ავტორი:

ვინ არის რეჟისორი, ვინც პუტინს კავკასიის "გაშვება“ შესთავაზა და ამით პრეზიდენტი გააღიზიანა - "გინდათ, რომ რუსეთი მოსკოვის სამთავროდ გადაიქცეს? ნატოსაც ეს სურს"

ვინ არის რეჟისორი, ვინც პუტინს კავკასიის "გაშვება“ შესთავაზა და ამით პრეზიდენტი გააღიზიანა - "გინდათ, რომ რუსეთი მოსკოვის სამთავროდ გადაიქცეს? ნატოსაც ეს სურს"

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სი-ს რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "როგორ, თქვენ გინდათ მოსკოვის სამთავროდ გადავიქცეთ?“ - რეჟისორმა ალექსანდრე სოკუროვმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კავკასიის "გაშვება“ შესთავაზა“.

როგორც ირკვევა, 9 დეკემბერს, კრემლში, პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა. სხდომაზე საკმაოდ სერიოზული დისკუსია დაიწყო მას შემდეგ, რაც საკითხი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შეეხო. საბჭოს წევრმა, ცნობილმა რეჟისორმა ალექსანდრე სოკუროვმა განაცხადა - "უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რუსეთიდან გავუშვათ ის ტერიტორიები, რომლებსაც ფედერალური კანონებისა და წესებით ცხოვრება არ სურთ". მან აგრეთვე დაიჩივლა იმაზეც, რომ რუსეთი ძალიან დიდ სახსრებს ხარჯავს მსოფლიოს რიგი ქვეყნებისა და არაღიარებული რესპუბლიკების მხარდასაჭერად.

ალექსანდრე სოკუროვის პოზიციამ ვლადიმერ პუტინის გაღიზიანება გამოიწვია.

გთავაზობთ ამონარიდებს პრეზიდენტისა და რეჟისორის დისკუსიიდან:

ალექსანდრე სოკუროვი:

"მოდით, შევხედოთ, რა ხდება რუსეთის სახელმწიფოში, ჩვენი სახელმწიფოს კონსტრუქციასთან დაკავშირებით. მოდით, გავუშვათ ყველა, ვისაც მეტად აღარ სურს ჩვენთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ვუსურვოთ მათ წარმატებები - იმ ადგილობრივ ფადიშაჰებს, ვისაც თავისი ტრადიციებით ცხოვრება სურს. მესმის, რომ აქტიური პოლიტიკის გატარებას დიდი სამხედრო ხარჯები და მტკიცე ზურგი სჭირდება, ამიტომ ჩვენს არმიას ძლიერებას და სიმაგრეს ვუსურვებ".

ვლდიმერ პუტინი:

"კავკასია - რუსეთის ფედერაციის ნაწილს წარმოადგენს... დიახ, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ - მოდით, ყველა გავუშვათო.... ერთი მითხარით, რატომ გადაწყვიტეთ და საიდან დაასკვენით, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში უმრავლესობას რუსეთში ცხოვრება არ სურს? ალბათ, იქ ასეთები არიან, მაგრამ უმეტესობა - არა... მათ ახსოვთ 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში დაღვრილი სისხლი და იციან, სადამდე შეიძლება მივიდნენ... თქვენ ისევ ამის გამეორება გინდათ? ჩვენ კი ეს არ გვინდა... განა რუს ხალხს, რომლის ინტერესების შესახებაც ახლა ლაპარაკობდით, სურს საკუთარი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის დაშლა? განა ამის შემდეგ რუსეთი მრავალეროვნულ და მრავალკონფესიურ სახელმწიფოდ დარჩება? ბოლოს და ბოლოს, თქვენ გინდათ, რომ რუსეთი მოსკოვის სამთავროდ გადაიქცეს? ნატოსაც სწორედ ეს სურს...".

ალექსანდრე სოკუროვი:

"თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დღეს მსოფლიოში ძალიან რთული საგარეო პოლიტიკური სიტუაციაა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაც რთულია. მე ზოგჯერ ის ძალიან ძვირიც მეჩვენება ისეთი არცთუ მთლად მდიდარი ქვეყნისათვის, როგორიც რუსეთია, ის, რომ ჩვენ კმაყოფაზე გვყავს აყვანილი ბელორუსი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი... რამდენადაც მესმის, სირიასაც უნდა დავეხმაროთ... დახმარებას საჭიროებს ჩვენი ქვეყნის დოტაციური სამხრეთი რეგიონებიც".

ვლადიმერ პუტინი:

"შეგიძლიათ, როგორც თქვენ გსურთ, ისე მიუდგეთ ბელორუსს და ბელორუსებს, ქვეყნის ხელმძღვანელობას, მაგრამ იმის თქმა, რომ ბელორუსი ჩვენს კმაყოფაზეა, არაკორექტულად მიმაჩნია. ალექსანდრ ნიკოლაევიჩ, ასეთი ლაპარაკი საჯაროდ დაუშვებელია. ეს უპატივცემლობაა მთელი ქვეყნისა და იმ ხალხის მიმართ, რომლებიც სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში არიან. ეს ძალიან ფაქიზი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც კომპეტენტურობასა და პარტნიორისადმი პატივისცემას მოითხოვს. სხვაგვარად ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევთ". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ