ავტორი:

"თეიმურაზ ალასანია სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადდა" - პროკურორი

"თეიმურაზ ალასანია სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადდა" - პროკურორი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თეიმურაზ ალასანია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით იყო დაკითხვაზე დაბარებული, სასამართლოში არ გამოცხადდა.

როგორც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თემურ ალასანია საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც სასამართლომ საკითხი განუხილველად დატოვა.

მიხეილ სადრაძის განმარტებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

პროკურორის თმით, სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით იქნა დაბარებული თეიმურაზ ალასანია. მისი თქმით, საქმე ეხება 2012 წლამდე პერიოდში ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარების და იმ დროინდელი ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ ერთ-ერთი ბინზესმენისგან 1 მლნ აშშ დოლარის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლების და ამ თანხის სავარაუდო გათეთრების ფაქტს.

“სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებული იქნა თეიმურაზ ალასანია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, თუმცა, მან უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე. შესაბამისად, მისი უარი იყო ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ბრალდების მხარემ მივმართეთ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისი დაკითხვის შუამდგომლობით. ეს შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე წესით და რიგით უნდა მომხდარიყო მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა. თუმცა ის სასამართლოში არ გამოცხადდა. შესაბამისად, ერთადერთი გადაწყვეტილება რაც შეიძლება სასამართლოს მიეღო იყო ის, რომ ეს საკითხი განუხილველად დატოვა. ვიდრე ეს პროცესი განხორციელდებოდა,ბუნებრივია, ჩვენ მოწმესთან, მის ადვოკატთან გვქონდა კომუნიკაცია, ეს იყო 18 დეკემბერს. მასთან კომუნიკაციის შესაბამისად შემოვიტანეთ შუამდგომლობა, ვინაიდან, ვიცოდით, რომ ის დღეს, წესით საქართველოში უნდა ყოფილიყო და მონაწილეობა უნდა მიეღო დაკითხვაში. თუმცა ფაქტია, რომ არ არის სასამართლოში. აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობაა მხოლოდ. ფაქტია, რომ დღეის მოცემულობით არ არის საქართველოში. თუმცა, ბუნებრივია, ბევრი კითხვა არსებობს თეიმურაზ ალასანიათან. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დაისვას ყველა ლეგიტიმური კითხვა მის წინაშე და მოვისმინოთ შესაბამისი პასუხები”, - აცხადებს მიხეილ სადრაძე.