ავტორი:

"რა ზეწოლა მოახდინეს ისეთი, ამ ზომამდე რომ მიიყვანეს ადამიანი?!" - რას ჰყვება გაუჩინარებული ექსპერტის ძმა და ვინ არის პოლიციელი, ვისაც გერლიანი ზეწოლაში ადანაშაულებდა?

"რა ზეწოლა მოახდინეს ისეთი, ამ ზომამდე რომ მიიყვანეს ადამიანი?!" - რას ჰყვება გაუჩინარებული ექსპერტის ძმა და ვინ არის პოლიციელი, ვისაც გერლიანი ზეწოლაში ადანაშაულებდა?

"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა. ეკონომიკის ექსპერტის კვალი ავჭალის პოლიციასთან იკარგება, სადაც მისი ავტომანქანა იპოვეს. გაუჩინარებამდე რამაზ გერლიანმა "ფეისბუქზე“ სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც ის კონკრეტულ პოლიციელს, რომლის გვარ-სახელსა და ფოტოსაც ასაჯაროებს, შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებს... მისი თქმით, ეს არის შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილი. როგორც ირკვევა, გერლიანმა თვენახევრის წინ გენერალურ ინსპექციასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურშიც იჩივლა.

გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა.

"ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენა შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ!

როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს...

დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ.

დისკრედიტაცია გინდოდათ - ფსკერზე ვარ.

ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ - ვერ მიიღებთ.

კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, - წერს რამაზ გერლიანი.

პოსტში ასევე წერს, პოლიციაში მდორედ მიდის საქმე, მიუხედავად იმის, რომ 35 დღეა გასული ჩემი მიმართვიდანო...

ექსპერტის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი საკმაოდ ბუნდოვანია და არ ჩანს კონკრეტულად რას უკავშირდება მასსა და პოლიციელს შორის დაპირისპირება. ოჯახის წევრები აქამდე ეძებენ რამაზ გერლიანს და არ აქვთ ვერსია, თუ სად შეიძლება იმყოფებოდეს.

ambebi.ge რამაზ გერლიანის ძმას ესაუბრა.

რომანოზ გერლიანი:

"გუშინ საღამოს განვაცხადეთ პოლიციაში და ამის შემდეგ რაღაც პროცედურები იყო გასავლელი. სიტყვიერად გვითხრეს, რომ კვლევა დაიწყება კანოინიერების ფარგლებში. მანამდე რამაზს მუქარასა და ზეწოლაზე ჰქონდა გაცხადებული, 10 - დღიან ვადაში უნდა მოეხდინათ რეაგირება, არადა, გასულია 35 დღე. როცა უნდათ, ერთ დღეში რეაგირებენ. შესაბამის უწყებებს თავის დროზე რომ ემოქმედათ, დღეს ჩემი ძმა მოსაძებენი არ მეყოლებოდა. ნეტავი კარგად იყოს... არავინ არაფერი იცის, მათ შორის არც პოლიციამ. ჩემი ძმა ბოლოს მეზობელს უნახავს, პოლიციის თანხლებით მივედით მეზობლებთან, ერთ-ერთმა გვითხრა, წინა ღამით მანქანა კართან გაუჩერებია, ვიწრო ადგილია და გადავძახე, გადაეყენებინა და მიპასუხა, - ახლავე, რა პრობლემააო. მას მერე, არ ვიცით, ვინმემ თუ ნახა. რამაზი მარტო ცხოვრობდა, ყოფილი ცოლი და შვილები - ცალკე. ვიცოდი, წერილები გაგზავნილი ჰქონდა შესაბამის უწყებებში და რეაგირება რომ არ იყო. ჩემი ძმა სიტყვაძუნწია, საქმიანი კაცი, ბევრი არაფერი უთქვამს ჩემთან ამ საქმეზე.

ავჭალის პოლიციაში მისი ავტომანქანის დათვალიერება მიდის. კარი ღია იყო დატოვებული და სამართალდამცავებს მანქანაში დახვდათ ის დოკუმენტები, რაც ფბ-ზე იყო ატვირთული. როცა ფურცლები გადმოაბრუნეს, უკანა მხარეს ხელით მინაწერი ჰქონია - "ახლა მაინც არ შეამოწმებთო?" გასაღებიც მანქანაში იყო დატოვებული. ექსპერტები ახლა იწყებენ მანქანის ოფიციალურად შესწავლას. ლოგიკას თუ მივყვებით, რამაზმა მიიყვანა ადგილზე მანქანა, ღია დატოვა და წავიდა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.

როცა ასეთი რამ ხდება, ადამიანი მაშინვე ცუდს ფიქრობს, ყველგან მოვიკითხეთ, სადაც შეიძლებოდა, ყველგან ვნახეთ, არც მისმა საახლობლომ იცის რამე.

ამ პოლიციელზე იმაზე მეტი არ ვიცი, რაც პოსტში ეწერა - შემოძვრაო და ა.შ. რამაზი ისეთი ზრდილობიანი, გაწონასწორებული და კორექტულია, მისი ლექსიკა გამიკვირდა. რა ზეწოლა მოახდინეს ისეთი, ამ ზომამდე რომ მიიყვანეს ადამიანი, ასეთი რამ დაწერა და მერე გაუჩინარდა?! ეს პოლიციელი - გიორგი გოგინაშვილი არაა გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან, სხვა განყოფილებიდან ყოფილა. როცა რამაზს ბინაში დახვდა, მათ შორის შელაპარაკება მომხდარა და პოლიციელს მუქარა დაუწყია, ამაზე მოითხოვა რამაზმა რეაგირება. ნაცვლად იმისა, რომ იმ პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილებოდეს, ჩემს ძმას ვეძებ. მის ყოფილ მეუღლეს არ დავლაპარაკებივარ ამაზე, მაგრამ, როგორც ვიცი, ეს პოლიციელი მისულა და უთქვამს, სამეზობლოში რაღაც ყაჩაღობა მოხდა და გამოკითხვაზე ვარო. ამ დროს, ის არ იყო უფლებამოსილი პირი, სხვა რაიონის პოლიციელს რა საქმე აქვს გლდანი-ნაძალადევის რაიონში? ერთი თვის წინ მოკლედ მითხრა, რომ ასეთი რაღაც მოხდა და რეაგირებისთვის უწყებებს მიმართა, მეტი არაფერი ვიცი.

რა ვერსია უნდა მქონდეს? ჩემი ძმა არის უწყინარი, საქმიანი და განათლებული ადამიანი. კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა, მაგალითად, ლარი რომ უფასურდება, ეკონომიკა უკან მიდის და ა.შ. რა ვიცი, ამან თუ გააღიზიანა ვიღაცა, თორემ, სხვა რა? ყველა ეკონომიკურ მოვლენაზე რეაგირებდა, ხშირად იწვევდნენ ტელევიზიებში და დაუფარავად ამბობდა სიმართლეს. არ ვიცი, სხვა რა ვიფიქრო“.

რამაზ გერლიანის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდებაა.