ავტორი:

"რუსეთს აქვს "ხულიგანი" ბავშვის პოლიტიკა, როდესაც რაღაცას აფუჭებს და მერე უყურებს - თუ დასჯიან... " - ნოდარ ხარშილაძე

"რუსეთს აქვს "ხულიგანი" ბავშვის პოლიტიკა, როდესაც რაღაცას აფუჭებს და მერე უყურებს - თუ დასჯიან... " - ნოდარ ხარშილაძე

"რუსეთს თუ ეს გაუვა კიდევ მეტს გააკეთებს, თუ არ გაუვა უკან წყნარად მიბრუნდება. ანუ ამ შემთხვევაში, რუსეთს აქვს ძალიან მკაფიო "ხულიგანი" ბავშვის პოლიტიკა - როდესაც რაღაცას აფუჭებს და მერე უყურებს. თუ დასჯიან შეეცდება, რომ ეს აღარ გააკეთოს, თუ გაუვა შემდეგ კიდევ უფრო მეტს გააკეთებს" - ასე აფასებს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად ნატო-სგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.

ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, რუსეთს აქვს ძალიან კლასიკური პოლიტიკა, როგორც რეგიონში ისე მთლიანად მსოფლიოში, მაგრამ რეგიონში განსაკუთრებით ის ცდილობს შეამოწმოს დასავლეთის მდგრადობა და როგორც კი დაინახავს ბზარს ამ მდგრადობაში, იმ წუთში იწყებს ახალი პრეტენზიების წაყენებას.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აშშ-მა ფოკუსი ამ რეგიონიდან სხვა რეგიონისკენ გადაწია. ეს ფაქტია, განცხადებებშიც იყო, უსაფრთხოების სტრატეგიაში დაიწერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა ბოლომდე გასულია ამ რეგიონიდან. მიუხედავად ამისა, რუსეთმა ჩათვალა, რომ ეს შესაძლებლობას უქმნის და ხელებს უხსნის იმისათვის, რომ დამატებითი შესაძლებლობები გამონახოს. ახლა, ერთ-ერთი სუფთა რუსული ბლეფია - მან უკრაინასთან ჯარი დააყენა. ერთი მხრივ, ის აჩვენებს, რომ აგრესიისთვის მზად არის და მეორეს მხრივ, ასეთ წინაპირობას აყენებს - უკან წაიღეთ ეს დაპირება. რუსეთს თუ ეს გაუვა კიდევ მეტს გააკეთებს, თუ არ გაუვა წყნარად მიბრუნდება უკან. ანუ ამ შემთხვევაში, რუსეთს აქვს ძალიან მკაფიო "ხულიგანი" ბავშვის პოლიტიკა - როდესაც რაღაცას აფუჭებს და მერე უყურებს. თუ დასჯიან შეეცდება, რომ ეს აღარ გააკეთოს, თუ გაუვა შემდეგ კიდევ უფრო მეტს გააკეთებს”, - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.

მისი თქმით, მოსაზრება, რომ რუსეთისადმი მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების აუცილებლობა დადგება, თუ ის უკრაინაში შეიჭრება, მისთვის გაუგებარია რას ნიშნავს, რადგან რუსეთს დღეს ისედაც ადევს მკაცრი ეკონომიკური სანქციები.

"რუსეთს, ახლა, ახალი ომი უბრალოდ არაფერში აწყობს, პუტინს თვითონ არ სჭირდება. დიდი ალბათობით ბელარუსის შეერთებაზე იქნება ახლა საუბარი, ანუ გაერთიანებულ სახელმწიფოზე, რომელზეც დიდი ხანია საუბარი და მუშაობა მიდის. უკრაინა ალბათ, უფრო გვერდითი მანევრია, რომ დასავლეთს ცოტა ტვინი აურიოს. პუტინისგან ახლა ვერაფერს გაიგებ, ბოლო პერიოდში აღარ არის ლოგიკური და ადრე უფრო ბევრად ლოგიკური იყო, მაგრამ მაინც ამ ეტაპზე რუსულ ელიტას დასავლეთიდან ბოლომდე გათიშვა მართლა არ სჭირდება, იმიტომ, რომ ასე თუ ისე, თუ რუსეთი არ არის დასავლეთში ინტეგრირებული, რუსული ელიტა არის დასავლეთში ინტეგრირებული და თავის სიკეთეებს ძირითადად დასავლეთში მოიხმარენ ხოლმე. ამიტომ, არ მგონია, რომ ახლა, ეს უნდოდეთ, თუმცა, რა თქმა უნდა საფრთხე რჩება.

გადაწყვეტილება არ გაუქმდება, ეს იქნება ნატო-სთვის ძალიან სერიოზული პრობლემა, როგორც იმიჯური, ისე სტრუქტურული, მაგრამ საქართველოს პირობებში ანუ საქართველოს წინ წაწევას ვერ ვხედავ. ჯერ საქართველო აქტიურად არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნატოს-თან მიმართებით წინ წაიწიოს. მეორე- ნატოც მზად არ არის ამ რეგიონებთან აქტიურად იმუშაოს. თუმცა, უკრაინის ინტეგრაციის შანსი რომ გამოჩნდეს, საქართველო მზად უნდა იყოს უკრაინას მიებას, ამას კარგი გაგებით ვამბობ. თუმცა, მეტსაც ვიტყვი, მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ უნდოდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ადრე, როგორც თვითონ ამბობდა, ეს მისი მიზანი არ იყო და ახლა, არ მგონია აზრი პირიქით შეეცვალა. ასე რომ, რას ამბობენ ჩვენი ჩინოვნიკები, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილს ნატო საქართველოში არაფერში სჭირდება. მას უნდა, რომ შუაში ვიყოთ სამუდამოდ გაჭედილები და ამ მიზნისკენ მუშაობს", - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-სგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.

ამის შესახებ საუბარია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნულს ევროპული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის და აცხადებს, რომ აღნიშნული დაპირება წინააღმდეგობაში მოდის ვალდებულებასთან - "არ გააძლიერონ თავისი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“.