ავტორი:

"აეროპორტში საშინელება ხდებოდა, ძლივს გამოვაღწიე... იმის იქით ქვეყანაში ლაღი ცხოვრებაა" - რას ჰყვება გაგამარუ ტოკიოდან, იაპონიაში არსებულ ეპიდვითარებაზე?

"აეროპორტში საშინელება ხდებოდა, ძლივს გამოვაღწიე... იმის იქით ქვეყანაში ლაღი ცხოვრებაა" - რას ჰყვება გაგამარუ ტოკიოდან, იაპონიაში არსებულ ეპიდვითარებაზე?

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ახალი, სამხრეთ აფრიკული შტამი "ომიკრონი" გამოჩნდა, ყველა ქვეყანამ ახალი შეზღუდვები შემოიღო და სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა... თუ როგორი ვითარებაა ამომავალი მზის ქვეყნად წოდებულ იაპონიაში, ამის შესახებ ტოკიოდან ქართველი სუმოისტი გაგამარუ ( თეიმურაზ ჯუღელი) გვესაუბრა:

- იაპონიაში სამ დეკემბერს ჩამოვედი, ტოკიოში ვიმყოფები... ძალიან გამკაცრებულია წესები ცენტრალურ აეროპორტებში, ტურისტი საერთოდ ვერ შემოდის, გასვლა შეუძლია... იაპონიაში კი უკვე ძალიან კარგი სიტუაციაა. მოსახლეობის 99% კი არა, თითქმის 100 პროცენტი ნიღბით დადის, ყველა დაწესებულება გახსნილია და ადამიანური ცხოვრებაა. გუშინ იყო ტოკიოს მერი ტელევიზიით გამოსული და განაცხადა, რომ ახალი, სამხრეთ აფრიკული შტამის "ომიკრონის" ორი შემთხვევა დაფიქსირდა და პაციენტები კარანტინში არიან გადაყვანილი. ყველანაირად ცდილობენ ახალი შტამი ქვეყანაში არ გავრცელდეს. 130 მილიონიან მოსახლეობაში ორი შემთხვევა ისედაც არ არის ბევრი, მაგრამ იაპონია მაქსიმალურად ცდილობს ვირუსი არ გავრცელდეს.

- აცრილთა რაოდენობა დიდია, არიან ანტივაქსერები ?

- არიან ანტივაქსერებიც, მაგრამ ძალიან მცირეა მათი რაოდენობა... აცრილია მოსახლეობის 80%, დანარჩენს გადატანილი აქვს და ცოტაა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ არ უნდა აიცრან. მათ კოვიდი გადატანილი აქვთ, თვლიან რომ იმუნიტეტი იცავთ და თუ არ აიცრებიან, საფრთხე აღარ ემუქრებათ.

ყოველდღე მონაცემებს აღარ ვამოწმებ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ 15 მილიონიან ტოკიოში მხოლოდ 5 შემთხვევა იყო... შეიძლება ითქვას რომ ფაქტობრივად დამარცხებულია ვირუსი, მაგრამ რომ არ გაექცეთ, სწორედ ამიტომ არის აეროპორტებში ძალიან სიმკაცრე. მე რომ გამოვიარე საშინელება ხდებოდა, ძლივს გამოვაღწიე.

- რატომ?

- მაქსიმალურად გამოწმებენ, ორჯერ ტესტს გიკეთებენ, სხვანაირ პისიარ ტესტს. ამიტომაც ყველა ვერ შემოდის, ტურისტი გამორიცხულია შემოვიდეს. თავიანთი ქვეყნის მოქალაქეს იღებენ და კარანტინში გადაჰყავთ, თუ საჭიროა. მე ტურისტი არ ვარ, ვიზაც არ მჭირდება და ჩემზე არ ჰქონდათ უფლება შემოსვლაზე უარი ეთქვათ. ვისაც ვიზა სჭირდება, აბსოლუტურად ყველა უარს იღებს! როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აეროპორტს რომ გამოცდები ქვეყანაში ლაღი ცხოვრებაა.

- ფიქრობთ რომ პანდემიის მართვის მხრივ იაპონია მისაბაძია?

- იაპონია კოვიდამდეც, ახლაც და მუდამ მისაბაძი ქვეყანაა... პანდემიის პირობებშიც სტაბილურობა, მაქსიმალური წესრიგი გამოავლინეს. ერთი პერიოდი აქაც დამძიმდა სიტუაცია, დღეში 4 ათასი იყო ინფიცირებულთა შემთხვევები და ლამის გაგიჟდნენ. 150 მილიონიან ქვეყანაში ეგ ბევრი არ არის. ჩვენთან 3 მილიონიან ქვეყანაში 4 ათას შემთხვევაზე ამბობდნენ, სიტუაცია დასტაბილურდაო...

ყველა ადამიანის გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა, მაგრამ იაპონიაში სხვა ქვეყნებთან შედარებით კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა მაქსიმალურად მცირეა. იაპონლები ყველაფერს სხვანაირად მიუდგენ, ყველა ფეხის ნაბიჯზე საავადმყოფოა და ყველა საავადმყოფოში ძალიან მაღალი სტანდარტები და ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ.