ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია შეუძლოდ გახდა და მეზობელ სახელმწიფოში, საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, ეს არის მიზეზი, რის გამოც თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგ ჯერზე დაკითხვაზე ვერ გამოცხადდა.
"როდესაც თემურ ალასანია დასაკითხად დაიბარეს, ის სასამართლოში დაკითხვაზე გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პროპაგანდისტული საქმე და სასამართლოს ეზოში ადამიანები დაახვედრეს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ, იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ სრულიად უსაფუძვლოდ და წინასწარ დადგმული სცენარით.
ამის შემდეგ პროკურატურა ხელმეორედ შეგვეხმიანა უკვე სხვა საქმეზე. ეს არის ადამიანის, ფაქტობრივად, დევნა, რომ ყოველდღიურად ახალ საქმეზე, თითიდან გამოწოვილ საქმეებზე იბარებენ, მრავალი წლის წინ დაწყებულ გამოძიებებზე. ამას შეიძლება ერთადერთი შეფასება მივცეთ, რომ ეს არის სამთავრობო არხების პროპაგანდისტული კვების სურვილი. ჩვენ დავუფიქსირეთ, რომ შაბათ-კვირას ბატონი თემური საზღვარგარეთ, საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ვიზიტად იქნებოდა და ამიტომ ვერ შეძლებდა გამოცხადებას. როდესაც ის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, სრულიად კანონიერად გადავიდა, მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ჰოსპიტალიზებულია. ამიტომ ვერ შეძლო გამოცხადება მეორე დაკითხვაზე“ , - განაცხადა ბექა ბასილაიამ
ცნობისთვის, პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით იქნა დაბარებული თეიმურაზ ალასანია. მისი თქმით, საქმე ეხება 2012 წლამდე პერიოდში ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარების და იმ დროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ ერთ-ერთი ბინზესმენისგან 1 მლნ აშშ დოლარის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლების და ამ თანხის სავარაუდო გათეთრების ფაქტს.