საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში შეტანილ ცნობებს საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. საქმე ეხება წიგნის ერთ-ერთ თავს, სადაც აღწერილია ფაქტები 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ,
"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვალიდან, 6 დეკემბრიდან, ის საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად აღნიშნულ ფაქტს "შედეგის მიღწევამდე" გააპროტესტებს.
ისტორიის სახემლძღვანელოში შეტანილი ინფორმაცია, რომელმაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უკამყოფილება გამოიწვია, ეხება ბიძინა ივანიშვლის შესახებ მონაკვეთს, სადაც აღნიშნულია, რომ ივანიშვილი არის "ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი"
"საქართველოში დემოკრატიულ ტენდენციებს შეუქცევადი ხასიათი ჰქონდა. ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა და ოპოზიციურმა "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა“. - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
წიგნში, ასევე, აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
"კორუფციასთან ბრძოლის მოტივით დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარება შეაფერხა. იყო გადაცდომებიც — კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლასთან ერთად დაიწყო გაურკვეველი დაჭერები, კრიმინალთან ბრძოლის საბაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არ დასჯილან, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, საქმეების 99%-ს სასამართლოში პროკურატურა იგებდა, ადამიანის უფლებები ხშირად ირღვეოდა. დაიწყო უკმაყოფილო მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები. ამ აქციებში მონაწილე პირებს, ხშირად, უსაფუძვლოდ აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ.“ - წერია ისტორიის სახელმძღვანელოში.
ელენე ხოშტარია მოუწოდებს, ყველას, ვისაც აღნიშნულ თემაზე პროტესტის გრძნობა უჩნდება, საპროტესტო აქტივობაში შეუერთდეს მას.
"მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე , ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო.
ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი გამოგვეხმაურეთ. ყველა იპოვით თქვენს ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით“ - წერს ხოშტარია "ფეისბუქში"
სასკოლო სახელმძღვანელოს განათლების სამინისტროს მიერ გრიფი 2020 წელს მიენიჭა.
მე-9 კლასის ისტორის წიგნი იხილეთ ბმულზე