ავტორი:

დასრულდა თუ არა „ცივი ომი?“ – წიგნი, რომელიც ბევრ აქტუალურ კითხვაზე გიპასუხებთ

დასრულდა თუ არა „ცივი ომი?“ – წიგნი, რომელიც ბევრ აქტუალურ კითხვაზე გიპასუხებთ

„ცივმა ომმა“ თითქმის 45 წლის მანძილზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს არის ეპოქა, რომელიც მის მიერ დატოვებული კვალის გამო არასდროს დაავიწყდება კაცობრიობას. თუმცა, ამავდროულად, ეს არის ისტორია, რომელიც უნდა იცოდეს ყველამ მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენა იქონია „ცივმა ომმა“ მის ქვეყანაზე ან პირადად მასზე. თავად „ცივი ომის“ პერიოდში ობიექტური ინფორმაციის მოპოვება ხშირად რთული იყო, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში.

მწვავე პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და სამხედრო დაპირისპირებაში ჩართული იყო, ერთი მხრივ, აშშ და დასავლეთის სხვა წამყვანი სახელმწიფოები, ხოლო, მეორე მხრივ, ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი მოკავშირეები თუ სატელიტი ქვეყნები. დაპირისპირებამ თავი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იჩინა და 90–იანი წლების დასაწყისამდე გრძელდებოდა. ტერმინი „ცივი ომი“ ეკუთვნის ამერიკელ ჟურნალისტ ჰ. სვოუპს და ფართოდ გავრცელდა უ. ლიპმანის სტატიებისა და გამოსვლების შედეგად.

„ცივი ომი“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, პერიოდულად მწვავდებოდა და უაღრესად სახიფათო მასშტაბებს იძენდა, როგორც ეს იყო, თუნდაც, კუბის კრიზისის დროს 1962 წელს. ორივე მხარე მნიშვნელოვნად ზრდიდა სამხედრო ხარჯებს, ბირთვულ არსენალსა და სამხედრო ბაზების რიცხვს. კულმინაციას მიაღწია იდეოლოგიურმა დაპირისპირებამაც. მაგრამ 1985 წლიდან საბჭოთა კავშირში დაწყებულმა და განხორციელებულმა „პერესტროიკამ“ არსებითი ცვლილებები შეიტანა „ცივი ომისა“ და, ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიაში. სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვამ და საბჭოთა ჯარების გაყვანამ ავღანეთიდან საერთაშორისო ვითარება სასიკეთოდ შეცვალა, ხოლო ბერლინის კედლის დანგრევა, კომუნისტური რეჟიმის დამხობა აღმოსავლეთ ევროპაში და იქიდან საბჭოთა ჯარების გაყვანა, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლა, მომასწავებელი გახდა ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის დასასრულისა. 1992 წლის დამდეგისათვის, როდესაც საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, უკვე აღარ არსებობდა და კომუნისტური რეჟიმი მთელ ევროპაში დაემხო, „ცივი ომის“ დიდი იდეოლოგიური დაპირისპირება ისტორიის კუთვნილება გახდა.

თუმცა ქართველი დიპლომატისა და ისტორიის მკვლევრის, ზურაბ აბაშიძის მოსაზრებით, „ცივი ომი“ არ დასრულებულა. მან სახე იცვალა და დღესაც ახალი „შტამის“ სახით გრძელდება. ზურაბ აბაშიძემ „ცივ ომს“ პირველი კვლევა 2008 წელს მიუძღვნა, რომელიც, მკითხველის დაინტერესებიდან გამომდინარე, რამდენჯერმე გადაიბეჭდა. დღეს კი უკვე მისი ავტორობით გამოჩნდა ახალი წიგნი „ცივი ომი – მოგზაურობა დღევანდელ წარსულში“.

„მე თვითონ იმ ეპოქის შვილი ვარ, რომელზეც მოვუთხრობ მკითხველს. დავიბადე მაშინ, როდესაც „ცივი ომი“ ახალი დაწყებული იყო და კარგად მახსოვს დრო, როდესაც „ცივი ომი“ დასრულებულად ჩათვალეს. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი „ცივი ომის“ ეპოქაში გავატარე. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ნაშრომია. წლების სვლასთან ერთად მსოფლიოში განვითარებული მოვლენები სულ სხვაგვარად დაგვანახებს „ცივი ომის“ პერიოდს. ამ ყველაფრის გააზრებასა და დღევანდელი ეპოქის ანალიზს იმ დასკვნამდე მივყავარ, რომ „ცივი ომი“ არ დასრულებულა. მან სახე იცვალა, როგორც ვირუსმა, და ახალი „შტამივით“ მოევლინა კაცობრიობას. ამის შესახებ წიგნში ვსაუბრობ. სწორედ ამ მოსაზრებას ეხმაურება წიგნის სახელიც. სათაური „ცივი ომი – მოგზაურობა დღევანდელ წარსულში“, ჩემი აზრით, იტევს მოსაზრებას, რომ „ცივი ომი“ წარსულიც არის და ამავდროულად ჩვენი დღევანდელობაც. ისტორია გრძელდება განსხვავებული ფორმით. ამ ყველაფრის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც „ცივი ომის“ პერიოდში არ უცხოვრიათ,“ – განმარტავს ზურაბ აბაშიძე.

ავტორი აღნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად ცდილობდა არ ყოფილიყო კონიუნქტურული და კონკრეტულ ტენდენციებს არ აჰყოლოდა. ისტორიის კვლევის პროცესში ობიექტურობის შენარჩუნება იყო მისი მთავარი მიზანი. შედეგად კი შეიქმნა წიგნი, რომელშიც ზურაბ აბაშიძე ცდილობს შემდეგ კითხვებზე გასცეს პასუხი:

  • რა იყო მიზეზი იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწრაფად დაიწყო „ცივი ომის“ დაპირისპირება?
  • როგორ იქცეოდნენ დაპირისპირებული მხარეები, რა რესურსებს იყენებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, როგორ ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას?
  • რა მოიტანა „ცივმა ომმა“, რა გამოწვევების წინაშე დააყენა მსოფლიო?
  • როგორ იცვლებოდნენ დიდი დაპირისპირების დროს თვით მისი მთავარი მონაწილეები?
  • როგორ გაჩნდა „ცივი ომის“ დასრულების ელემენტები, რა იყო მიზეზი იმისა, რომ დაპირისპირებული მხარეები ნელ–ნელა წინააღმდეგობიდან თანამშრომლობასა და მშვიდობაზე ალაპარაკდნენ?
  • რა მდგომარეობაში იყო საქართველო - საბჭოთა კავშირის ერთ–ერთი რესპუბლიკა - და როგორ მოქმედებდა „ცივი ომი“ ჩვენი ერის ცხოვრებაზე?

წიგნი, რომელიც „პალიტრა L-მა გამოსცა, ამ კითხვებს მარტივი, ყველასთვის გასაგები ენით პასუხობს. ეს არ არის ისტორიის ფაქტების მშრალი გადმოცემა. ავტორი ისტორიასთან ერთად იუმორითა და ემოციებით გადმოსცემს საკუთარი ოჯახის ისტორიებს, რაც ეპოქის დანახვასა და გააზრებაში ეხმარება მკითხველს.

წიგნის რედაქტორის, რევაზ გაჩეჩილაძის, განმარტებით, ავტორის თითოეული შეფასება არის ზომიერი და სწორი, რაც გამოცემის მთავარი ღირსებაა.

„თუ „ცივი ომის“ ისტორია გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ამ წიგნს. ბევრი სხვა წიგნისგან განსხვავებით, მკითხველისთვის ადვილად გასაგები ენითაა დაწერილი. ის დაწერა ადამიანმა, რომელიც თვითონ იყო აღწერილი პროცესების მონაწილე. მისი ყველა შეფასება არის ძალიან ზომიერი და სწორი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს. ეს არის ჩვენი ისტორია. მართალია, „ცივი ომი“ საქართველოს ნაკლებად ეხებოდა, მაგრამ ეს იყო ისტორია საბჭოთა კავშირისა, რომლის ნაწილიც საქართველოც იყო,“ – აღნიშნავს რევაზ გაჩეჩილაძე.

წიგნის „ცივი ომი – მოგზაურობა დღევანდელ წარსულში“ შეძენა შეგიძლიათ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში ან საიტზე.