ავტორი:

ვინ არის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი, რომელიც ავტოავარიაში მოყოლის შემდეგ სკანდალში გაეხვა - "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის მტკიცებით, ის საჭეს ნასვამი მართავდა

ვინ არის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი, რომელიც ავტოავარიაში მოყოლის შემდეგ სკანდალში გაეხვა - "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის მტკიცებით, ის საჭეს ნასვამი მართავდა

მითქმა - მოთქმა არ წყდება კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოშვილის გარშემო მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა გაავრცელა ინფორმაცია, - რამდენიმე დღის წინ, "ქართული ოცნების” შეკრებიდან წამოსული კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი საჭესთან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ დაჯდა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილი დააზიანაო...

გიორგი ბოტკოველი ამტკიცებდა, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ შიოშვილი თელავის კლინიკაში მივიდა, სადაც ექიმებს მოატყუა, თითქოს "კიბიდან დაგორდა და იქ მიიღო მცირე დაზიანებებიო”.

მან შინაგან საქმეთა სამინისტროდან შიოშვილისთვის ჩატარებული ალკოტესტის პასუხების გამოქვეყნებაც მოითხოვა... "რამდენიმე დღის წინ კახეთში, ჭავჭავაძის რეზიდენციაში "ოცნებამ” და ლიდერებმა ჩაატარეს დიდი ღრეობა, სადაც შეკრებილები იყვნენ მუნიციპალიტეტების მერები და სხვადასხვა ჩინოვნიკები. ვნახეთ, როგორ ზეიმობდნენ იმ დროს, როდესაც მოსახლეობას ძალიან უჭირს. ამ ყველაფრის შემდეგ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი მთვრალ მდგომარეობაში წინანდლიდან წავიდა თელავში და ხედავთ რა მდგომარეობაში ჩააგდო სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი ავტომობილი. პოლიცია ამ ფაქტს მალავს, ავტომობილიდან მოხსნილია სანომრე ნიშნები, ცდილობდნენ მიეჩქმალათ ეს ფაქტი, თუმცა "ოცნების” შიდა გუნდიდან გამოსული ინფორმაციით, დადასტურებულად ვიცით, რომ კახეთის გუბერნატორი იყო მთვრალი“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

"ეს არის სრული ტყუილი იქიდან გამომდინარე, რომ ღონისძიება იყო შაბათს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კვირას საღამოს“, - ასე უპასუხა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის ბრლადებებს.

"ვმოძრაობდი ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, თელავის მიმართულებით. სიღნაღში ვიყავი საქმეზე და უკან ვბრუნდებოდი. ეს ამბავი არანაირ კავშირში არ არის იმ ღონისძიებასთან. საჭესთან მე ვიჯექი და მსუბუქი დაზიანებები მივიღე. სხვა არავინ დაშავებულა. რაც შეეხება ნასვამობას, ეს არის საფუძველს მოკლებული და კიდევ ერთი ტყუილი. იცით, რომ პოსტკოვიდურ პერიოდს გავდივარ და მკურნალობას ვაგრძელებ გართულებებზე. აქედან გამომდინარე, ნასვამი ვერანაირად ვერ ვიქნებოდი", - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა.

ამ ამბავს ბევრი გამოეხმაურა სოციალურ ქსელშიც. ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი "ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:

"ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოშვილს, რომელიც კვირას საღამოს ავტოავარიაში მოჰყვა. თუმცა სამართლიანობისთვის არც ოცნების წინანდლის გაშლილი სუფრიდან ბრუნდებოდა, არც თელავი წინანდლის გზაზე არ მომხდარა შემთხვევა და არც ნასვამი არ იყო. ბრუნდებოდა თბილისიდან თელავში და ავარია გურჯაანის გზაზე მოუხდა. სულ რაღაც 10 დღეა რაც კოვიდი გადაიტანა და არ მგონია, მისი ჯანმრთელობა საქილიკო იყოს!

ასევე არც თელავის საავადმყოფოში არ მისულა, იგი გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა 112- მა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, აქვს მოტეხილობები. ესაჭიროება ოპერაცია და თავისი ფეხით ვერც საავადმყოფოში მივიდოდა...

რაც შეეხება ავარიებს, მე ის დრო გამახსენდა 2012 წლამდე კახეთის გუბერნიის კუთვნილი ავტომობილი რომ ერთი გუბერნატორის ცოლს ჰქონდა საკუთრებაში აღებული და ისეთი ავარია მოუვიდა "ქიბარ ხალვაშის“ წართმეული ავტომობილით, რომ მანქანა კაპოტზე დასცა, სახელმწიფო ქონებაც გააუბედურა და თავის ჯანმრთელობასაც დიდი საფრთხე შეუქმნა. მაშინ რატომღაც არავის ჩაუტარებია ბრიფინგი ამ თემაზე....

დაბოლოს, უკაცრავად, რომ გადარჩა შიოშვილი. არ ვიცოდი, ასე ძალიან თუ "ტეხავდა“ მისი ჯანმრთელობა ...

პ.ს. ბრიფინგის ავტორზე კი დავწერ ის ჩემი მეგობარია, დიდი პატივს ვცემ და ძალიან გამიტყდა მისი განცხადება .

ირაკლი შიოშვილს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“.

  • ირაკლი შიოშვილი, რომელიც 2021 წლის 9 თებერვალს დაინიშნა სახელმწიფო რწმუნებულად კახეთის მხარეში, 1966 წლის 2 იანვარს არის დაბადებული. მიღებული აქვს იურიდიული განათლება და აგრეთვე არის ინჟინერ-ტექნოლოგი. აქვს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. როგორც მისი ბიორგრაფიიდან ვიგებთ, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე, ვეტერანი, სამხედრო წოდებით: მაიორი.