დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების საკითხზე 2022 წლის იანვრიდან საკანონმდებლო ბაზის მოსაწესრიგებლად მერია მუშაობას დაიწყებს.
როგორც კალაძემ "ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მუნიციპალიტეტი მზადაა პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი თანხები გამოყოს.
"ეს არის ძალიან დიდი პრობლემა არამხოლოდ დედაქალაქის, ზოგადად ქვეყნის მასშტაბით. ეს პრობლემა ვერ მოგვარდება მხოლოდ თბილისით. ამას პირველ რიგში, სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში, ალბათ იანვრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დავიწყებთ შეხვედრებს. ჩვენ გავაცნობთ ჩვენს ხედვას როგორ წარმოგვიდგენია ამ ყველაფრის მოგვარება და მოწესრიგება. მხოლოდ თბილისით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს დარეგულირება ძალიან ბევრი მიმართულებით. ამიტომ მათი ჩართულობაც პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. მუნიციპალიტეტი მზადაა გამოყოს დამატებითი თანხები იმისთვის, რომ არსებული პრობლემა სამომავლოდ იყოს მოგვარებული. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა ამასთან დაკავშირებით, თუმცა, არ მინდა ეს ცალმხრივად გამოვიდეს და მხოლოდ ჩვენი ინიციატივით. შეიძლება რაღაცაში ჩვენ ვცდებოდეთ, შეიძლება რაღაც აკლდეს ამ კანონს, ამიტომ მათი ჩართულობით, მათი მონაწილეობით მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. იანვარში ვაპირებთ შეხვედრას და როდის დარეგულირდება ეს საკითხი, დამოკიდებულია იმაზე როგორ მოხდება შეთანხმება და საკითხის შეჯერება კანონპროექტის ნაწილში“, - განაცხადა კალაძემ.