"ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, არის ტრაგიკომიკური მოვლენა" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მასობრივი შიმშილობის აქციას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს პოლიტიკას არ წაადგება.
"შიმშილობა არის ყველას პოლიტიკური უფლება. მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ. არავინ არავის არ დასცინის, მაგრამ ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, არის ტრაგიკომიკური მოვლენა", - განაცხადა კობახიძემ.