ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში "ომიკრონის” შემთხვევა დადასტურებული არაა.
მისი თქმით, რამდენიმე საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობდა, თუმცა არ დადასტურდა.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის დაცვის ეფექტი “ომიკრონთან” მიმართებით ძალაშია, განსაკუთრებით “ბუსტერ” დოზაზე.
"ომიკრონი", რომელიც სამხრთ აფრიკიდან წამოვიდა ნოემბრის 8 რიცხვიდან, შემდეგ 24-25 ნოემბერი იყო, როდესაც ოფიციალური სახით გაკეთდა პირველი შეტყობინება ამ შტამზე, 63- ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. არის შესაძლებლობა, რომ საეჭვო შემთხვევა გამოვიკვლიოთ და დავადგინოთ თუ გვაქვს საქმე "ომიკრონის” შტამთან. ჯერჯერობით შემთხვევა დადასტურებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო რისკები არსებობს. მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება, რაც ქვეყანამ უკვე დაიწყო, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა, ასევე პირადი დაცვის საშუალებები, კოვიდრეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. ვაქცინის დაცვის ეფექტი ძალაში რჩება “ომიკრონთან” მიმართებით, განსაკუთრებით მესამე “ბუსტერ” დოზაზე”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ჯანდაცვის სისტემა მზად, თუ საქართველოში "ომიკრონთან” დაკავშირებული რისკები გაჩნდება, გაბუნია ამბობს, რომ “დიდი ნაკადების გამკლავება ძალიან რთული იქნება”.
"საწოლფონდი მობილიზებულია. დაახლოებით, 2500 საწოლია თავისუფალი. რა თქმა უნდა, დიდი ნაკადების გამკლავება ძალიან რთული იქნება, რაც სისტემამ ადრეც არაერთხელ გააკეთა. ამდენად უფრო მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების გატარება”,- განაცხადა გაბუნიამ.