"ჩვენ მივმართავთ რეკომენდაციით საკოორდინაციო საბჭოს, რომ "ბუსტერი“ გახდეს აუცილებელი" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძის თქმით, უახლოეს მომავალში იმუნიზაციის საბჭოზე "ბუსტერ" იმუნიზაციის შუალედების შემცირების საკითხი დადგება.
"ყველა ადამიანი, ვინც ორჯერადად აცრილია, მესამე აცრაც უნდა გაიკეთოს, ე.წ. ბუსტერი. ჩვენ მივმართავთ რეკომენდაციით საკოორდინაციო საბჭოს, რომ "ბუსტერი“ გახდეს აუცილებელი. ასევე, იმუნიზაციის საბჭოს წინაშე დადგება საკითხი, რომ "ფაიზერის" და "ასტრაზენეკას“ შემთხვევაში "ბუსტერის" შუალედი ჩამოიწიოს 5 თვემდე.
მოგეხსენებათ, "ომიკრონთან“ ბრძოლის მთავარი იარაღია "ბუსტერ“ იმუნიზაცია. შემდეგი რეკომენდაციაა პირბადის ტარება ყველანაირ სივრცეში და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. "ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა", - განაცხადა გამყრელიძემ.