თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში არჩეულმა საკრებულოებმა უფლებამოსილებები გადაიბირეს, თუმცა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაძაბული ვითარებაა - უმრავლესობა არცერთი პარტიის ხელთ არაა, მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება კი ვერ ხერხდება.
პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნათია მეზვრიშვილთან ამ თემის გარდა, სხვა აქტუალურ საკითხებზეც ვისაუბრეთ, მათ შორის ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური ველიდან გაუჩინარებაზე.
- დღეს ერთ-ერთი სასაუბრო თემა თქვენი პარტიის ლიდერის პასიურობას უკავშირდება. აქტიური პროცესების მიუხედავად, დიდი ხანია გიორგი გახარიას შეფასება არაფერზე მოგვისმენია...
- გააჩნია, აქტიურობაში ვინ რას გულისხმობს. პარტიაში პროცესები ჩვეულებრივ მიმდინარეობს - უშუალოდ ვართ ჩართულები მოსახლეობის საჭიროებების გაგებასა და შეძლებისდაგვარად მოგვარებაში. გახარიას ე.წ. დაკარგვასთან დაკავშირებული მოსაზრებები, უადგილოა - თუკი ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღიური საქმით არ არის დაკავებული. ჩვენ პარტიას თავისი დღის წესრიგი აქვს, შესაბამის გეგმას მიჰყვება და აქტიურობებშიც თანმიმდევრულია.
- არჩევნებიდან მალევე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ საკუთარი მიზანი შეასრულა და ახლა გაუჩინარდებაო. მეორე მხრივ, იყო ბრალდებები თქვენს "ივანიშვილის პროექტობასთან“ დაკავშირებით. როგორც ფიქრობთ, ამ ე.წ.გაუჩინარებამ უფრო მეტი საფუძველი ხომ არ შექმნა ამგვარი ვარაუდებისთვის?
- კობახიძემ უამრავი რამ თქვა და დაგვაბრალა, თუმცა მისი ნათქვამი ნათქვამად დარჩა. ბრალდება, რომ ჩვენ ვიღაცის პროექტი ვართ, მოსახლეობამ არ დაიჯერა, რასაც ჩვენი პარტიის მიმართ გამოხატული მხარდაჭერაც ადასტურებს.
- ექსპერტები თანხმდებიან, რომ არჩევნების წინ სააკაშვილის ჩამოსვლამ თქვენი პარტიის რეიტინგი ნაწილობრივ შეამცირა, რადგან ერთგვარად ისევ ორპოლუსიანობა მივიღეთ და თქვენი მხარდამჭერების გარკვეული ნაწილი კვლავ "ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდა. იმ ფონზე, როცა საინფორმაციო ველი ახლაც დიდწილად სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, თქვენი რეიტინგი კიდევ უფრო დასუსტდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა თქვენი ლიდერი გიორგი გახარია ნაკლებად აქტიურია...
- მიუხედავად უარავი ზეწოლისა და მუქარის ფაქტის და ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული სხვადასხვა მეთოდისა, ამომრჩევლებმა მხარი მაინც დაგვჭირეს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს და ვიცით, ჩვენი თანამოქალაქეები რასაც ფიქრობენ, რა აწუხებთ... პარტია "საქართველოსთვის“ გუნდურობა მნიშვნელოვანია - პოლიტიკური გაერთიანება მხოლოდ ერთი ადამიანი, მათ შორის ლიდერი, არაა. ჩვენი ღირებულებები თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია.
მთელი დღის განმავლობაში მიშას პატიმრობაზე საუბრით ორივე მხარე ხეირს ნახულობს. ჩვენ ეს შეკითხვები ვერ დაგვაკომპლექსებს. საკუთარი დღის წესრიგი გვაქვს, რომლის საბოლოო მიზანიც ხელისუფლების დამარცხებაა - ამის რესურსი და კომპეტენცია საკმარისად გაგვაჩნია.
ხელისუფლება უკანონობას კანონის სახელით სჩადის - ვხედავთ რა ხდება ადგილობრივ თვითმმართველობებში - ბიუჯეტი ვადაგასულ საკრებულოებს დაამტკიცებინეს. ასევე, ვიცით, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული სირთულეები, რაზეც ყურადღება საერთაშორისო საზოგადოებამაც გაამახვილა. ფაქტია, ინსტიტუტები პარტიულ ინტერესებს ემსახურება.
ავიღოთ საკრებულოებში შექმნილი ვითარება, ორივე მხარე დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ საკრებულოები ერთპიროვნულად მართონ. ჩვენ მათ სხვადასხვა გამოსავალი შევთავაზეთ, რათა კრიზისი თავიდან აგვეცილებინა. ისინი ვერც ერთმანეთთან შეთანხმდნენ, რომ შემდეგ მხარი დაგვეჭირა და გარდა ამისა, შევთავაზეთ საკუთარი კანდიდატები, თუმცა კონსესუსი ვერც აქ მოხერხდა.
მაგალითად, მარტვილის მუნიციპალიტეტში უმრავლესობას "ევროპული სოციალისტების“ ხარჯზე მიაღწიეს. რუსთავში, სადაც ამ ორ "მონსტრ“ პარტიას 16-16 წევრი ჰყავთ და ჩვენი 3 ხმა გადამწყვეტია, ყველაფერს აკეთებენ, რათა პროცესები მაქსიმალურად გაიწელოს.
ბათუმი უნიკალური შემთხვევაა. აქ ე.წ ოქროს გასაღები, არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიას გააჩნდა, თუმცა, მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის დეპუტატთან და "ნაცმოძრაობის" დეპუტატთან დაკავშირებით "ოცნების" უკანონო ნაბიჯები. შედეგად ბათუმის საკრებულოში ისეთი მოცემულობაა შექმნილი, რომ გადაწყვეტილების მიღების უნარი არც ოპოზიიას აქვს და არც "ოცნებას".
აქედან გამომდინარე, მდგომარეობა ყველანაირად კრიზისში შეჰყავთ და შესაძლოა, განმეორებით არჩევნებამდეც კი მივიდეთ. თუკი ასე მოხდება, ამაზე ყველას თავისი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამომრჩევლის დაკვეთა მრავალპარტიულობაა და ეს სწორედ თვითმმართველობის დონიდან უნდა დავიწყოთ. მრავალპარტიულობის და ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ ვხედავთ რას აკეთებს "ოცნება" - უკანონო მეთოდებით, მუქარით, მოსყიდვით ცდილობს უმრავლესობა შეიქმნას.
რადიკალური მეთოდები და ინსტიტუციებში შევარდნა ჩვენი სტილი არ არის, ამ ეტაპზე ამომრჩევლების მოთხოვნას ზუსტად ვასრულებთ.
არჩევნებამდე არსებულ ოპოზიციურ კოალიციას სწორედ იმ მიზეზით არ შევუერთდით, რომ ის მოკლევადიანი გეგმებით შეიქმნა. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ მზად ვართ, მხარი ნებისმიერი პარტიის სასარგებლო ინიციატივას დავუჭიროთ.
- კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ, კოვიდპანდემიის საწყის სტადიაზე იმჟამად პრემიერ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებები ეფექტიანად მიიჩნეოდა (თუმცა, იგივე ვაქცინაციის კუთხით მუშაობა დაგვიანდა). ამ მიმართულებით თქვენ ლიდერს შესაძლოა, სხვაზე მეტის თქმა შეეძლოს, თუმცა გახარიას აქტიურობას ვერც ამ ნაწილში ვხედავთ...
- პირბადის მოხმარების მაჩვენებელი რომ 28%-მდე ჩამოვიდა, ამას თავისი მიზეზები აქვს. ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პოპულიზმს გადაჰყვა და ამან ეპიდვითარება გააუარესა. გიორგი გახარიას პრემიერობისას ჩვენი გეგმები თანმიმდევრული იყო და გადაწყვეტილებებს შესაბამისი მსჯელობით ვიღებდით. კომენდანტის საათსაც, ღია სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარებასაც (რაც შემდეგში გააუქმეს) და სხვა ნაბიჯებსაც თავისი დანიშნულება ჰქონდა.
ჩვენ მივესალმებით ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც პანდემიის დამარცხების მიმართულებით გადაიდგემა, მათ შორის კარგია "მწვანე პასპორტების“ პოლიტიკა, თუმცა, როგორც იურისტს, ვაქცინაციის სავალდებულოდ გამოცხადება, აქტიური კამპანიის გარეშე, რისკის შემცველად მიმაჩნია. მანამდე დარწმუნების კამპანია სათანადოდ უნდა წარიმართოს და ხელისუფლებამ აქტიურად იმუშაოს, რაც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვნახეთ.
ესაუბრა ღვთისავარ ანთაძე