ავტორი:

"მოსკოვი ცდილობს რუსეთსა და ნატოს შორის მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ქვეყნების სისტემა შექმნას" - რას წერს ამერიკული გამოცემა უკრაინასა და საქართველოზე?

"მოსკოვი ცდილობს რუსეთსა და ნატოს შორის მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ქვეყნების სისტემა შექმნას" - რას წერს ამერიკული გამოცემა უკრაინასა და საქართველოზე?

ცნობილ ამერიკულ გამოცემაში The Christian Science Monitor-ში გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "რუსეთის მიერ ძალის გამოყენების მუქარამ დასავლეთი დიალოგზე აიძულა. შემდეგი ნაბიჯი ნატოსთან გარიგება იქნება“ (ავტორი - ფრედ ვეირი).

გაეცანით პუბლიკაციის მცირედ შემოკლებულ ვარიანტს.

ნატოს გაფართოების პროცესის გაგრძელება აღმოსავლეთ ევროპაში და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირში შედიოდა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მოსკოვისათვის ძალიან მტკივნეული იყო.

კრემლი თვალს ადევნებდა, თუ როგორ ზედიზედ იღებდა ნატო თავის რიგებში ვარშავის ყოფილი ხელშეკრულების მონაწილე კომუნისტურ ქვეყნებს და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს, რის შედეგადაც ნატოსა და რუსეთის დამაშორებელმა ხაზმა აღმოსავლეთით 950 კმ-ით გადაიწია. რუსეთი აცხადებს, რომ მას აქვს იმის დამადასტურებელი ინფორმაციები, რომ დასავლეთმა არ შეასრულა მიხეილ გორბაჩოვისათვს მიცემული (ზეპირი) პირობა, რომ "ნატო აღმოსავლეთით ერთი დიუმითაც არ გაფართოვდებაო“.

როგორც ჩანს, ახლა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვარაუდობს - მოვიდა დრო, რომ იმ დროს მიცემული ზეპირი გარანტიები დღეს უკვე წერილობით, ქაღალდზე იურიდიულად განმტკიცდეს.

აშკარაა, რომ მოსკოვში ვერავინ ვერ ხსნის იმის მიზეზს, თუ რატომ მოისურვა ვლადიმერ პუტინმა მაინცდამაინც ახლა იმ ულტიმატუმის გამოცხადება, რომ ნატომ უარი თქვას უკრაინის და საქართველოს მიღებაზე თავის რიგებში. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ სწორედ ამ მიზნით დაიწყო პრეზიდენტმა რუსეთის ჯარის საეჭვო თავმოყრა უკრაინის საზღვართან - რათა დასავლეთი ამ საკითხზე მოლაპარაკების დაწყებაზე აეძულებინა.

ცოტას თუ სჯერა იმისა, რომ რუსეთს ნამდვილად სურს უკრაინაში შეჭრა. ეს ომი ხომ რუსულ საზოგადოებაში ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. და მაინც, კრემლი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ თუ სიტუაცია ისე არ მოგვარდება, როგორც მას სურს, მაშინ სამხედრო ნაბიჯის გადადგმა გამორიცხული არ არის.

  • რუსეთის "წითელი ხაზები“

რუსeთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ამასწინანდელი ვიდეოჩართვის დროს მიმდინარე მოლაპარაკებას თეთრი სახლი და კრემლი სხვადასხვანაირ შეფსებებს აძლევენ. თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენმა თავისი რუსი კოლეგა მკაცრად გააფრთხილა, რომ უკრაინაზე თავდასხმა მოსკოვისთვის ცუდ შედეგებს გამოიწვევს, კრემლის განცხადებით კი, რუსეთმაც გააფრთხილა ამერიკა, რომ ნატო უკრაინაში შეღწევას ცდილობს და ეს მისთვის ცუდად დამთავრდება. ასევე მოსკოვი ითხოვს, რომ კიევმა "მინსკი-2“-ის შეთანხმება შეასრულოს, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სეპარატისტულ რეგიონს - დონბასს შეეხება.

საბოლოოდ კი, როგორც ჩანს, ასეთი სიტუაციაა შექმნილი: ჯო ბაიდენი დაეთანხმა ვლადიმერ პუტინს, რომ შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის მოთხოვნების თაობაზე - "შეგვიძლია თუ არა რაიმე ისეთი შეთანხმების დადება, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე ტემპერატურას დასწევს“. საინტერესოა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ასევე დაეთანხმა რუს კოლეგას, რომ კიევმა "მინსკი-2“-ის შეთანხმება შეასრულოს. მოლაპარაკებაში მონაწილეობას, ალბათ, ნატოს რამდენიმე "მსხვილი წევრიც“ მიიღებს. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი თავის მოსაზრებებს წერილობით, ფართო სახით ვაშინგტონს უახლოეს ხანში მიაწოდებს.

აშკარაა, რომ რუსეთმა დაინახა - ახლა ის დროა, რომ აშშ შეიძლება რაიმე დათმობაზე წავიდესო და სიტუაციით სარგებლობს. შეიძლება ამერიკამ მოსკოვს გარანტიები არ მისცეს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტაზე, მაგრამ კრემლისთვის შექმნილი ვითარება მაინც მომგებიანია.

ექსპერტების აზრით, მოსკოვი ცდილობს რუსეთსა და ნატოს შორის მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ქვეყნების სისტემა შექმნას - ფინეთისა და ავსტრიის მსგავსი, "ცივი ომის“ დროს რომ იყო. დღეს ტერმინს "ფინეთიზაციას“ იშვიათად ხმარობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, კრემლს სწორედ ეს აქვს მხედველობაში. ეს სისტემა დაცული იქნება საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლითაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, პირველ რიგში კი საქართველოსა და უკრაინას, გარანტირებული ექნებათ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და დემოკრატიული არჩევანის უფლება.

რასაკვირველია, იმის ალბათობა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ამ იდეას კეთილი განწყობით შეხვდებიან, უკიდურესად დაბალია. თვით იმ ფაქტმა, რომ ჯო ბაიდენი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას დათანხმდა, ამერიკის აღმოსავლეთევროპელ მოკავშირეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ისისნი რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგნი არიან.

  • დაძაბულობის დაბალანსების აუცილებლობა

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ მოხერხდება "გრანდიოზული ისტორიული გარიგების“ დადება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების თაობაზე, მაინც შეიძლება რაღაცის მიღწევა, მაგალითად, დასავლეთის მიერ იარაღის განლაგების შეზღუდვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც კრემლს დაამშვიდებს.

ჯო ბაიდენი რთული ამოცანის წინაშე დგას: მან ბალანსი უნდა მოძებნოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერასა და რუსეთთან ურთიერთობის აწყობაში. დღეს ვაშინგტონი ბევრს ლაპარაკობს ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, მაგრამ ის ვერაფერს გააწყობს პეკინთან, თუ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა მკვეთრად გამწვავდება.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენის დაპირება მოსკოვისადმი, რომ იგი შეეცდება უკრაინის დარწმუნებას "მინსკი-2“-ის შეთანხმების პირობები შეასრულოს, კიდევ ერთ "დანაღმულ ველს“ წარმოადგენს:

"მინსკი-2“-ის შეთანხმება იმ დროს გაფორმდა, 2015 წელს, როცა უკრაინა სუსტი იყო. ამ დოკუმენტში ჩაწერილია, რომ კიევმა მოლაპარაკება უნდა გამართოს დონბასის ლიდერებთან და თუ უკრაინას ამ რუსულენოვანი მოსახლეობის მქონე რეგიონის ინტეგრირება მართლაც სურს, მაშინ მას გარკვეული მუდმივი ავტონომიური უფლებები უნდა მიანიჭოს. ეს კი ნამდვილი პოლიტიკური შხამია უკრაინელი ნაციონალისტებისათვის, რომლებიც უნიტარული სახელმწიფოს შექმნის მომხრენი არიან იმ ჭრელი მოსახლეობით, რომელიც მათ საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობად მიიღეს.

"თუ მას ბაიდენი დააძალებს, ვლადიმერ ზელენსკი შეიძლება შეეცადოს "მინსკი-2“-ის პირობების შესრულებას, მაგრამ როგორც კი უკრაინის ლიდერი ამის გაკეთებას დაიწყებს, იგი სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს წააწყდება“, - ამბობს ვადიმ კარასევი, კიეველი პოლიტოლოგი, - მოსახლეობა იტყვის, რომ პრეზიდენტი ამ ყველაფერს ამერიკის ზეწოლის გამო აკეთებსო და ამიტომ მისი მეორედ არჩევის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდება. სამწუხარო პარადოქსია: რაც უფრო ნაკლები დაძაბულობა იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის, მით უფრო მეტი ალბათობა იქმნება იმისა, რომ უკრაინაში შიდა დაპირისპირება გამწვავდება“.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისში შეიძლება გარკვეულწილად "დაპაუზდეს", მაგრამ მისი დასასრული ჯერ კიდევ შორს არის. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ