რეზო ჩხიკვიშვილი ის გამორჩეული მსახიობია, რომელმაც ევროპის სცენაზე არაერთი მწვერვალი დაიპყრო... 1992-1993 წწ, ქართულ-გერმანული თეატრალური პროექტის განხორციელება თბილისში იყო დაგეგმილი. "ოიდიპოს მეფე", იდგმებოდა, სადაც მთავარ როლზე რეზო ჩხიკვიშვილი იყო მიწვეული.
საქართველოში დაწყებული სამოქალაქო ომის გამო პროექტი გერმანიაში, ქალაქ ესენში "გრილოს" სახელმწიფო თეატრში გადაიტანეს. პრემიერის შემდეგ თეატრის მმართველმა იურგენ ბოსემ რეზო ჩხიკვიშვილი თეატრში მიიწვია და 27 წელია, რაც ამ თეატრში წარმატებულად მოღვაწეობს. მომავალ წელს ქართველი მსახიობი დამსახურებულ პენსიაზე გადის და გერმანული კანონის შესაბამისად იქაური თეატრის დატოვება მოუწევს..
როგორია მსახიობის დღევანდელობა, ამის შესახებ თავას რეზო ჩხიკვიშვილი გვესაუბრება.:
- ბატონო რეზო რა ხდება დღეს თქვენს ხელოვნებაში, პანდემიის გამო, ამდენი ხნის იძულებითი პაუზის შემდეგ?
- მსახიობების სასიხარულოდ გერმანიაში თეატრები ისევ მთელი დატვირთვით ამუშავდა. სკამების შეზღუდვის გამო ოქტომბრის პრემიერაზე თუ ხუთასკაციან დარბაზში მხოლოდ ასი კაცი იჯდა, ნოემბრიდან ისევ დართეს ნება სავსე დარბაზები იყოს. ამ წუთას სხვა სპექტაკლებთან ერთად საბავშვო სპექტაკლ "ოზის ჯადოქარში" ვთამაშობ. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ დღეს, როცა მთელ სამყაროში ამდენი რამ ინგრევა, როცა პანდემიამ ადამიანების ფსიქიკა გაანადგურა, როცა ამდენი საშიშროება ემუქრება კაცობრიობის მშვენიერებას, როცა ამდენი ნეგატივი გვესმის და როცა თითქმის ყველგან ყველაფრის დეფიციტია, გულწრფელობის, გვერდში დგომის, მეგობრობის თუ სიყვარულის, ბავშვებთან სიახლოვე იმდენად სასიამოვნოა, ასე მგონია თითქოს ანგელოზების გვერდით ვდგავარ.
სიმშვიდეს და ენერგიას მმატებს ბავშვების წინ თამაში, მათი აღფრთოვანებული სახეების დანახვა ჩემთვის თერაპიაა და კარგ განწყობაზე მაყენებს. მე პირადად ჩემი საქმიანობა, ჩემი ხელოვნება მეხმარება დღევანდელი სტრესების გადატანაში. ბავშვებზე გულწრფელს და სარკესავით ამსახველს ვერცერთ ასაკში ვერ ნახავ ადამიანს. ... თეატრის სპექტაკლების გარდა მაქვს ბედნიერება ვითამაშო გერმანულ, მოკლემეტრაჟიან ფილმში "მისი ბოლო გარიგება"... სადაც ძალიან მდიდარ, ბენზინგასამართი სადგურის მფლობელ თაღლითს განვასახიერებ.
- მუსიკაზე რას იტყოდით?
- რაც ჩემს სულსა და გულს ახარებს, ასევე არის მუსიკა. საქართველოში მოღვაწეობის დროს სულ ვნატრობდი, როგორც მსახიობს საშუალება მქონოდა, რომ ჩემი სიმღერის ნიჭის შესაძლებლობა გამომემჟღავნებინა. ამის საშუალება გერმანიამ მომცა. აქ 27 წლის განმავლობაში უკვე ბევრჯერ მომიხდა გამოსვლა სხვადასხვა მუსიკალურ საღამოებში. სასიამოვნო იყო ჩემი მუსიკალური შესაძლებლობა მაყურებლისთვის შემეთავაზებინა...
თეატრის გარდა საკუთარი მუსიკალური საღამოები მაქვს, სადაც მეხმარება ქართველი მუსიკოსი და ხელოვანი, პანტომიმის თეატრის ყოფილი მსახიობი, ჩემს ქალაქში მცხოვრები და მოღვაწე ნინო ვიმბერგენ-შატბერაშვილი. რომელიც თითქმის ოცი წელია სხვადასხვა ფესტივალებზე მონაწილეობს. ნინო არაჩვეულებრივი მომღერალია და ჩვენი დუეტი დიდი სიყვარულით სარგებლობს გერმანულ საზოგადოებაში.
და კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი ქართველებისთვის: გერმანულ სცენაზე 27 წლის მოღვაწეობის შემდეგ, პირველად ჩემი თეატრის სცენაზე გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგის - ნინო ხარატიშვილის რომანი " მერვე სიცოცხლე" ( ბრილკას) იდგმება. თავად გერმანელები თვლიან, რომ ეს არის თანამედროვე გერმანელი ლიტერატურის ერთერთი საუკეთესო ნაწარმოები. იმედია, მეც დამაკავებენ ქართველი ავტორის ნაწარმოებში და ეს მართლაც გვირგვინი იქნებოდა ჩემი გერმანული შემოქმედების. ანუ გედის სიმღერა გერმანული თეატრის სცენაზე.