ავტორი:

გავლენიანი ცოლი და კავშირები ზელენსკისთან - ვინ არის ალექსანდრე გოგილაშვილი, რომელიც უკრაინის შს მინისტრის მოადგილეობიდან სკანდალით გაუშვეს?

გავლენიანი ცოლი და კავშირები ზელენსკისთან - ვინ არის ალექსანდრე გოგილაშვილი, რომელიც უკრაინის შს მინისტრის მოადგილეობიდან სკანდალით გაუშვეს?

ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინულ და რუსულ მასმედიაში ძალიან გახმაურდა სკანდალური ფაქტი, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილეს, ქართული წარმომავლობის ალექსანდრე გოგილაშვილს შეეხება.

ისტორია ასეთია:

ორი დღის წინ, დონეცკის ოლქის შესასვლელთან, სპეციალური ოპერატიული ძალების მოქმედების ზონაში, ალექსანდრე გოგილაშვილმა ნამდვილი სკანდალი მოაწყო იმის გამო, რომ საგუშაგოზე მყოფმა უკრაინელმა პოლიციელებმა ვერ იცნეს, მისი მანქანა გააჩერეს და დოკუმენტები მოსთხოვეს. უკვე ყოფილმა მაღალჩინოსანმა იუკადრისა - როგორ თუ საბუთებს მთხოვთ, რატომ არ მიცნობთო და პოლიციელებს უწმაწური, უცენზურო სიტყვებით მიმართა, შემდეგ მანქანიდან გადმოხტა და სამართალდამცველებს "ლოცვა-კურთხევით“ მიმართა და საქმის გარჩევა დაუწყო. ამ ყველაფრის ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელებში და ელექტრონულ მასმედიაში სწრაფად გავრცელდა.

რასაკვირველია, ძალოვანი ფრიად მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელის ექსმოადგილის თავს დატრიალებული ტრაგიკომედიური ინციდენტი ქართულ მასმედიაშიც აქტიურად გაშუქდა.

ამჯერად ალექსანდრე გოგილაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე უკრაინის ხელისუფლებამ სწრაფი რეაგირება მოახდინა. სკანდალის გარემოებები პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისაც მოახსენეს, რომელიც იძულებული გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოეთხოვა, რაც დღეს შესრულდა კიდეც.

"პრეზიდენტი იძულებული გახდა“ - ეს სიტყვები ტყუილად არ ვახსენეთ. საქმე იმაშია, რომ ალექსანდრე გოგილაშვილი ვლადიმერ ზელენსკისთან ძალიან დაახლოებული პირია, შეიძლება ითქვას, რომ იგი უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის პირადი გარემოცვის წევრია და მის კადრად მიიჩნევა.

1973 წლის 26 დეკემბერს, თბილისში დაბადებული ალექსანდრე გოგილაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2019 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვების შემდეგ მოხვდა. იმჟამად იგი არსენ ავაკოვის მოადგილედ დანიშნეს და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხების კურირება ჩააბარეს. თუმცა, რატომ მაინცდამაინც გოგილაშვილს, ცოტა გაურკვეველია. საინტერესოა, რომ მას ამ სფეროში არც ცოდნა და არც მნიშვნელოვანი გამოცდილება არ ჰოქნდა, უმაღლესი განათლებაც კი მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ მიიღო - 2019-2020 წლებში, "ლვოვის ბიზნესისა და სამართლის კერძო უნივერსიტეტში“. ანუ, შეიძლება ითქვას, დიპლომი მან დაჩქარებული წესით აიღო.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობამდე ალექსანდრ გოგილაშვილი მუშაობდა დონის როსტოვში საბავშო ბაღის აღმზრდელად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჯანმრთელი ახალგაზრდობის ცენტრში..." საკვირველია, როგორ აღმოჩნდა ასეთ მაღალ თანამდებობაზე...

2021 წლიდან ალექსანდრე გოგილაშვილს, არსენ ავაკოვის ნაცვლად, ახალ უფროსად დენის მონასტირსკი დაუნიშნეს, რომელიც თავისი მოადგილის მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო.

როგორც ცნობილია, გოგილაშვილი მარია ლევჩენკოს ქმარია, რომელიც ვლადიმერ ზელენსკის თანაშემწედ მუშაობს. მარია ლევჩენკო ვლადიმერ ზელენსკის ძველი თანამშრომელია, ჯერ კიდევ იმდროინდელი, როცა მომავალი პრეზიდენტი ტელეპროგრამა "კვარტლის“ ხელმძღვანელი იყო. ის საკმაოდ გავლენიან ადამიანად მიიჩნევა პრეზიდენტის კარზე, შესაბამისად, გასაგებია, რომ ალექსანდრე გოგილაშვილი პირადად ვლადიმერ ზელენსკის კანდიდატურა გახლდათ.

მასმედიაში გავრცელდა აგრეთვე მრავალი ისეთი ფაქტი, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის პოლიციელებთან სკანდალამდე უცნობი იყო. მაგალითად, ის, რომ ალექსანდრე გოგილაშვილი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატის ნიკოლაი ვალუევის (პარტია "ედინნაია როსიადანა“) თანაშემწედ მუშაობდა სანკტ-პეტერბურგში და 2003 წელს, მის სახელზეა გაცემული რუსეთის მოქალაქის პასპორტი.

სხვათა შორის, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჯანმრთელი ახალგაზრდობის ცენტრი“, სადაც ალექსანდრე გოგილაშვილი მუშაობდა, 2012 წელს პროტესტანტულ ეკლესიასთან "უფლის სამეფოსთან" კავშირში ამხილეს... რუსეთში ამ ეკლესიას ხშირად სექტასაც უწოდებენ.

მოკლედ, დონეცკის ოლქის შესასვლელთან მომხდარმა ინციდენტმა, შეიძლება ითქვას, ვლადიმერ ზელენსკის გარემოცვის ყალბი "ბრწყინვალება“ და რეალური "სიღატაკე“ გამოაჩინა. პრეზიდენტი იძულებული გახდა ძველი მეგობარი გაეწირა... თუმცა ვინ იცის, გაწირა კი? მას, ალბათ, სხვა თანამდებობას მოუძებნიან.

მოამზადა სიმონ კილაძემ