ავტორი:

ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

ქართველი მომღერალი და ანსამბლ "ერისიონის" ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ანსამბლის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ჭკუასელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას პარკინსონის დაავადება აწუხებდა. "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი კლიკნიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, ის წუხელ გარდაიცვალა.

"ჯემალ ჭკუასელი! .... იგი მთელს მსოფლიოში უდიდეს შემოქმედებით ანსამბლად აღიარებულ „ერისიონს“ უკავშირდება. ყველა გზა, დიდიც და პატარაც ბავშვობით იწყება. ამ ბავშვობას კი თავად ჯემალ ჭკუასელი საკმაოდ თბილად და ლამაზად იხსენებდა. 1935 წლის 18 მაისს სოფელ წითელმთაში (შემოქმედის თემი) ღამის სიმყუდროვე თოფის გრიალმა დაარღვია.

„ბიჭია, ბიჭია!“ - დაედევნა გასროლის ექოს მამაკაცის ხავერდოვანი, ძლიერი ხმა. ამ ალიაქოთის მიზეზი კი გახლდით მე, „მამის იმედი, დედის ბედნიერება“, თქვენი მონა-მორჩილი, რომელზეც ცოტა მოგვიანებით მამამ, შერმანდი ჭკუასელმა, გაიხუმრა - ნამეტანი აბდლურად გავისროლე თოფი ჰაერში. სიმართლე თუ გინდა, მაი თოფი აგერ ა, საფეთქელში უნდა მესროლაო. - იგონებს ჯემალ ჭკუსელი.

ხუმრობა იქით იყოს და სწორედ ბატონი შერმანდის დამსახურებაა, რომ მან თავისი ვაჟი სისხლხორცეულად აზიარა განუმეორებელი, უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და საერთოდ, ფოლკლორის დიდ სიყვარულს. ჯემალ ჭკუასელის ბავშვობის წლებმა მშობლიური სოფლის წარუშლელ სილამაზეში, ქართული სიმღერის უსაზღვრო სიყვარულში, მშობლების და კუთხე-მეზობლების სიყვარულში ჩაიარა.იმ დროს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გამორჩეულად კარგი ანსამბლი არსებობდა, რომელსაც ლოტბარი გოგი გუგუშვილი ხელმძრვანელობდა. ანსამბლის სიყვარულით მოხიბლულმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და ჯემალი 1962 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტად ჩაირიცხა. მერე ინსტიტუტში ჩამოყალიბებულმა მოყვარულ მსახიობთა დასმა გაიტაცა. პირველად „მაია წყნეთელში“ ითამაშა.

მერე მისმა „ბეჟანამ“ ნამდვილი სენსაცია გამოიწვია თეატრალურ საზოგადოებაში. ურჩევდნენ კიდეც ამ გზას გაჰყოლოდა, მაგრამ გენი მაინც გენია... ისევ საყვარელ ანსამბლს მიაშურა.1976 წელს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (დღევანდელი „ერისიონი“) კონკურსი გამოცხადდა, სადაც ბატონმა ჯემალმა მისი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მიიღო მონაწილეობა.მერე იყო ქუთაისი...

1979 წელს ჯემალ ჭკუასელი მის მიერ დაარსებული, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. 7 წლის დაუზოგავი შრომით მან მოახერხა, რომ ანსამბლი მაღალ შემოქმედებით დონეზე აეყვანა. სწორედ ქუთაისში გამოავლინა ბატონმა ჯემალმა უდიდესი პროფესიონალიზმი და საქმის მიმართ ერთგულება.პირველი კონცერტი 1982 წლის 4 მარტს, მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართა.

მთელმა ქუთაისმა იზეიმა იმ დღეს სიმღრისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დაბადება. ანსამბლმა თბილისში სტუმრობაც არ დააყოვნა და 10 მარტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა.1986 წელს კი იმდროინდელი კულტურის მინისტრის - ვალერი ასათიანის ბრძანებით ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.

1990 წლის 31 მაისს კი დიდ ანსამბლს აკადემიურის წოდება მიენიჭა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვითყვით, რომ ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა. 1999 წელს კი ბატონ ლევან ღვინჯილიას რჩევით ანსამბლს ეწოდა „ერისიონი“, რომელიც სულხან-საბას განმარტებით, „ცისიერს, მთის თავს ზეითს“ ნიშნავს.2010 წელს „ერისიონს“ თბილსში, ფილარმონიის დიდი საკონეცრტო დარბაზის წინ დამსახურებული ღვაწლისთვის ვარსკვლავი გაუხსნეს.თავად ჯემალ ჭკუასელი კი ამბობდა: „გალაღებული ცხოვრება არასდროს მქონია, მაგრამ მე ვარ კაცი, რომელსაც გათენება მიხარია, ვინაიდან ყოველდღე დიდებული სანახაობით ვტკბები“.საქართველოს სახალხო არტისტი არაერთი ჯილდოსა და სტატუსის მფლობელი გახდა.

1. საქართველოს სახალხო არტისტი

2. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

3. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი

4. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

5. ღირსების ორდენის კავალერი

6. პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერი

7. ხელოვნების ქურუმი

8. ვარსკვლავოსანი

9. ღვაწლმოსილი ლოტბარი

10. ხელოვანთა ოქროს ფონდის კულტურის რაინდის წოდება

11. თბილისის საპატიო მოქალაქე

12. უნივერსიტეტის (სდასუ) საპატიო დოქტორის წოდება

13. დიდუბის საპატიო მოქალაქე

14. ოზურგეთის საპატიო მოქალაქე

15. შემოქმედის საპატიო მოქალაქე

16. ეამაყება თბილისს

17. ჯემალ ჭკუასელს და ანსამბლ „ერისიონს“ მიენიჭა – ქართული ფოლკლორის, ქართული საგანძურის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის – შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო.

პანაშვიდები: შაბათი და კვირა 17:00 საათიდან"ერისიონში" ,მის: რუსთველის 16დაკრძალვის შესახებ ყველა დეტალს შეგატყობინებთ მოგვიანებით" - წერია განცხადებაში.

ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს დაიბადა. 1970 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი.

1971-1973 წლებში იყო გარდაბნის რაიონის მთავარი აგრონომი; 1976-1979 წლებში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი. 1986-2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა „ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.

2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

2015 წლის 17 მაისს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.