ავტორი:

რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის ბიძა? - შსს-ს განმარტება

რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის ბიძა? - შსს-ს განმარტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, გამოკითხვაზე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, თემურ ალასანია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა - თემურ ალასანია. ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით გრძელდება,“- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ბიძა, თემურ ალასანია დაკითხვაზე დაიბარეს. ​