საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლების გამო ქვეყნის ყველაზე დიდმა აეროპორტმა შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს.
ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ საწვავის გადამამუშავებელმა ქარხნებმა და საწვავის საწყობებმა გაფიცვა გამოაცხადეს, შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტს საავიაციო ნავთის მიწოდება შეუწყდა.
როგორც საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, არსებული საწვავის მარაგი, აეროპორტს, სავარაუდოდ, მხოლოდ ორი-სამი დღე ეყოფა. სამინისტროს წარმომადგენლებმა და აეროპორტის ხელმძღვანელმა პირებმა გაფიცულ კომპანიებთან საწვავის მიწოდების აღდგენაზე მოლაპარაკებების წარმოება უკვე დაიწყეს.
საფრანგეთის ქალაქებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მონაწილეობით მასობრივი საპროტესტო გამოსვლები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. მსვლელობებს დღეს სტუდენტებიც შეუერთდნენ. ასობით ათასი ადამიანი ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელიც ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრის მიზნით საპენსიო ასაკის 60-დან 62 წლამდე ზრდას უკავშირდება.