"საკანონმდებლო რეფორმების პროცესი, სხვა სტანდარტზე უნდა ავიყვანოთ, საჭიროა იმ წლების განმავლობაში, რომელიც პარლამენტს 2024 წლამდე დარჩა, საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციის ბაზების დაახლოვება ევროკავშირთან" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტზე წარადგინა.
როგორც პაპუაშვილმა მისი კანდიდატურის შემდეგ განაცხადა, 2022 წლიდან პარლამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, საპარლამენტო პროცესებში ოპოზიციის ჩართვა იქნება.
"უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა კახა კუჭავას. მან მართლაც რთულ პერიოდში საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება და პარლამენტის საპარლამენტო ცხოვრების კალაპოტში მოქცევა შეძლო. ასევე, დიდი მადლობა მას მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში, როგორც პარლამენტის წევრი და მეგობარი ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსა და გუნდს, იმ ნდობისთვის, რომელიც მათ გამომიცხადეს. საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ მნიშვნელოვანია ახალი წლიდან პარლამენტი დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. ჩვენ ჩვენი საკანონმდებლო რეფორმების პროცესი, სხვა სტანდარტზე უნდა ავიყვანოთ, საჭიროა იმ წლების განმავლობაში, რომელიც პარლამენტს 2024 წლამდე დარჩა საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციის ბაზების დაახლოება ევროკავშირთან. გარდა ამისა,იმ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია პარლამენტს აქვს უდიდესი როლი. აღნიშნული რთულია შესრულდეს ოპოზიციის ჩართულობის გარეშე და რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან თანამშრომლობა და ჩართვა ამ პროცესებში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. მადლობა პარტიის თავმჯდომარესა და "ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.