და დავძმაკაცდით. მანამდე "თეატრალურიდან“ ვიცნობდი, მაგრამ, ასე ახლოს არა. ბოლოს რომ ვილაპარაკეთ, ცოტა ნასვამი იყო, ისე თბილად მესაუბრა, ისე გულით და სიყვარულით, თავიდან არ ამომდის - სულ არ მინდა ფული, ჩემთვის მთავარი პროცესიაო... არ მახსოვს ეთქვას, რომ რაიმე აწუხებდა, ხომ ვთქვი, ბოლომდე გვერდში მედგა. ნიჭიერი მსახიობი იყო, თავის საქმეზე შეყვარებული კაცი და ვიტყოდი, ფანატიკოსიც. დასანანია, რომ ასე ადრე წავიდა, რამდენი რამ ელოდა წინ...

ნიკა ქაცარიძის უკანსაკნელი კინოროლი ფილმში "დიუმა თბილისში“

დავით კვირცხალია, რუსთაველის თეატრის მსახიობი:

- ძალიან ცუდად ვარ, მას მერე, რაც გავიგე, რომ ნიკა ამ ქვეყანაზე აღარ არის. გვაკლია ტრაგედიები, პანდემია, გარდაცვალება, რომ ეს კარგი და უნიჭიერესი კაცი ასე ადრეულად არ წასულიყო?! გადასარევი მამა იყო, დაობლდნენ ბავშვები... მისი "ფეისბუქგვერდი" შვილების ფოტოებით არის სულ აჭრელებული - როგორი მოსიყვარულე იყო, ყველა ადამიანური, საუკეთესო თვისების მქონე, ჭეშმარიტი ქართველი... .

ადრე მთხოვა ძველი სპექტაკლი "სალამურა“ აღგვედგინა. გავანაწილე როლები და მას ქონდარუხ XIV-ის როლი მივეცი - მაშინ შედგა ჩვენი თანამშრომლობაც... სიტყვას ვერ ვპოულობ, ისეთ მძიმე მდგომარეობაში ვარ... ცოტა დრო მჭირდება, გავიაზრო, რა მოხდა. არასდროს გამიგია, რომ მას გული აწუხებდა, ან რამეს უჩიოდა... გარეგნობითაც გამორჩეული იყო, არავის ჰგავდა. სამსახიობო ხელოვნების თვისი სტილი ჰონდა. კარგი მეუღლე შეხვდა, შვილებით ტკბებოდა, მაშინ შეწყდა მისი სიცოცხლე, როცა ძალიან ბედნიერი იყო, ამასთანავე, ბევრი გეგმა ჰქონდა. გაანათლოს მისი სული ღმერთმა.

  • ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.