ავტორი:

"დასავლეთმა რუსეთი ან უნდა შეაკავოს, ან დამარცხება აღიაროს - პუტინი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება, მის გეგმებში საქართველოს დესტაბილიზაციაც შედის“ - Foreign Policy

"დასავლეთმა რუსეთი ან უნდა შეაკავოს, ან დამარცხება აღიაროს - პუტინი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება, მის გეგმებში საქართველოს დესტაბილიზაციაც შედის“ - Foreign Policy

ცნობილი ამერიკული ჟურნალის Foreign Policy-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "დასავლეთმა რუსეთი ან უნდა შეაკავოს, ან დამარცხება აღიაროს / პუტინი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება, მის გეგმებში საქართველოს დესტაბილიზაციაც შედის“, რომლის ავტორია ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტ RUSI-ის მკვლევარი ნათია სესკურია.

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს შემოკლებით:

"მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მკაცრი ზეწოლით პოლიტიკური ოპოზიციის გამოსვლები ჩაახშო და სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში კვლავ ვლადიმერ პუტინის პარტიამ "ედინაია როსიამ“ გაიმარჯვა, კრემლმა ისევ დაიწყო დასავლელი ლიდერების "მოთმინების გამოცდა". მოსკოვი კვლავ მტრული კურსის დემონსტრირებას ახდენს: უკრაინის საზღვრებთან თავს უყრის ჯარებს ("იარაღს აჟღარუნებს“), ბელორუს-პოლონეთის საზღვართან ხელს უწყობს მიგრაციულ კრიზისს, კავკასიაში კი თავის გავლენას აძლიერებს. როგორც ჩანს, პუტინის რეჟიმმა გადაწყვიტა დასავლეთის სისუსტეებით ისარგებლოს და შექმნას კრიზისული სიტუაციები სხვადასხვა მიმართულებებით... ბევრი მიმომხილველი რუსეთს ძალაგამოცლილ სახელმწიფოდ თვლის, მაგრამ კრემლი მუდმივად ადასტურებს თავის უნარს სერიოზული და გრძელვადიანი პრობლემები გააჩინოს არა მარტო საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ ევროკავშირის საზღვრებთანაც.

მიგრანტთა კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვართან

კრემლი, ევროკავშირში განხეთქილების შეტანის მიზნით, სულ უფრო ხშირად სარგებლობს ზემოქმედების ჰიბრიდული ინსტრუმენტებით. მართლაც და, დღეისათვის ევროპული ქვეყნები ორ ბანაკად არიან გაყოფილნი: პირველი წარმოდგენილია იმ ქვეყნების სახით, რომლებიც რუსეთის დამშვიდება-დაწყნარების პოლიტიკით გამოდიან (მაგალითად, გერმანია), მეორეში შედიან ბალტიისპირა სახელმწიფოები, რომლებიც უკიდურესად ნეგატიურად არიან რუსეთის მიმათ განწყობილნი და მხარს უჭერენ მკვეთრი პასუხის გაცემას ვლადიმერ პუტინის მუქარებზე. ამ შემთხვევაში დრო კრემლის სასარგებლოდ მუშაობს: დასავლეთს ვერა და ვერ შეუმუშავებია უკრაინისთვის ნატოში მიღების კონსენსუსი, არ თანხმდება "საგზაო რუკის“ (მაპ -ის) მიცემაზე, რაც მოსკოვს კიდევ უფრო ათამამებს. ფაქტობრივად, დასავლეთისაგან მტკიცე რეაქციის არარსებობით, რუსული პროპაგანდა იმარჯვებს და საზოგადოების ყურადღებას აშშ-ის საერთაშორისო გავლენის შესუსტებაზე გადააქვს, მაგალითად, ავღანეთში.

შექმნილი სიტუაცია აჩვენებს, რომ დასავლეთს არავითარი დასკვნები არ გაუკეთებია საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის გაკვეთილებიდან (რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის 20%) და არც 2014 წლის მოსკოვის აგრესიისაგან უკრაინის მიმართ (ანექსირებულია ყირიმი, ფაქტიურად, დონბასიც). მოკლედ, რუსეთი თავისუფლად აგრძელებს რევიზიონისტულ კურსს.

მართალია, დასავლეთს არაერთგზის გაუფრთხილებია რუსეთი, შეწყვიტოს აგრესიული მოქმედება - აშშ-ის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას ამასწინანდელი ვიდეოსაუბრის დროსაც მკაფიოდ მიანიშნა, რომ დღეს ვაშინგტონი მზადაა გააკეთოს ის, რაც 2014 წელს არ გააკეთა, ყირიმის ანექსიის დროს, მაგრამ როცა საქმე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმამდე მიდის, დასავლეთი ჩერდება. არადა, ამერიკას და ევროკავშირს შეუძლიათ რუსეთს მტკივნეულად აგრძნობინონ - შეუძლიათ გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი-2“ დაბლოკონ და უარეს შემთხვევაში, რუსეთი საერთაშორისო გადახდების სისტემიდან - SWIFT-იდან გამორთონ.

მაგრამ ამასობაში, ვიდრე დასავლეთი აყოვნებს, კრემლი უკრაინის მიმართ "წითელ ხაზებს“ ავლებს: ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ იგი საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ ნატოს ქვეყნები უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტებს განალაგებენ. ბოლო დროს კი კრემლმა უკრაინის საზღვრებთან 115 - ათასიანი არმიის კონცენტრირება მოახდინა. კრემლს იმედი აქვს, რომ სამხედრო მეთოდებით კიევზე ზეწოლას მოახდენს და უკრაინას მინსკის შეთანხმების პირობებს იმ ინტერპრეტაციით შეასრულებინებს, როგორც თვითონ სურს, ანუ დონბასისთვის ისეთი განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, რომელიც ფართო ავტონომიას გულისხმობს. რუსეთის ხელისუფლება ჯარების თავმოყრას იმითიც ამართლებს, რომ უკრაინამ თითქოსდა დონბასის რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ 125 - ათასიანი სამხედრო დაჯგუფება განალაგა. სხვათა შორის, კრემლის არსენალის ასეთი სცენარები საკმაოდ ცნობილია და 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებულ გეგმას ჰგავს: იმ დროსაც რუსეთმა, თავისი აგრესიის გამართლების მიზნით, განაცხადა, რომ ვალდებულია ადგილობრივი მოსახლეობა ქართული ჯარის შეტევისგან დაიცვას.

რუსეთ-უკრიანის საზღვარი

ბოლო დროს ვლადიმერ პუტინი იქამდეც კი მივიდა, რომ ნატოსაგან აღმოსავლეთით გაფართოების პროცესის შეწყვეტისა და რუსეთის საზღვრებთან იარაღის არგანლაგების სამართლებრივი გარანტიები მოითხოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას ალიანსში არ მიიღებენ არც ახლა და არც მომავალში. ამგვარი ულტიმატუმების პირობებში დასავლეთის მოქმედება შეზღუდულია: ალიანსმა ან თავისი რეპუტაცია-ავტორიტეტი უნდა დაკარგოს ან უფრო გაბედული ნაბიჯი უნდა გადადგას რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. (...)

მართალია, კრემლი დღეს ძალიან არის დაკავებული უკრაინისა და ბელარუსის მიმართულებით, მაგრამ მის გეგმებში სამხრეთ კავკასია ისევ ფიგურირებს. იმდენად, რამდენადაც დასავლეთის ყველაზე საიმედო მოკავშირედ სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ საქართველო რჩება, რუსეთმა გადაწყვიტა თბილისს გავლენის ბერკეტები წაართვას. სარგებლობს რა ქვეყანაში შექმნილი შიდაპოლიტიკური სირთულეებით და საზოგადოების პოლარიზაციით, მოსკოვმა თავისი გავლენის გაძლიერება დაიწყო. საყურადღებოა, რომ მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ რუსეთის ჯარები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში არიან დისლოცირებულნი.

მას შემდეგ, რაც შარშან ნოემბერში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზავო შეთანხმება დაიდო, რუსეთი ხელს უწყობს თურქეთის მიერ შეთავაზებული თანამშრომლობის პლატფორმის "3+3“-ის რეალიზებას, რომლის თანახმად, ერთი მხრივ, საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი და მეორე მხრივ, რუსეთი-თურქეთი-ირანი, ურთიერთობას განამტკიცებენ რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიზნით, ერთობლივი ეკონომიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტებით.

აშკარაა, რომ ამ ფორმატში რუსეთს სურს გაბატონებული პოზიციები დაიკავოს და ამით საქართველო დასავლეთს ჩამოაშოროს. კრემლი "3+3“-ით ცდილობს, რომ დააკანონოს აფხაზეთისა და იმ ტერიტორიის დამოუკიდებლობა, რომელსაც მოსკოვი "სამხრეთ ოსეთს“ უწოდებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მათი სუვერენიტეტი აღიარა და არ არის გამორიცხული, რომ კრემლმა "3+3“-ის ფორმატში მათი მონაწილეობაც მოისურვოს. გარდა ამისა, საქართველოს საშინაოპოლიტიკური პრობლემებით მანიპულირება კრემლს საშუალებს მისცემს ქართულ საზოგადოებაში სამომავლოდაც არევ-დარევა შეიტანოს და საქართველო დასავლეთის წინაშე "არშემდგარ სახელმწიფოდ“ წარმოაჩინოს.

ბოლო დროს საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა გამწვავებულია, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით არის გამოწვეული. როგორც ცნობილია, იგი დაუსწრებლად იქნა გასამართლებული რამდენიმე ჩადენილი დანაშაულის გამო და როგორც კი ქვეყანაში დაბრუნდა, დააკავეს. სამწუხაროდ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის უუნარობა კონსენსუსის მიღწევის საკითხში და დაუსრულებელი ქუჩის აქციები ქართულ საზოგადოებაში დაძაბულობის გრადუსს მაღლა სწევს. ამ მდგომარეობით სარგებლობენ პრორუსული ძალები, რომლებიც ღიად მოუწოდებენ ძალადობისა და სიძულვილისაკენ, რუსეთთან კავშირების განმტკიცებისაკენ, ცდილობენ თბილისი დასავლეთს ჩამოაშორონ.

იყენებს რა სამხედრო ძალასა და სხვა საშუალებებს, კრემლი ისწრაფვის აჩვენოს, რომ ოდესღაც წარმატებული ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნები, საქართველოსა და უკრაინის სახით, სულ უფრო უკან იხევენ, ბანკროტები ხდებიან და თანდათანობით "არშემდგარ სახელმწიფოებს“ ემსგავსებიან, რომელთა ადგილი ნატოში არ არის. დასავლეთმა ბევრი დრო დაკარგა, როცა რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებდა. მოსკოვის მიმართ "დამშვიდების“ პოლიტიკის ჩაშლას "ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ც ადასტურებს. ევროკავშირმა ვერანაირი გაკვეთილები ვერ გამოიტანა საქართველოში და უკრაინაში მომხდარი მოვლენებიდან, საბოლოოდ კი რუსეთმა მის საზღვრებთანაც პრობლემები შექმნა.

ბოლო ამბები აჩვენებს, რომ რუსეთის პერიფერიებში მიმდინარე მოვლენები არ იქნება შემოფარგლული მხოლოდ მეზობელი ქვეყნებით, უკვე შეიმჩნევა მათი გაფართოების ტენდენციაც. ახლა დასავლეთი იძულებულია არჩევანი გააკეთოს: ან შეაკავებს რუსეთს, ან დამარცხებას აღიარებს - მისგან გამომდინარე ყველა შედეგით, როგორც აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიისათვის, ასევე მის ფარგლებს გარეთ".

წყარო

თარგმნა სიმონ კილაძემ