ავტორი:

12 წლის გოგონა იშვიათი დაავადების უმძიმესი ფორმებისგან განიკურნა

12 წლის გოგონა იშვიათი დაავადების უმძიმესი ფორმებისგან განიკურნა

ყველაფერი ივლისის ერთ, თითქოს ჩვეულებრივ დღეს დაიწყო. 12 წლის ანი ერთ-ერთ რაიონულ საავადმყოფოში მრავალჯერადი პირღებინებისა და ნაწლავური მოქმედების დისფუნქციის სიმპტომებით შეიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს. სიმპტომური თერაპიის მიუხედავად, გოგონას მდგომარეობა დროდადრო გაუარესდა. გამოხატულ იქნა აგზნება, მხედველობის გაორება და ქცევითი დარღვევა, თუმცა ნევროლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაციებმა ფსიქოსომატური დარღვევები გამორიცხა.

არაერთ კლინიკაში მკურნალობის მცდელობის მიუხედავად, გოგონას მდგომარეობა დამძიმდა და თირკმლის მწვავე უკმარისობასთან ერთად, ანურიაც გამოვლინდა. ბოლოს მოზარდი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოათავსეს. ჩატარებულმა გამოკვლევებმა ერთ-ერთი იშვიათი დაავადების, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის უმძიმესი ფორმები გამოავლინა.

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი ადამიანის ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების დაშლისა და თირკმლის უკმარისობის კომბინაციას წარმოადგენს. თრომბოციტებისგან შემდგარი მიკროთრომბები არტერიოლებისა და კაპილარების დახშობას იწვევს, რის პარალელურადაც ჰემოლიზური ანემია და თირკმლის მწვავე დაზიანება ვითარდება. 12 წლის მოზარდის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებდა ნევროლოგიური სიმპტომატიკა, მათ შორის ენცეფალოპათია, რაც დადებითი გამოსავლის შანსს კიდევ უფრო მეტად ამცირებდა.

იაშვილის ექიმებმა სასწრაფო და კომბინირებული მკურნალობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს. პატარა პაციენტი სისხლის კომპონენტების ტრანსფუზიებს, ვაზოპრესორულ მხარდაჭერას, ჰემოდიალიზის სეანსებსა და ოქსიგენოთერაპიას საჭიროებდა. ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგად 12 წლის ანის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა და გოგონამ დაავადების დამარცხება შეძლო. ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს უკვე დაუბრუნდა.