ავტორი:

"დედას გარდაცვალების შემდეგ მამა ძალიან დამძიმდა... ცუდად კი იყო, მაგრამ სულ "ერისიონზე" ფიქრობდა" - რას ჰყვება ჯემალ ჭკუასელის ბოლო თვეებზე მისი შვილი?

"დედას გარდაცვალების შემდეგ მამა ძალიან დამძიმდა... ცუდად კი იყო, მაგრამ სულ "ერისიონზე" ფიქრობდა" - რას ჰყვება ჯემალ ჭკუასელის ბოლო თვეებზე მისი შვილი?

ქართველი მომღერალი და ანსამბლ "ერისიონის" ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახალხო არტისტი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს 1986-2015 წლებში ხელმძღვანელობდა...

"ბოლო 6 თვის განმავლობაში ძალიან ცუდად იყო, გუშინ უკონტაქტო გახდა და მალევე გარდაიცვალა" - გვითხრა შვილმა შერმადინ ჭკუასელმა, რომელიც ამჟამად ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელია...

- მოგეხსენებათ, რა თაობა იყო - ანზორ ერქომაიშვილი, თემურ ქევხიშვილი, გომარ სიხარულიძე, ჯემალ ჭკუასელი... "ოქროს კვეთა" იყო, სამწუხაროდ, ყველა წავიდა და იმ თაობიდან ჯემალ ჭკუასელი იყო ბოლო მოჰიკანი, რომელმაც დაგვტოვა...

- როგორც ვიცით, ბატონი ჯემალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მეუღლე გარდაეცვალა...

- დიახ... დედას ინფარქტი ჰქონდა, შემდეგ კოვიდი დაერთო, ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა... მამა იმის შემდეგ ძალიან დამძიმდა, მეტყველება უჭირდა, გადაადგილება არ შეეძლო. დედას გარდაცვალებიდან 6 თვე გავიდა და მამა იმის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, ძალიან ცუდად იყო...

ჯემალ და გიული ჭკუასელები

გუშინწინ საღამოს კლინიკაში გადავიყვანეთ, რადგან ნაწოლები გაურთულდა და ქირურგიული ჩარევით რომ გაესუფთავებინათ. გუშინ პირველის წუთებზე გარდაიცვალა. დაემთხვა თუ რა იყო არ ვიცი, მაგრამ უცბად იმდენად უკონტაქტო გახდა, წამალიც კი ვეღარ დაალევინეს, შემდეგ სამწუხაროდ, გული გაუჩერდა.

საოცარი ის იყო, რომ მამას ანსამბლი "ერისიონის" მეტი არაფერი ახსოვდა. სულ ანსამბლის დღევანდელობაზე, სამომავლო გეგმებზე მესაუბრებოდა... აუცილებლად ყველაფერს ისე გავაგრძელებთ როგორც ჯემალ ჭკუასელის სახელს, ჩვენს ქვეყანას და ამ ანსამბლს ეკადრება... დღეს და ხვალ პანაშვიდები "ერისიონის" სარკეებიან დარბაზში გაიმართება. შემდეგ სავარაუდოდ, სამებაში გადავასვენებთ. სამძიმარს საიდან აღარ ვიღებთ. უკვე გამოხატა მთავრობამ, უცხოეთიდანაც გვისამძიმრებენ..

ჯემალ ჭუასელი შვილებთან ერთად

- ძალიან დიდ პატივს სცემდა ბიძინა ივანიშვილი, მან თუ მოგისამძიმრათ?

- დიახ, ნამდვილად დიდ პატივს სცემდა და არაჩვეულებრივი ურთიერთობაც ჰქონდათ... ჯერ პირადად არ დაურეკავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გული როგორ ეტკინებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მამას ყველა გეგმას პირნათლად შევასრულებთ და ანსამბლი „ერისიონი“ კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე იქნება!