ავტორი:

"შოკში ვართ... ვერდიქტის შედეგ შვილმკვდარი დედის თვალწინ ზეიმი ჰქონდათ, კობიაშვილმა დარბაზი სიცილით დატოვა" - რას ამბობს გორთამაშვილის ოჯახი განაჩენის შემდეგ?

"შოკში ვართ... ვერდიქტის შედეგ შვილმკვდარი დედის თვალწინ ზეიმი ჰქონდათ, კობიაშვილმა დარბაზი სიცილით დატოვა" - რას ამბობს გორთამაშვილის ოჯახი განაჩენის შემდეგ?

გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო, რასაც გორთამაშვილის ოჯახის პროტესტი და ხმაური მოჰყვა.

სასამართლო პროცესს გორთამაშვილის ოჯახის ახლობლებთან ერთად მისი დედა ესწრებოდა. თამაზ გორთამაშვილის დედის განცხადებით, მერაბ კობიაშვილი დამნაშავეა, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს.

"მას იმდენი ხალხი იცავს და იმდენი ხალხი ჰყავს, რომ იმასთან ნულები ვართ. უფალს ვეხვეწები გასცეს პასუხი ჩემი შვილის გამო. ყველა მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს, რომ ხვალ და ზეგ მკვლელობა აღარ მოხდეს.

უფალთან რომ წარსდგება და ეტყვის ჩემს მიერ შექმნილი კაცი რატომ მოკალიო, რა პასუხი უნდა გასცეს მაგ არაკაცმა? ასეთი მკვლელები შეიძლება ქვეყანაზე იყვნენ? რატომ წაიყვანა 19 წლის ბიჭი და სცემა, იმის გამო დაიწყო ყველაფერი, სად არიან, რატომ არ ამბობენ ამას?" - აღნიშნა თამაზ გორთამაშვილის დედამ.

AMBEBI.GE თამაზ გორთამაშვილის ოჯახის კიდევ ერთ წევრს, მოკლულის ძმის ცოლს, ნინო გულიაშვილს ესაუბრა:

- შოკირებული ვარ, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ საქართველოში ადამიანის სიცოცხლეს ფასი აღარ აქვს. დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა საზოგადოებამ, რომ სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირია. შეიძლება მოგკლან და მკვლელი გამართლდეს, თუ მას აქვს გავლენები, აქვს ჩინი და წოდება და ყველანაირ სიბინძურეზე წავა, არ ვიცი, აზრი აქვს საერთოდ რამის თქმას ამ ვითარებაში?

მოდი ადამიანს ნუ გავუშვებ 20 წლით ციხეში იმიტომ რომ ცოცხალია, იმიტომ რომ ოჯახი ჰყავს, ეს მიდგომა იყო. ამ დროს არავის აღარ ახსოვს მოკლული 28 წლის სიცოცხლით სავსე ბიჭი, რომელსაც უმოწყალოდ წაართვეს სიცოცხლე და არაფრის უფლება აღარ აქვს დღეს. კიდევ ბოლომდე მეგონა და მჯეროდა რომ რაღაც კანონების ფარგლებში გადაწყდებოდა იმდენად ყველაფერი კარგად იყო გაშიფრული და დაღეჭილი პროკურატურის მიერ, ისე დეტალურად ახსნილი ყველა დეტალი, მაგრამ მაინც გადაწონა ემოციურმა და ჰუმანურმა მხარემ, რაზეც აპელირებდა მუდმივად დამნაშავის ადვოკატი. ეს კამპანია რაც კეთდებოდა მისი ადვოკატის მიერ მკვლელობის დღიდან მოყოლებული მას ემსახურებოდა.

პროკურატურას არაფერი ისეთი არ გაუკეთებია ამ ხნის მანძილზე და მხოლოდ კობიაშვილის ადვოკატი იბრძოდა ბოლომდე საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. აპელირებდა და არასწორ ინფორმაციებს აჟღერებდა. ვერ დაეშვებოდნენ იმ დონემდე პროკურორები ეპასუხათ კაკაბაძის გამოხტომებზე და მასკარადულ წარმოდგენაზე, რომელიც მან მოაწყო. ზუსტად ვიცი, რომ ეს საქმე მოსამართლეს რომ გადაეწყვიტა, დიდი ხნის ჩამჯდარი უნდა იყოს ციხეში კობიაშვილი.

- სასამართლო პროცესებს ესწრებოდით?

- ყველა სასამართლო პროცესს ვესწრებოდი, დილიდან ღამემდე იქ ვიყავი და ვხვდები, არაფერს არ ჰქონია აზრი, არც სიტყვას, არც სიცოცხლეს. დღეს დაამტკიცა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს. როგორ შეიძლება, ასე გულგრილად გადაწყვიტო საქმე, როცა 28 წლის ბიჭის სიცოცხლეა შეწყვეტილი. თითქოს არ არსებობდა თამაზ გორთამაშვილი. ვინ არის საერთოდ ის, დიდი ამბავი თუ წაართვეს სიცოცხლის უფლება. ასეთი მიდგომა დავინახე. არადა პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, ყველა ფაქტი დაალაგა და ცალსახდა იყო მისი ბრალეულობა. ქედს ვიხრი პროკურატურის შრომის წინაშე.

თაზოს ძმები ვერც ერთ სხდომას ვერ ესწრებოდნენ, იმდენად მძიმე იყო ემოციურად მათთვის ეს მკვლელობა. ჩემთან ერთად თაზოს დედა იჯდა დარბაზში და განადგურდა. დამნაშავის და მისი მომხრეების სახეებისთვის უნდა გეყურებინათ. საერთოდ ამ პროცესების განმავლობაში უნდა გენახათ მერაბ კობიშვილის სახე, როგორი გაღიმებული იჯდა ხოლმე ის სასამართლო პროცესებზე, როგორ ერთხელაც არ დატყობია სინანული. უნდა გენახათ, როგორი სიცილით დატოვეს დარბაზი მან და მისმა მომხრეებმა და არ მიუქცევიათ საერთოდ ყურადღება თაზოს დედისთვის, შვილმკვდარი დედის თვალწინ დაიწყეს ერთმანეთზე გადახვევა მილოცვები და სიცილი.

მოსამართლემ შენიშვნაც კი მისცა და უთხრა გარეთ გასულიყვნენ. ზეიმი ჰქონდათ. არანაირი სინანული კობიაშვილს არასოდეს ქონია. არანაირი ადამიანური გამოხატულება. მარტო დღეს არა, საერთოდ არც ერთხელ. დღეს საბოლოოდ საზოგადოებამაც მოკლა თაზო გორთამაშვილი, კობიაშვილთან ერთად საზოგადებამაც გაიმეტა 28 წლის ბიჭი სასიკვდილოდ. თითქოს დამნაშავე იყო თაზო, ან რის გამო მოკლეს?

არანაირი ადამიანობა არ გამოუჩენიათ არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს ამ ხნის მანძილზე. ასმაგად მძიმეა დედის მდგომარეობა, რომელიც თავიდან ბოლომდე იჯდა ამ სასამართლო პროცესებზე და უყურებდა ამ მასკარადს, რასაც კობიშვილის ადვოკატი აწყობდა. ყველა შვილმკვდარმა დედამ იცის რა განცდები ექნება დღეს თაზო გორთამაშვილს დედას, რომელიც უსამართლობას შეეჩეხა პირისპირ. 28 წლის შვილი მოუკლეს და დამნაშავეც დაუსჯელი დარჩა. კობიაშვილი ღმერთის სამსჯავროს ვერ გაექცევა, უფლის სასჯელი ელოდება.