ავტორი:

"ბევრმა მითხრა, რომ ეს აღმოჩენაა“ - რა უნიკალურ ტრადიციას ინახავს დადიანების სასახლის 600 წლის "სამართლის ხე"

"ბევრმა მითხრა, რომ ეს აღმოჩენაა“ - რა უნიკალურ ტრადიციას ინახავს დადიანების სასახლის 600 წლის "სამართლის ხე"

პედაგოგი ციცინო შენგელაია უკვე ოცი წელია, უნიკალური ტრადიციის აღსადგენად იბრძვის... საუკუნეების წინ ზუგდიდში დადიანების სასახლეში უნიკალური "ტრიადა" იყო - სარჩელის აღსაძრავი ქვა-ტახტი, დიდი ცაცხვის ხე, რომელთანაც ხდებოდა სასჯელის აღსრულება და მარმარილოს ტახტი, საიდანაც ქვეყნის გამგებელი ვერდიქტს ამბობდა...

მიუხედავად იმისა, რომ დადიანების სასახლეს განსაკუთრებულად ბევრი ვიზიტორი ჰყავს, პრესის ყურადღებაც მუზეუმის მიმართ დიდია, ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ პედაგოგ ციცინო შენგელაიასგან თუ მივიღებთ...

ციცინო შენგელაია:

- ლამბერტი თავის ნაშრომში სამეგრელოს ძალიან მკაცრ წესებზე წერს... ქურდებს ხელს ჭრიდნენ, ვისაც უზნეობაში შეამჩნევდნენ, მას ცხვირს აჭრიდნენ... ლევან მეორემ თავის ცოლს დარუნია შერვაშიძეს ცხვირი მოაჭრა. მოგზაურ კასტელსაც აქვს ეს თავის ნახატებში. ქალს ხელი აქვს ცხვირზე აფარებული, ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა.

მამაკაცი, ვინც მასთან იყო უზნეობაში შემჩნეული, ჯერ მოკლეს, მერე ზარბაზანში ჩატენეს და გაისროლეს. ცხვირს ხომ აჭრიდნენ, მაგრამ ვინც ენის მიმტანი იყო მას ყურსაც აჭრიდნენ, ენასაც, თვალსაც უწვავდნენ... შემდეგ ეს მკაცრი წესები შეიცვალა და ზუსტად მაგის სიმბოლურად აღდგენისთვის 20 წელზე მეტია ვიბრძვი. ეს იქნება ერთ-ერთი ლამაზი ადგილი სამართლებრივი და სანახაობრივი კუთხით, ტურისტების საჩვენებლად...

ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ტრიადა იყო - სარჩელის აღსაძრავი ქვა -ტახტი, დიდი ცაცხვის ხე, რომელთანაც ხდებოდა სასჯელის აღსრულება და მარმარილოს ტახტი, საიდანაც ქვეყნის გამგებელი ვერდიქტს ამბობდა... წარმოიდგინეთ რა შთამბეჭდავია 600 წლოვანი ცაცხვის ხე, ქვის ფიქალი - შვიდი კვადრატული მეტრი ფართობის, კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ ჩამოტანილი მარმარილოს მთავრის ტახტი. მხცოვანმა ხალხმა აღმიწერეს მარმარილოს ტახტი, რომელიც დიდი ზომის იყო. საზურგეზე ჰქონდა დადიანების გერბის სიმბოლიკა, მუხის ფოთლების ორნამენტები სახელურებზე... ეს ტრიადა ერთმანეთთან ახლოს იყო დაკავშირებული, ვიზუალურადაც და საქმითაც...

- არსებობს ისტორიულ წყაროებში ცნობები ამის შესახებ?

- დიახ, იონა მეუნარგიას ქართულ მწერლობაში ვნახე ჩანაწერი, რომ დადიანების სასახლის წინ ცაცხვის ხესთან ხდებოდა საქმის გარჩევა და ამის შემდეგ დავიწყე იტალიური მისიონერების - არქანჯელო ლამბერტის, კლიმენტე გალანოს და სხვათა ნაშრომების შესწავლა... გავეცანი და მანამდე სხვადასხვა ქვეყნებში დასჯის საკმაოდ სასტიკი ფორმები იყო, მაგრამ მე-17 საუკუნიდან, როცა ლევან მეორე დადიანი სამეგრელოს განაგებდა, მან შეისწავლა მეგრელების ჩვეულებები და სასახლეში მოიტანა ქვედა ცარცული კირქვა, რაც ზუგდიდის ირგვლივ მრავალ ადგილას მოიპოვება.

ამ ქვის დადგმის მერე უფრო სხვანაირი გახდა სასჯელის გამოტანის რიტუალი. ჩვეულებითი სამართალი იყო, ის რაც ხალხს ჰქონდა შემუშავებული. ლევან მეორე დადიანმა ეს გამოიყენა თავის მმართველობაში, სამართლის დადგენის დროს, სამართლის წესებში... სამშაბათს, ხუთაბათს და შაბათს ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელი მეგრელები ამ ქვაზე ადიოდნენ. მართალი კაცი ფეხით დგებოდა და მტყუანი თავს დებდა, რომ ეპატიებინათ.

- ანუ თუშეთში რაც იყო, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია და რატომ არ არის ასევე ცნობილი სამეგრელოსი?

- დიახ, თუშეთით უფრო დაინტერესებულია პრესა...თუშეთისგან განსხვავებით, ჩვენთან უძველესი დროიდან იყო ეს ყველაფერი...

- რამდენი წელია ამის აღსადგენად იბრძვით?

- ამ პროექტს მე უკვე ოფიციალურად 2005 წელს ვთავაზობდი ხელისუფლებას... 2000 წელს ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში მომცეს სამართლის საათები და მაშინ დავინტერესდი სამეგრელოს სამართლით... "ქართულ მწერლობაში" ეწერა დავით დადიანმა რომ თავის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. მაშინ უზენაესი სასამართლო ჰქონდათ დადიანებს და საფუძველი იყო ეს ქვა-ტახტი, ანუ ჩვეულებითი სამართალი. დავით დადიანს ქართული და რუსული კანცელარია ჰქონდა, რადგან საქართველო იმ პერიოდში რუსეთის შემადგენლობაში იყო.

რუსეთმა თავის კანონები შემოიტანა, მაგრამ ადგილობრივებში ჩვეულებით კანონებსაც იყენებდა. იქ იყო ასეთი მოსამართლე როსტომ ჩიქოვანი, რომელმაც დავით დადიანს უთხრა, რომ მას ერთი თავადი უჩიოდა... როსტომმა აუხსნა, რომ ის თავადი მართალია, თქვენ გამოდიხართ მტყუანიო, დავითმა მიუგო, კარგად ნახე გაარჩიე და გადაწყვეტილება მომახსენე, როგორც იურისტმაო. ახსნსის შემდეგ დავითი დაეთანხმა და თავის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ქვას მხოლოდ სასამართლოს ფუნქცია არ ჰქონდა.. მარი ბროსეს ჩანაწერებსაც გავეცანი, სადაც არის ცნობა, რომ მთავარი ამ ცაცხვის ქვეშ სტუმრებსაც ღებულობდა, საუბრობდნენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდნენ... მოგეხსენებათ დავით დადიანის ძმა იყო პოეტი - გრიგოლ დადიანი... მას აქვს -პოემა - რუხის ბრძოლა“... გრიგოლ დადიანი კაცია დადიანის პირით იმერეთის მეფეს მიმართავს, მოდით ჯერ მტერი დავამარცხოთ და მერე მოვიდეთ ზუგდიდში, ქვა-ტახტის ქვეშ დავჯდეთ და ვილხინოთ, ოჯალეშის ღვინოთი ვისიამოვნოთ, ზუგდიდს ვუღიღინოთო...ქვაზე დგებოდნენ და აცხადებდნენ ქვეყნის წინაშე თუ რამ პრობლემები იყო, ომში ვინც თავს გამოიჩენდა, ჯილდოებს ურიგებდნენ. მიტროპოლიტები ლოცვებს, პარაკლისებს აღავლენდნენ და ასე შემდეგ...

როგორც მოგახსენეთ სკოლაში საგანს ვასწავლიდი და სკოლიდან გაკვეთილების შემდეგ ბავშვები მიმყავდა, მოსამართლესთან და პროკურატურასთან შეთანხმებით, ბავშვებს პროცესებს ვასწრებდი... დადიანების სასახლესთან უნდა გაგვევლო, სადაც შესასვლელში დგას დიდი ცაცხვის ხე და ბავშვებს ვუყვებოდი, ამ ხესთან რომ ხდებოდა სამართლის გადაწყვეტილების მიღება, იქ რომ იდგა ფიქალის ქვა, რომელიც ხელოვნურ აუზთან გადაიტანეს... დადიანების სასახლის არქიტექტურა რომ გამოჩენილიყო, დიდი ხეების მოჭრა დაიწყეს და ბავშვებმა ეს რომ დაინახეს, მოირბინეს და მითხრეს, ჩვენს ცაცხვის ხესაც მოჭრიანო. გავიქეცით და სასახლის მაშინდელ დირექტორს კახა ფარცვანიას ავუხსენით, რომ ხე არაფრით მოეჭრათ, დაგვიჯერა და ცაცხვის ხე გადავარჩინეთ... ბოტანიკური ბაღის დაარსებამდე იყო ეს ცაცხვის ხე იქ და როგორ შეიძლებოდა მის მოჭრა?!

ეს ხე ხომ გადავარჩინე და ამჯერად ჩემი პროექტი იმას ითვალისწინებს რომ მაწანწალა ძაღლებისგან ხე დაცული იყოს, ფაროსანაც დაესია ხეს და გადასარჩენია. დიდი ქვა ძველ ადგილს უნდა დავუბრუნოთ, მარმარილოს ტახტი აღვადგინოთ... ქალაქმა დაუშვა ტენდერი და ქუთაისლებმა გააკეთეს პროექტი, ჩემი თანაავტორებით... კომპოზიციის განთავსების პროექტი თბილისში, კულტურის მინისტრთან - თეა წულუკიანთან არის გაგზავნილი.