ავტორი:

"ამ ქალბატონს მთელი საქართველო იცნობს და მისი დანახვისას შუძლებელია, არ გაგეღიმოს" - მსახიობი ნინო თუთბერიძე გარდაიცვალა

"ამ ქალბატონს მთელი საქართველო იცნობს და მისი დანახვისას შუძლებელია, არ გაგეღიმოს" -  მსახიობი ნინო თუთბერიძე გარდაიცვალა

მსახიობი ნინო თუთბერიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მას მოულოდნელად ინსულტი განუვითარდა და ბოლო დღეები კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თუთბერიძე განსაკუთრებით ფილმი "ცისფერი მთებიდან" ახსოვთ, სადაც აბსურდული დაწესებულების აბსურდული დირექტორის მდივნის როლს ასრულებდა.

მსახიობის გარდაცვალებაზე პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე:

"წუხელ შევიტყვე მისი გარდაცვალების ამბავი... ძალიან მეტკინა გული. საოცრად თბილი და მოსიყვარულე ადამიანო იყო. წლების წინ გავიცანი და პირველი ინტერვიუც მაშინ ჩავწერეთ. მერეც რამდენჯერმე ვეწვიე შინ. ბოლო პერიოდში მხოლოდ ტელეფონით ვისაუბრეთ და... ეგ იყო და ეგ... ამ საუბრებიდანაც კარგა ხანი გავიდა.

ძალიან კი მეწყინა მისი ამბავი... ამ ქალბატონს მთელი საქართველო იცნობს და მის დანახვისას შუძლებელია, არ გაგეღიმოს - სწორედ ისაა, მაღალი, ქერათმიანი ქალბატონი, აბსურდული დაწესებულების აბსურდული დირექტორის მდივნად რომ "მუშაობდა" - მსახიობი ნინო თუთბერიძე ახლა მოვძებნე ჩემი ბოლოხანს დაწერილი სტატია, "ცისფერი მთების" 35 წლის იუბილეს რომ მივუძღვენი... პირველი რესპოდენტი სწორედ ქალბატონი ნინო იყო... ნათელი მის სულს" - წერს ხარშილაძე.

ნინო თუთბერიძე 2019 წელს ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ფილმის გადაღების მომენტს ასე იხსენებდა:

"დაუვიწყარი იყო მუშაობის პერიოდი. მე და "მარკშეიდერი" - მსახიობი ვანო საყვარელიძე ვმეგობრობდით. მახსოვს, გადაღების დღეებში ადრიანად გამომივლიდა ხოლმე შინ, კამოს ქუჩაზე, დამიკაკუნებდა კარზე და "იმერულად მკითხავდა": რას შვები, გოგო, არ მოდიხარო? - ვანიჩკა ბიძია, ჯერ ძალიან ადრეა-მეთქი, - დავიწუწუნებდი. - არა, გოგო, არ არის ადრეო. - და რაღას ვიზამდი? მორჩილად მივყვებოდი. თემიკო ჩირგაძეს კი გადასაღებ მოედანზე კარგა ხანს ვერ შევხვდი. სულ ვიხვეწებოდი, ბოლოს და ბოლოს გამაცანით ჩემი დირექტორი, ვისაც ასე თავგამოდებით ვიცავ და ვის კარსაც ერთგულად ვდარაჯობ-მეთქი. თურმე, თვითონაც სულ მკითხულობდა: მაჩვენეთ, ვინ არის ჩემი "სეკრეტარშაო".

როცა გავიცანი, მაშინვე მივხვდი, რომ ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო... არ მავიწყდება გადაღების პირველი დღე. ასეთი ტრადიცია არსებობდა: პირველი კადრის გადაღებას კინოაპარატის ძირზე შამპანურის გატეხით აღნიშნავდნენ, რაც ფილმის "შენების" დაწყებას ნიშნავდა. იმდენ ხანს გაიწელა "საძირკვლის ჩასაყრელად" და პირველი კადრის გადასაღებად სამზადისი, გავტიალდი, ისე დავიქანცე, საღამოს, გადაღებისას ტექსტს ძლივს ვბუტბუტებდი... ზაფხულის კადრების გადაღებისას ჩემს თეატრს ბათუმში ჰქონდა გასტროლი. საღამოს ბათუმში ვთამაშობდი სპექტაკლს, მერე ღამის მატარებლით თბილისში მოვდიოდი. თენგიზ ჩანტლაძე ხუმრობდა, შენგელაიები და ჭიაურელები ბაქანზე დგანან და თუთბერიძეს აცილებენ, ხომ დაგვიბრუნდებიო? არ მავიწყდება შენობის დანგრევის კადრების გადაღება. გაგვაფრთხილეს, სტუმრად მოსულ მსახიობებს ტაშფანდურით დახვდითო"... წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად