ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. ეს დიაგნოზი ყოველწლიურად მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება. ფილტვის კიბო ონკოლოგიურ დაავადებებში ყველაზე მაღალი ლეტალობითაც გამოირჩევა.
ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1 590 000) უტოლდება ძუძუს (522 000), კოლორექტული (694 000) და წინამდებარე ჯირკვლის (307 000) კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის გაერთიანებულ მაჩვენებელს. ფაქტია, რომ ამ მხრივ საგანგაშო სიტუაციაა.
რატომ არის ფილტვის კიბოს შემთხვევაში სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი, რა პრევენციული ღონისძიებები აარიდებს ადამიანს ამ დაავადებას, ამაზე კლინიკური ონკოლოგი ელენე გოგუა გვესაუბრება:
- დაავადების განვითარების მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია თამბაქოს მწეველთა რაოდენობის მკვეთ ზრდასთან. პაციენტთა დაახლოებით 80-90% თამბაქოს მომხმარებელია. ამას ასევე ემატება ჰაერში გადასული სამრეწველო ნარჩენების შესუნთქვა, რადიაციული ფონი, იმუნოსუპრესია და ა.შ.
- როგორც აღნიშნეთ, რისკფაქტორებია - თამბაქოს მწეველობა, გენეტიკური დატვირთვა, ასაკი, რადიაციული დაბინძურება, სამრეწველო ნარჩენები... თუმცა წამყვანი მაინც თამბაქოს მოხმარებაა. აქ პასიური მწეველებიც იგულისხმება?
- დიახ, პასიურ მწეველებში, ეს ისევე მოქმედებს, როგორც რადიაციული გარემო და სამრეწველო ნარჩენებით დაბინძურებული ჰაერი.
- ფილტვის კიბო ყველა სხვა ორგანოს სიმსივნისგან განსხვავებით, თავს გვიან ავლენს. რატომ?
- ფილტვის კიბოს ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სიმპტომები მხოლოდ გვიან სტადიაზე ვლინდება. ამდენად, როდესაც სიმპტომატიკა იწყებს გამოვლენას, იმ დროს ხდება დიაგნოსტირება და დაავადება სამწუხაროდ უკვე მესამე-მეოთხე სტადიაზეა. პირველ-მეორე სტადიაზე მხოლოდ შემთხვევათა 10%-ია რეგისტრირებული.
- მეოთხე სტადიაზე გადარჩენის რისკი რამდენად არსებობს?
- რაც უფრო მაღალია სტადიურობა, 5-წლიანი სიცოცხლის გადარჩენის მაჩვენებელი დაბალია, დაახლოებით - 10-15%-მდე. რამდენადაც აღვნიშნეთ, დაავადების გამოვლენა ძირითადად შორსწასული ფორმების დროს ხდება. თუმცა მანამდე შესაძლებელია, ისინი ყურადღებას არც აქცევდნენ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: გახანგრძლივებულ ხველა, სისხლიანი ხველა, ასევე მუდმივი ქოშინი, აუხსნელი დაღლილობა, წონის დეფიციტი, ტკივილი ხველის დროს გულ-მკერდის მიდამოში. ეს საყურადღებო სომპტომებია. სწორედ გვიანი მომართვიანობაა, სამწუხარო შედეგების მიზეზი.
- კოვიდინფექცია ყველაზე მეტად ფილტვებს აზიანებს... ამიტომ უმეტესობას კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება უწევს. რა ხდება ამ დროს ფილტვების შემოწმებისას კერძოდ, ფილტვის კიბოს მიმართულებით?
- საერთოდ, ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკის მეთოდებში წამყვანი ადგილი კომპიუტერულ ტომოგრაფიას უკავია, კოვიდის პერიოდში არამიზნობრივად, მაგრამ მაინც თითქმის ყველა პაციენტში ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება. რის ფონზეც აღიწერა უსიმპტომო მიმდინარეობის ფილტვის კიბოს შემთხვევები. კოვიდის შემთხვევაში, მოგეხსენებათ, 12-დღიანია იზოლაციის და მეთვალყურეობის პერიოდი. ამის შემდეგ პაციენტი აუცილებლად მიმართავს ონკოლოგს და იქ უკვე აღრმავებს კვლევებს ამ მიმართულებით. აქ პერსონალიზებულ მიდგომებზე მიდის საქმე, რომ პერსონალურად მოხდეს გენეტიკური მუტაციების, ბიომარკერების განსაზღვრა და დაიგეგმოს მკურნალობა. თუ ფილტვის კიბო კოვიდის დროს გამოვლინდა, სადღაც 2-3 კვრაში პაციენტის ონკოლოგთან ვიზიტი უნდა მოხდეს.
- როგორია, პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობა, როდესაც იგებს, რომ არც ისე კეთილსაიმედო მდგომარეობა აქვს. დაავადების შესახებ პირდაპირ ეუბნებით?
- პირდაპირ უთხრა ქართველ პაციენტს, რომ მეოთხე სტატიის კიბოს აქვს, - ასე არ ხდება... მაგრამ ვეუბნებით, რომ ეს არის ავთვისებიანი სიმსივნე და გვჭირდება მკურნალობის მეთოდების შერჩევა, რომ ეს არ არის მარტივი ეტაპი მის ცხოვრებაში და ა.შ. ცხადია, მათი პირველი რეაქცია ის არის, რომ ამ ფაქტს ემოციურად უდგებიან. მერე ხდება მისი გააზრება, თუმცა მაინც მათი რეაქცია და დამოკიდებულება ამ ყველაფერთან ინდივიდუალურია.
- ბევრი მალავს და არ ასაჯაროებს საკუთარ დაავადებას. ე.ი. საქმე გვაქვს სტიგმასთან...
- კი და ხშირად არის, როცა ოჯახი მალავს. არსებობს შემთხვევები, როცა თანმხლები პირი, რომელიც პაციენტს ახლავს გვეუბნება, ავადმყოფს არ ვუთხრათ და დავუმალოთ დიაგნოზი, უნდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ასეა... ზოგი ფიქრობს, რომ ეს მისთვის განაჩენია, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ის იქნება ბრძოლისუუნარო, შესაბამისად ვერ ჩაიტარებს მკურნალობას, რომელსაც შევთავაზებთ. არადა, პირიქით ამ დროს ორგანიზმისთვის სასურველია ნაკლები სტრესი და დაავადების წინააღმდეგ მეტი ბრძოლისუნარიანობა ჰქონდეს.
- ალბათ ასეთ ადამიანებს პარალელურად ფსიქოლოგი სჭირდებათ...
- საქართველოში ბოლო დროს ფსიქოთერაპევტის მომსახურებაც დაინერგა, რომელიც მუშაობს მათთან. ვცდილობთ, მეტად შევიდეთ მათ ცნობიერში და ერთად შევებრძოლოთ ამ დაავადებას. ეს არ არის ადვილი, მძიმე გზაა, მაგრამ მაინც ერთობლივად უნდა გავიაროთ და მივიღოთ შედეგი.
- მნიშვნელოვანია ისიც, სიგარეტის წევას თუ ანებებენ თავს?
- არის ტენდენცია, რომ შეამცირონ თამბაქოს მოწევა (თავიდან შემცირება ჯობია) და შემდეგ მოხდეს მოხსნა, რომ ხველა არ გაუძლიერდეთ. ზოგი ახერხებს, ზოგი - ვერა. გარკვეულწილად კარგად რომ იგრძნობს თავს, ისევ იწყებს თამბაქოს მოხმარებას. ეს დაავადების ხელახლა გაღვივებას იწვევს.
- როგორ ხდება მკურნალობა?
- ძირითადი სამკურნალო მეთოდებია: ქირურგიული ჩარევა - ოპერაციული მკურნალობა, სხივური თერაპია. ასევე სისტემური თერაპია: ქიმიოთერაპია, ტარგეტული-მიზანმიმართული თერაპია, იმუნოთერაპია. ონკოლოგიაში სიახლეა პერსონალიზებული მედიცინა, რომელიც ახალი სიტყვაა. იგი მოიცავს თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდს, კომპლექსური გენომური პროფილირებას. ამ მეთოდით შესაძლებელია თითოეულ პაციენტში მისთვის უნიკალური მუტაციებისა და ბიომარკერების განსაზღვრა. აღმოჩენილი მუტაციებისა და ბიომარკერების ხარჯზე შესაძლებლობა გვაქვს, პაციენტს შევურჩიოთ ინდივიდუალური და მასზე მორგებული სამკურნალო სქემა. ინდივიდუალური სამკურნალო სქემა გვაძლევს, დაავადების მკურნალობის ეფექტურ გამოსავალს.
- პრევენცია რა არის?
- რადგანაც ფილტვის კიბო დღესდღეობით სტიგმას წარმოადგენს, დაავადების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია, რისკფაქტორების შემცირება. დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა საგრძნობლად ზრდის მისი საუკეთესო გამოსავლის არსებობას. მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე დაავადების სრულფასოვანი გამოკვლევა როგორც რადიოლოგიურად, ასევე მუტაციებისა და ბიომარკერების შესწავლის კუთხით. სწორად განსაზღვრული დიაგნოზი ეფექტურს ხდის მკურნალობას და ახანგრძლივებს პაციენტის სიცოცხლეს.
საერთოდ კი მნიშვნელოვანი პრევენციაა, ადამიანის ცხოვრების ხარისხის შეცვლა. ძირითადი, რისკფაქტორი მოგეხსენებათ, თამბაქოს მოხმარებაა და მისი შეწყვეტა ძირითადი პრევენციული ღონისძიებაა. ასევე პერიოდულად სამედიცინო შემოწმება და სიმპტომებზე რეაგირება.