"მას ჰქონდა დანიშნული პრეპარატი, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულებს ენიშნებათ, ეს პრეპარატი გორის ჰოსპიტალში დაუნიშნეს, მაგრამ ძალიან მცირე დოზა, მხოლოდ 25 მილიგრამი. შემდეგ ეს დოზა გაიზარდა და როდესაც სასამართლო პროცესი ახლოვდებოდა, ავიდა 200 მილიგრამზე" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილს აღნიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები სასამართლო პროცესის წინ მიზანმიმართულად დაუნიშნეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აშკარად გაუარესებულია.
"სწორედ ამ წამლის შედეგი იყო, რომ ექიმებმა არ იცოდნენ რა ექნათ. თითქოს, ეს თავიდან ძილის მოსაწესრიგებლად იყო, მაგრამ როდესაც დოზა გაიზარდა, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მიზანმიმართულად იყო, სასამართლო პროცესი ახლოვდებოდა. რა თქმა უნდა, ექიმებმა უნდა დადონ თავიანთი დასკნა, მაგრამ მე რასაც ვხედავ აშკარად არის გაუარესება და რეგრესი. მიჩნდება ათასნაირი ეჭვი, ვხედავ, რომ ადამიანი სუსტდება, რა ასუსტებს ამ ადამიანს? ვერცერთ ექიმს ვერ დავადებ ხელს, ვიცი რომ კარგი პროფესიონალები არიან. თავად ამაზე არაფერი არ უთქვამს, ვხედავ, რომ უფრო მიიწევს საწოლისკენ და სულ ცდილობს, რომ იწვეს. ახლა ამ წამლების მიღება შეწყვეტილია, მაშინვე მოუხსნეს და ამიტომ მოახერხა პროცესებზე ყოფნა“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.