ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ტრანსპლანტაციის ცენტრი მოქმედებს, რომელიც ორგანოთა გადანერგვის უპრეცედენტო შესაძლებლობას იძლევა რეგიონში.
ამიერკავკასიის მასშტაბით მოქმედ ტრანსპლანტაციის პირველ ცენტრში, საწყის ეტაპზე, ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვის ოპერაციები ხორციელდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ძვლის ტვინისა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის პროგრამის განხორციელება.
სერვისის დასანერგად ჰოსპიტლის ბაზაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეიქმნა, სამედიცინო პერსონალი კი მსოფლიოს წამყვან ცენტრებში გადამზადდა. ორგანოთა გადანერგვა საერთაშორისო გამოცდილების მქონე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ 2 ლოკაციაზე ხორციელდება. თბილისში პაციენტებს ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ემსახურება, სადაც მიმართულებას მედიცინის დოქტორი და პროფესორი კობა შანავა ხელმძღვანელობს. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ტრანსპლანტაციის ცენტრს კახაბერ ქაშიბაძე უდგას სათავეში. ტრანსპლანტაციის პირველი ცენტრის ამოქმედება სწორედ მათს სახელს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაცია ევექსის ჰოსპიტალურ ქსელში 2014 წლიდან ხორციელდება. კომპანია პირველია ქვეყანაში, რომელმაც ღვიძლის გადანერგვის სერვისი აჭარაში, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში აამოქმედა. ამ დრომდე ბათუმში წარმატებით განხორციელდა 70-ზე მეტი ტრანსპლანტაცია. ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კი, ცენტრის ამოქმედებიდან დღემდე, 12 წარმატებული ტრანსპლანტაცია (ღვიძლისა და თირკმლის) ჩატარდა. ტრანსპლანტაციის მძლავრი ცენტრის არსებობა რეგიონში იძლევა შესაძლებლობას, პაციენტებმა დასავლური დონის სამედიცინო მომსახურება ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ.