ავტორი:

"სკეტჩებში ვმონაწილეობ, მაგრამ ჩემი მდგომარეობა რთულია... თუმცა ფინანსური დახმარება აღარ მჭირდება" - რას ამბობს ლაშა გაბუნია მასზე გავრცელებულ პოსტებზე?

"სკეტჩებში ვმონაწილეობ, მაგრამ ჩემი მდგომარეობა რთულია... თუმცა ფინანსური დახმარება აღარ მჭირდება" - რას ამბობს ლაშა გაბუნია მასზე გავრცელებულ პოსტებზე?

"კომედი შოუს" მსახიობი ლაშა გაბუნია რამდენიმე თვეა რაც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის. ხუთი წლის წინ ავარიის დროს მიღებულმა ტრავმამ წლების შემდეგ იჩინა თავი და მსახიობს ხერხემალზე რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. მათ შორის ერთ-ერთი ივლისში, თურქეთში ჩაუტარდა. მაშინ საზოგადოება გაერთიანდა, რომ ლაშასთვის ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეეგროვებინათ.

ბოლო ორი კვირაა სოციალურ ქსელში ლაშას ფოტოს ისევ აზიარებენ და წერენ, რომ დახმარება სჭირდება. AMBEBI.GE მსახიობს დაუკავშირდა და როგორც გავარკვიეთ, ეს ლაშასგან დამოუკიდებლად ხდება და ხალხი, ძველ ფოტოს აზიარებს, დახმარების ტექსტით. ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ფულადი დახმარება არ სჭირდება, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ გამოსწორებულა

ლაშა:

- ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ფინანსური დახმარება აღარ მჭირდება, ალბათ ძველი პოსტები ზიარდება. სკეტჩებში ვმონაწილეობ, გარეგნულად არაფერი მეტყობა, მაგრამ კაცმა არ იცის, რა მჭირს შინაგანად. ჩემი ჯანმრთელობა ახლაც მძიმეა, მაგრამ ისე, რომ განცხადება გამოქვეყნდეს, არა...

- ოპერაცია ისევ გჭირდებათ?

- ახლა რეაბილიტაციას გავდივარ, ძალიან მძიმედ ვიყავი. საერთოდ იმ პოსტის გამოქვეყნების მომხრე არც ვიყავი, სადაც დახმარებას ითხოვდნენ ჩემი მეგობრები, მაგრამ ასე მოხდა. რეაბილიტაციას საქართველოში გავდივარ. ასეთი იღბალი მაქვს ზოგადად, სტამბულში უნდა გამევლო რეაბილიტაცია, მაგრამ ასე მოხდა, ის თანხა არ შესრულდა, რაც იქ მჭირდებოდა. ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი წინ არ მიდის.

- ლაშა, ეს ტრავმა ხუთი წლის წინ მომხდარი ავარიის შედეგია?

- დიახ, ავარიის შედეგი იყო, მაგრამ მაშინ გამოვჯანმრთელდი, შემდეგ განვითარდა ნელ-ნელა. ექიმებმა მკითხეს, რას გაიხსენებდით რასაც შეიძლებოდა ეს გამოეწვიაო და ერთადერთი რაც გამახსენდა იყო ავარია. ძველი ფეხბურთელი ვარ და ჯანმრთელობის კუთხით არაფერი მჭირდა.

ექიმებმა მითხრეს, რომ ფეხბურთიდან გამომდინარე არ ყოფილა, ავარიის შემდეგ განვითარდა მალულად. ზურგის ტვინზე მქონდა თიაქარი, რთული ოპერაცია იყო, თორემ თიაქარის ოპერაცია ზოგადად საქართველოშიც კეთდება. წელს ქვევით მოწყვეტაზე იყო საუბარი.

- სამსახურში როგორ ახერხებთ სიარულს?

- ჯერჯერობით დავდივარ, სკეტჩებშიც ვმონაწილეობ. ახლაც ვიქნები ეთერში წინასაახალწლო დღეებში, გულშემატკივრებს შეუძლიათ მნახონ.