"როდესაც კლიპი გადის მოსამართლეებზე "კლავს“, ეს რომ გაგრძელდეს, 4 წლის შემდეგ ბავშვს ეცოდინება, რომ ზოგადად, მოსამართლე კლავს" - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო სანდოძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც ტელეეთერში გასულ ვიდეორგოლს "მოსამართლე კლავს“ გამოეხმაურა.
"ჩვენ ვიხილეთ და ეს საკითხი ძალიან მაწუხებს, როდესაც კლიპი გადის მოსამართლეებზე "კლავს“. თქვენ თუ დაინტერესდებით ადვოკატების მიერ გამოთქმული მოსაზრებებით სოციალურ ქსელში, როგორ მოიხსენიებენ ამ მოსამართლეებს, რომ მათ მიიღეს ობიექტური გადაწყვეტილება, რომ მათთან სამართალი ნახეს. საქმე იმ სამ მოსამართლეს ეხება. როდის გახდა ეს სამი მოსამართლე აქტუალური? - ფაქტობრივად, მანამდე მათი გვარები საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, მხარეებისთვის რა თქმა უნდა, კი. ეს რომ გაგრძელდეს, რამდენიმე წელი ეს მოცემულობა "მოსამართლე კლავს“ კიდევ რომ იყოს, ბავშვი, რომელიც ათი წლისაა და 4 წლის შემდეგ იქნება 14 წლის, დამერწმუნეთ, ეცოდინება, რომ, ზოგადად, მოსამართლე კლავს“, - განაცხადა ნინო სანდოძემ.
ცნობისთვის, სატელევიზო ეთერში გადის ვიდეორგოლი. ვიდეორგოლში მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი სამი მოსამართლე ჩანს, მათ მიმართ კი გამოყენებულია სიტყვა "კლავს“.