გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი პირველ 4 საათში ვერ მიიღეს და მათ ახლა 8-საათიანი დროის ათვლა დაეწყოთ. ამ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებას 8 ნაფიცი მსაჯულის ხმა სჭირდება.
გუშინდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, რის შემდეგაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერდიქტის გამოსატანად გავიდა. მათ დროის ათვლა 05:00 საათზე დაეწყოთ, ერთხმად ვერდიქტის ვერმიღების გამო 09:00 საათზე მათ 8-საათიანი დროის ათვლა დაეწყოთ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.
ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
მერაბ კობიაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების გარეშეა დატოვებული.