ავტორი:

"გაკვირვებული ვარ, სულ რამდენიმე კარვის დადგმა იყო დაგეგმილი, მოვედი და კარვების მთელი ტყეა... " - რომან გოცირიძე

"გაკვირვებული ვარ,  სულ რამდენიმე კარვის დადგმა იყო დაგეგმილი, მოვედი და კარვების მთელი ტყეა... " - რომან გოცირიძე

"ვინ მიიღებს ამ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, სულ მალე გაიგებთ. თავადაც გაკვირვებული ვარ, აქ სულ რამდენიმე კარვის დადგმა იყო დაგეგმილი და მოვედი და მთელი კარვების ტყეა, იმდენად ბევრი მსურველი აღმოჩნდა ამ საპროტესტო აქციაზე შემოერთებისა, - აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარტიის მიერ მასობრივი შიმშილობის პროტესტის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, მასობრივი შიმშილობის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ლიდერებმა მიიღეს და მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ ყველაზე ბოლოს გაიგო.

„არაფერს არ თმობენ, არც ერთ სასიკეთო ნაბიჯს არ დგამენ, თუ არ არის ზეწოლა საგარეო, ზეწოლა საშინაო. მხოლოდ ეს ენა ესმით. უკვე იმ ზომამდე მივიდა პოლიტიკური დევნა ქვეყანაში, რა პროცესებიც მიდის ვხედავთ, სასამართლოში დაატარებენ პოლიტიკურ ლიდერებს და მედიის წარმომადგენლებს. სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ამ მძაფრი საპროტესტო აქციის მიზანი არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, რასაც მხარს უჭერს პრეზიდენტიც, რომელმაც ძალიან კარგად გაიგო ის უმძიმესი ვითარება, რომელშიაც სახელმწიფო იმყოფება და ეს უნდა დამთავრდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით. დღეს მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, დღეს არის საუბარი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე და ისეთი ფორმის გამოყენებაზე მისი გათავისუფლებისა, რომელიც უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ნორმალურ პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმას.

ეს იყო პარტიის ლიდერების გადაწყვეტილება და თითქოსდა მიხეილ სააკაშვილმა უბრძანა, რომ იშიმშილოს, ეს არის აბსურდი. სააკაშვილმა გაიგო ეს ყველაზე ბოლომ, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.