ავტორი:

"აქ არის არაერთი უზუსტობა. მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება" - კობახიძე აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს

"აქ არის არაერთი უზუსტობა. მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება" - კობახიძე აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს

"არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ" - ასე აფასებს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას ეხება.

ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, ამ განცხადებაში შესაძლოა დაშვებული იყოს ადამიანური შეცდომებიც.

"ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს ოცდაათწლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ძალიან ხშირად, ჩვენ ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და რა თქმა უნდა, ამ რჩევებს ვითვალისწინებთ. არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ! რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის სამწუხაროდ, ეს არ არის არც ახსნა და არც მითუმეტეს, გამართლება. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან საელჩოს განცხადების შინაარსზეც ისაუბრა.

"რაც შეეხება უშუალოდ განცხადების შინაარსს, აქ არის არაერთი უზუსტობა. ანუ მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება. არის უზუსტობები, მათ შორის, ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს, ბუნებრივია, ადამიანურ შეცდომებს. მათ შორის, ის, რომ საუბარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, რაც არასწორია. არავითარი სამსახური არ გაუქმებულა. სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის ორ ნაწილად გაყოფა და კომპეტენციები არათუ არ შემცირებულა, პირიქით, მთლიანობაში, ჯამურად გაფართოვდა ამ სამსახურის უფლებამოსილება. ეს არის აშკარად ფაქტობრივი შეცდომა, რომელიც მაგალითად დაშვებულია ამ განცხადებაში. აშკარად არის ადამიანური შეცდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ხარვეზები, განცხადებაში არ გაიპარებოდა“, - აცხადებს კობახიძე.

მან ისაუბრა, თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს ადამიანურ შეცდომაში.

"მათ შორის, შეიძლება იყოს არ ვიცი, თანამშრომლების მხრიდან მიწოდებული არასწორი ინფორმაცია და ა.შ. ამაში ჩვენ ვერ შევალთ. ეს ინფორმაცია ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს. შესაბამისად, არასწორიც იქნება ჩვენ ეს განვიხილოთ. მთავარია, რომ სამწუხაროდ, არასწორი და არასამართლიანი განცხადება გაკეთდა, რასაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, სათანადო ინფორმირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

მან პარტნიორ მხარესთან კონსულტაციები არ გამორიცხა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, საუბარი გვქონდეს ნებისმიერ თემაზე, კონსულტაციები ნებისმიერ თემაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ,რომ ჩვენ უამრავი, ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა მიგვიღია მათგან და გვიმოქმედია ამ რჩევების შესაბამისად. არის ხოლმე ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც კეთდება, სამწუხაროდ, არასამართლიანი და არასწორი შეფასებები“, - აცახდებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ კვირას მმართველმა პარტიამ "ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით“ .

განცხადების თანახმად, განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს.