"მიხარია ის, რომ დარბაზში მარტო არ ვიქნები, საერთო ძალებით მნიშვნელოვანი არტილერია შემომემატა სასამართლოზე და მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომელიც თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთადაა ბრალდებული.
ჯანაშიას თქმით, წარდგენილი ბრალდება, რასაც პროკურატურა მათ ედავება, აბსურდია.
"მნიშვნელოვანი არტილერია შემომემატა სასამართლოზე და მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ და უფრო ფართოდ იქნება ცნობილი ქართველი თუ არაქართველისთვის, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე. აბსურდია ის, რომ ადამიანს ასამართლებენ თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისთვის, თავისი წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის და ა.შ. აქ აბსურდის მეტი არაფერი ხდება და ამაში დარწმუნდებით”, - აცხადებს ჯანაშია.
კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს პროკურატურის მიმართ, რომელიც დაობს იმაზე, რომ ეს არ იყო წარმომადგენლობითი ხარჯები, ჯანაშია ასე პასუხობს:
"რვა მილიონ ნახევრის პირადი მოვლის საშუალებები წარმოგიდგენიათ, რამდენია?! მაშინ გამოყოს პროკურატურამ ცალკე, რაც მისთვის მიუღებელია და იმაზე, კი ბატონო, ვიაროთ სასამართლოში. რვა მილიონ ნახევრის ბოტოქსი და რვა მილიონ ნახევრის რაღაც სისულელე წარმოუდგენელია“, - აცხადებს ჯანაშია.