"შერიგება, თვითონ სიტყვა ძალიან კარგია, მაგრამ გააჩნია როდის, ვისთან და რა ვითარებაში. შვილი აღარ მყავს ცოცხალი, პირდაპირ, პირადად მიხეილ სააკაშვილის მითითებით - მან სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და უნდა დაისაჯოს" - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
ამასთან, მოლაშვილის თქმით, მას მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი არ უნდა, თუმცა ისურვებდა 1 დღით ისე მოექცნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც სულხან მოლაშვილს ექცეოდნენ პატიმრობისას.
"როგორ ფიქრობთ, რაც მიხეილ სააკაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ ვაპატიოთ და ვუთხრათ, ხვალიდან თავისუფალი ხარ, გამოდი და სადაც გინდა წადიო, ქვეყნის შემდეგი პრეზიდენტი იტყვის, რომ "რასაც მინდა იმდენ თანხას მოვიპარავ, "ჩავიჯიბავ", ვისი ჯავრიც მაქვს იმას ჩამოვახრჩობ და მოვკლავ კიდევაც“, და მართალი იქნება ისიც. თუ მომავალმა პრეზიდენტმა არ დაინახა ის, რომ ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა, მკაცრად დაისაჯა, ისიც გაბედავს. შვილი აღარ მყავს ცოცხალი, პირდაპირ, პირადად მიხეილ სააკაშვილის მითითებით. თუ სამართლიანობა არ დამყარდება, არ ექნება საშუალება არაფერს. მან სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და უნდა დაისაჯოს. ერთ-ერთი ქალბატონი ამბობდა, რომ იქნებ თამაზ მოლაშვილს აწყობს მიხეილ სააკაშვილის მოკვლაო - ღმერთმა დაგვიფაროს, როგორ გეკადრება, რატომ უნდა მოკლან, მაგრამ ფეხებით უნდა ჩამოკიდო და უთხრა, თვეებისა და წლების განმავლობაში ის სისასტიკეები, რაც სულხან მოლაშვილს გაუკეთა შენმა თავმა, თავისი ბრძანებით და რომ გსიამოვნებდა ეგ ამბავი, 1 დღე აწამონ ისე, როგორც ჩემს შვილს აწამებდნენ წლების განმავლობაში და იქნებ ერთხელ მაინც ამოიოხროს, ეს რა მიკეთებიაო და ჭკუაზე მოვიდეს.
მიხეილ სააკაშვილთან შერიგება პირადად თამაზ მოლაშვილს არ ექნება, მაგრამ იმის უარმყოფელი ვარ, რომ მაგან სიკვდილით გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის მისახვედრად უნდა დაიტანჯოს.
მიშა ბატონო, არ ხარ შენ კაცი, არც ოჯახი იცი არც ძმაკაცები, შენი ბავშვობის მეგობრები ნახევარი გაწყვიტე, სხვებთან არაფერი მინდა, შვილი რატომ მომიკალი? რა დაგიშავა ჩემმა შვილმა? ნუ აგიჟებ ხალხს, პირველი შენ გაგიჟდები, იჯექი მანდ და 6 წელს თუ დაგიმატებენ, მაგის მომხრე ვიქნები“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.