ავტორი:

"გამოყენებული იყო აკრძალული იარაღი... დათვებზე სანადირო დუმ-დუმის ტყვიებით დაგვჭრეს" - რას ჰყვება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას დაშავებული ახალგაზრდა?

"გამოყენებული იყო აკრძალული იარაღი... დათვებზე სანადირო დუმ-დუმის ტყვიებით დაგვჭრეს" - რას ჰყვება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას დაშავებული ახალგაზრდა?

"7 ნოემბრის კადრებს რომ ატრიალებთ, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?! "- ასე მიმართა ხელისუფლებას სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც სწორედ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ასამართლებენ. როგორც მან აღნიშნა, ქართველმა ხალხმა ამ საქმეზე ვერდიქტი საპრეზიდენტო არჩევნებისას უკვე გამოიტანა.

"7 ნოემბერს რაც ხდებოდა, ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია. ისინი იქცეოდნენ ისე, რა გამოცდილებაც ჰქონდათ და მაშინ ჩვენი პოლიცია იყო ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში და არავის მოსდის აზრად ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა. ამის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც მსოფლიოში ცოტა ლიდერი აკეთებს, მე გადავდექი და ჩემი საპრეზიდენტო ვადა 1.5 წლით შევამცირე. წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგეთ, რათა მიმეღო ქართველი ხალხისგან ახალი მანდატი. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები და ამ მიტინგისა და გამოსვლების გამო არ დაგვბლოკვოდა ნატოში ინტეგრაცია“, - განაცხადა სააკაშვილმა და 7 ნოემბრის ტვირთი მთლიანად იმჟამინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს აჰკიდა.

ექსპრეზიდენტის თანაგუნდელმა გიორგი ბარამიძემ კი "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რომ 7 ნოემბერს დაშავებულები არ ჰყოლია, თვალები არავისთვის დაუთხრიათ და ა.შ .

რეალურად კი, 2007 წლის 7 ნოემბერს არაერთი ადამიანი დაზარალდა. მათ შორის სამი - ვახტანგ ინასარიძე, გიორგი თევდორაშვილი და ნიკა დიდიშვილი მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში. ეს ადამიანები ფეხის ამპუტაციას გადაურჩნენ, დასჭირდათ რამდენიმე ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია. დღეს ერთი მათგანი - ვახტანგ ინასარიძე ცოცხალი აღარ არის, ის მიყენებული ტრავმების შედეგად დასნეულდა და დიდი ალბათობით, სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზიც, როგორც ეს მოხდა სწორედ 7 ნოემბერს სასიკვდილოდ გამეტებული კობა დავითაშვილის შემთხვევაში.

იმჟამად 19 წლის ნიკა დიდიშვილი, 7 ნოემბერს რიყეზე იყო, მას სპეცრაზმელის ნასროლი ე.წ. დუმ -დუმის ტყვია ფეხში მოხვდა, რის შემდეგაც დაჭრილი ახალგაზრდა უცნობმა ადამიანებმა ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • ცნობისთვის: დუმ-დუმი - მსკდომარე ტყვია, რომელიც მეტად მძიმე ჭრილობებს იწვევს

ნიკა დღესაც ტკივილით იხსენებს 2007 წლის 7 ნოემბერს:

- დეიდა მივაცილე სახლში, შემდეგ წამოვედი ბარათაშვილის ხიდისკენ და ასე შევუერთდი მომიტინგეებს. იქ ჩემი ჯგუფელებიც ვიპოვე, ტალღიდან გასვლას ვერ ვახერხებდით და როცა ეს საშინელება დაიწყო, ძალაუნებურად, მეტეხის ხიდისკენ წავედით. ამ დროს ნიღბიანმა სპეცრაზმელმა, თუ რობოკოპმა, ფეხში მესროლა. საშინლად მეტკინა, გადაადგილებას ვერ ვახერხებდი, ხალხმა ამიყვანა "ღვინის აღმართზე“, გამვლელის მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანს ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში. იმ დროს, როცა ბიჭები მიმათრევდნენ, სპეცრაზმელები მომდევდნენ და მათ ეუბნებოდნენ, - დააგდეთ, ჩვენ მივხედავთ მაგასო. კაცმა არ იცის, რა მიზანი ჰქონდათ...

საავადმყოფოში გავიცანი სხვა დაჭრილებიც, რომლებიც ამ ტრაგედიამ გაგვაერთიანა. ვახო ინასარიძე სასწაული, დიდი ცოდნისა და დიდი გულის ადამიანი იყო, ჩვენზე უფროსი. საოპერაციოში ჯერ მე შემიყვანეს, მერე - ვახო და როცა გაიგო, მეც აქციაზე დავიჭერი, მამხნევებდა, - ყველაფერი კარგად იქნება, გავუძლებთო.

ვახტანგ ინასარიძე და ნიკა დიდიშვილი 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, საავადმყოფოში

პირველივე წუთებიდან რა შთაბეჭდილებაც შემექმნა მასზე, წლების შემდეგაც ის გამყვა, დავმეგობრდით. ბევრჯერ ყოფილა, წამალი არ მქონია და ვახოს წამალს ვსვამდი, უჩემოდ არ იღებდა, - მე რად მინდა, ახალგაზრდა კაცს უჭირს და მე რა ნამუსით დავლიოო... ჩვენ ერთ პალატაში ვიწექით. პარალელურად გავიგეთ, რომ კიდევ ვიღაცა იყო 7 ნოემბერს დაჭრილი, ეს აღმოჩნდა 17 წლის გიორგი თევდორაშვილი, რომელიც ფეხის მოკვეთას ძლივს გადაურჩა. თავიდან გიორგის ძალიან გაუჭირდა ჩვენთან კომუნიკაცია, მერე, როცა ყველანი დავრწმუნდით, რომ ერთ ბედ ქვეშ ვიყავით და ერთი ტრაგედია გვაერთიანებდა, ოჯახებით დავმეგობრდით და დღემდე ასე გრძელდება. 7 ნოემბერს სამივენი მეორედ დაბადებას აღვნიშნავდით. ძალიან მიჭირს ამ დღის გახსენება, ის ჩემთვის მართლაც მეორე დაბადების დღეა. ასევე განვიცდი კობა დავითაშვილის ამბავსაც. აღფრთოვანებული ვარ მისი შვილით, რა კარგი შვილი და დიდი კაცი გაუზრდიათ კობას და მის მეუღლეს. კობა ნამდვილად ცოცხალია, ასეთი ვაჟკაცი რომ ჰყავს ოჯახში. ვახოზე მტკივა გული, ყველაზე მწარე და მტკივნეული წუთები ერთად გავიარეთ, ის მშობელივით, ღვიძლი ძმასავით დამიდგა გვერდში. ამ დღემ ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო, ვისიც მადლიერი ვარ და ყველას მადლობას ვუხდი.

- პრეზიდენტის განცხადებამ რა შთაბეჭდილება მოახდინა შენზე?

- პრეზიდენტის განცხადებას რაც ეხება, ზოგადად, მათი ეპოქა აცდენილი იყო რეალობას, მათ ობიექტური რეალობის აღქმა არასდროს ჰქონდათ და დღემდე სხვა საქართველოზე ლაპარაკობენ. ამას, ჩემდა სამწუხაროდ, ბატონი პრეზიდენტი თავისი სიტყვებით ადასტურებს.

2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, ძალიან ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ასე მგონია, ჩემთვის ის რამდენიმე დღის, ან წუთის წინ იყო. ვიღაცისთვის შეიძლება ეს წლებია და რაღაც თარიღი, მაგრამ ჩემთვის და ბევრი გულანთებული ადამიანისთვის, ვინც მართლა ტკივილით სავსე იდგა აქციაზე და თავის წუხილს გამოხატავდა, სხვაგვარად იყო. როცა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა ბატონი პრეზიდენტი, რატომღაც იმის განცდა მქონდა, რომ გონება გაუნათდებოდა და რაღაც დოზით აიღებდა პასუხისმგებლობას არა მარტო 7 ნოემბერზე, არამედ სხვა დანაშაულებზეც, რაზეც დიდი მსხვერპლი აქვს გაღებული როგორც ქვეყანას, ისე ოჯახებს და ცალკეულ ადამიანებს. არანაირი განცდა არაა იმისა, რომ სააკაშვილმა რაღაც ინანა და გადააფასა. ადამიანებმა, ვინც ასეთი დანაშაულები ჩაიდინეს, იმის მაგივრად, რომ რაღაც დოზით მაინც აღიარონ, რომ შეეშალათ, საუბედუროდ, იმავე ტალღაზე დგანან და მუქარის შემცველ ფრაზებს ახმოვანებენ...

არ დაგიმალავთ, იმედი მქონდა იმისა, რომ როგორც ვანო მერაბიშვილმა აიღო პასუხისმგებლობა (და ასე თუ ისე, მოიხადა სასჯელი), მიშაც იმავეს იზამდა. ქვეყანა მაშინ არის შემდგარი, როცა კანონი კანონობს. მქონდა განცდა, რადგან ჩამოვიდა, სასამართლოს წინაშე წარდგება და ნამოქმედარზე თავიდან - ბოლომდე აიღებდა პასუხისმგებლობას. როდესაც მთავარსარდალი, პირველი პირი და ქვეყნის სახე ხარ, ეს ყველაფერი მარტო შენს კომფორტში ხომ არა, შენს საქციელში და მოქმედებაში უნდა გამოიხატებოდეს, რაც ვერ დავინახე და გული მწყდება. გულის სიღრმეში, დიდი მოლოდინიც არ მქონდა ამის, ალბათ უფრო მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო.

- გიორგი ბარამიძემ განაცხადა, - მიშა ცამდე მართალია, 7 ნოემბრის შემდეგ ის გადადგა და არც არავინ დაშავებულაო. ამაზე რას იტყვით?

- ბარამიძეს და ყველას ერთად აღებულს რაც შეეხებათ, ისინი რეალობას მოწყვეტილები იყვნენ და არიან. არავინ დაზარალებულაო, რომ იტყვის ადამიანი, ის რეალობას აცდენილია, აბა, რა არის? შენ ხომ შენი თვალით გაქვს ნანახი, რა დღეში ვიყავით 7 ნოემბერს დაჭრილი ხალხი. ბარამიძეს უნახავს ნიკა დიდიშვილი, გიორგი თევდორაშვილი და ვახო ინასარიძე? ვახო ხომ შეეწირა 7 ნოემბერს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით? - მისმა ტრავმამ მომაკვდინებელი დაავადება გამოიწვია, ის დღეს, სამწუხაროდ, აღარ არის ჩვენთან. სამივენი სასწაუალებრივად გადავრჩით ფეხის ამპუტაციას, ნეკროზი განვითარდა, ღმერთის ნებით და ექიმების ძალისხმევით მოგვარდა ყველაფერი და ფეხები შეგვინარჩუნდა.

- როგორც მახსოვს, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მომიტინგეების მიმართ აკრძალული ტყვიები გამოიყენეს...

- ჩვენი ადვოკატი ქალბატონი ლია მუხაშავრია იყო, რომლის დახმარებითაც ჩატარდა ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ 7 ნოემბერს გამოყენებული იყო აკრძალული იარაღი - დათვებზე სანადირო დუმ-დუმის ტყვიებით დაგვჭრეს. ეს ტყვიები მსხვერპლს ტოვებს ცოცხალს, მაგრამ უმოქმედოს. არ ვიცი, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ იმ პერიოდში, რაც საავადმყოფოში ვიწექით, ჩვენზე მუქარა, ზეწოლა, თვალთვალი ჩვეულებრივი ამბავი იყო. რომ არ ყოფილიყო ამხელა რეზონანსი და თანადგომა, დარწმუნებული ვარ, დღეს ასე თამამად არ მექნებოდა ლაპარაკის საშუალება. ექიმებზე იყო ზეწოლა, რაც შეიძლებოდა მალე გავეწერეთ, რომ არ გახმაურებულიყო ფაქტი, რომ ვიღაც დაზარალდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის 7 ნოემბერი?

- 7 ნოემბერთან დაკავშირებით, რაზეც გული ყველაზე მეტად მწყდება ისაა, რომ კობა დავითაშვილი და ვახო ინასარიძე აღარ არიან ამქვეყნად. სააკაშვილი რომ ამბობს, დაზარალებულების სანახავად ვიყავი მისულიო, ვის სანახავად იყო, წარმოდგენა არ მაქვს, ჩვენთან არავინ მოსულა...