საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თბილისში კოვიდპასპორტების წინააღმდეგ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დეკანოზი "ფეისბუქში" წერს, გაუგებარია ზვიად ტომარაძის ხელმძღვანელობით გამართული აქციის მოთხოვნა - "ვინმე მაინც შეგვხვდეს", მაშინ როდესაც უფლებამოსილ პირთან შეხვედრის თხოვნით, საპატრიარქოში წინასწარი შეთანხმების შესახებ განცხადება არ შესულა.
"ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა სინოდის და საპატრიარქოს განცხადებებში.
დღეს საპატრიარქოსთან სრულიად შეუთანხმებლად ზვიად ტომარაძის გამართული აქცია, მოთხოვნით, - "ვინმე მაინც შეგვხვდეს" სრულიად გაუგებარია. წინასწარი შეთანხმების გარეშე, უფლებამოსილი პირის შეხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამ ვითარებაში შესაძლებელია წერილობით დატოვონ განსახილველად მათი წინადადება, თუ თხოვნა," - წერს ანდრია ჯაღმაიძე.