ავტორი:

"ქურდს ქუდი ეწვისო - ცხვირ-პირში თქვენ ურტყით ერთმანეთს" - საბა ბუაძე კალაძეს

"ქურდს ქუდი ეწვისო - ცხვირ-პირში თქვენ ურტყით ერთმანეთს" - საბა ბუაძე კალაძეს

"ქურდს ქუდი ეწვისო" - ასე მიმართა "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ საკრებულოში დედაქალაქის მერს კახა კალაძეს სიტყვიერი შელაპარაკების დროს.

ბუაძის განცხადება კახა კალაძის შეფასებას მოჰყვა, რომელმაც ბუაძეს მიმართა: "კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში მოიკითხეთ.“

ბუაძის თქმით, სიტყვა "კორუმპირებული" სამართლებრივი შეფასებაა და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაც მსგავს შემთხვევას დაინახავს.

"ქურდს ქუდი ეწვისო და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. ეს არის პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასება და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაც დავინახავთ ასეთ კორუფციულ შემთხვევას. თქვენ და თქვენს კოლეგებსაც ამის მოსმენა და ატანა მოგიწევთ. ხელების შლა არ არის კულტურული ქცევა“, - მიმართა ბუაძემ კალაძეს.

"ერთი მტკიცებულება მომეცით, რომ ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე, ჩემს უფლებამოსილებას გადავამეტე, ვინმე დავჩაგრე, ვინმეს არასამართლიანად მოვექეცი და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, პოლიტიკიდან და თანამდებობიდან წავალ და კანონის წინაშე ვაგებ პასუხს. ბატონო საბა, თქვენ არავინ გზღუდავთ იმაში, რომ კრიტიკული იყოთ, მაგრამ როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვერ გვექნება ერთნაირი დამოკიდებულება, ოპოზიცია ხართ და კრიტიკულები უნდა იყოთ, ეს მისაღებია, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. ადამიანს როდესაც შეურაცხყოფას აყენებ, მტკიცებით ფორმაში ეუბნები, რომ კორუმპირებულია, დამიდასტურე. როდესაც უსამართლოდ მაყენებ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება“, - მიუგო კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ბუაძე ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, პოლიტიკის "გაგებაში არ არიან" და რამდენ ტყუილსაც იტყვიან, "იმდენჯერ სიმართლე მოხვდებათ ცხვირ-პირში". აღნიშნულს კი საბა ბუაძის რეპლიკა მოჰყვა: "ცხვირ-პირში თქვენ ურტყით ერთმანეთს.“

ინფორმაციისთვის, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.